Orsuli.ge - ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა?

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა?

ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ საქართველოში საკეისრო კვეთის სტატისტიკის ზრდაზე. ასეთ მოხშირებას როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები გააჩნია. ობიექტური მიზეზები, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ორსული ქალის სომატური (სხვადასხვა ორგანოების) და სამეანო პათოლოგიების მომრავლება, ამ დროს საკეისრო კვეთა უბრალოდ გარდაუვალი აუცილებლობაა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 20 წლის წინანდელი ქალი გაცილებით ჯანმრთელი იყო და გაცილებით მარტივად მშობიარობდა. თუმცა საკეისრო კვეთის მოხშირების ტენდეციაში არც თუ მცირე როლს თამაშობს ფსიქოლოგიური წინასწარგანწყობა - მშობიარობა ყველა ქალისთვის დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესთან ასოცირდება, ამიტომ ბევრი მათგანი ბავშვის გაჩენას საკეისრო კვეთის ოპერაციით ამჯობინებს, ამ დროს საკეისრო კვეთა მარტივ და უმტკივნეულო გამოსავლად გამოიყურება.

საკეისრო კვეთის ჩატარება აუცილებელია მაშინ, როდესაც არსებობს რისკები,რომ დედას და ბავშვს შეექმნება სიცოცხლის ან ჯანმრთელობის შენარჩუნების საფრთხეები. დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

საკეისრო კვეთის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეანი მშობიარობამდე (გეგმიური საკეისრო კვეთა) ან მშობიარობის პროცესში (სასწრაფო საკეისრო კვეთა) მაშინ, როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა შეუძლებელია გართულებების გარეშე ან ფიზიოლოგიურად დაწყებული მშობიარობის დროს გამოვლინდა გართულებები.

მაგრამ მშობიარობის მეთოდის არჩევისას ასევე მნიშვნელოვანია ორსული ქალის ინფორმირებული თანხმობაც, რისთვისაც საჭიროა ქალმა იცოდეს რა რისკებს შეიცავს და რა გართულებებს  წარმოშობს საკეისრო კვეთით მშობიარობა. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით გამოადგებათ ორსულებს, რომელთაც არ აქვთ ჩვენებები, უბრალოს საკუთარი სურვილის მიხედვით გადაწყვიტეს იმშობიარონ საკეისრო კვეთის საშუალებით.

მოკლედ თუ დავახასიათებთ, საკეისრო კვეთის გართულებებია: ახალშობილში ნევროლოგიური გართულებები, ხანგრძლივი პოსტ-ოპერაციული პერიოდი, ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პრობლემები, შემდგომში ფიზიოლოგიური გზით მშობიარობის შესაძლებლობის შემცირება. ასევე ორსულმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ საკეისრო კვეთის გარდა არსებობს მშობიარობასთან ასოცირებული ფსიქოლოგიური შიშის თუ დისკომფორტის დაძლევის სხვა გამოსავლები.

მშობიარობასთან ასოცირებული ტკივილი

გეგმიური საკეისრო კვეთის დროს მშობიარობამდე არ ხდება  საშვილოსნოს ყელის გახსნა და შესაბამისად ორსული ქალი არ გრძნობს სამშობიარო შეტევით გამოწვეულ ტკივილს (თუ საშვილოსნოს ყელის გახსნა დაგეგმილ თარიღზე ადრე არ დაიწყო), მაშინ როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობისას რეგულარული სამშობიარო შეტევები და ტკივილი გრძელდება 10-11 საათი.

გამოსავალი - სამშობიარო შეტევებთან ასოცირებული ტკივილის გასაყუჩებლად  ორსულ ქალს შესაძლოა გაუკეთდეს გაუტკივარება - ეპიდურული ანესთეზია.

თუმცა მშობიარობის პროცესთან ასოცირებული ტკივილი მხოლოდ  სამშობიარო შეტევებს არ უკავშირდება. საკეისრო კვეთისას მშობიარობის შემდგომ ტკივილი აღმოცენდება ოპერაციული ჩარევის შედეგებიდან - ჭრილობის შეხორცებიდან - გამომდინარე. ეს ტკივილი იმდენად ინტენსიურია პირველი 24 საათის განმავლობაში, რომ აუცილებელი ხდება ტკივილგამაყუჩებლების ინექციები და წოლითი რეჟიმი.  ეს კი ხელს უშლის ძუძუთი კვების დაწყებას და ზღუდავს მელოგინის აქტივობას, შესაბამისად კონტაქტს თავის პატარასთან, რომელსაც ასევე რთული პერიოდი აქვს და განსაკუთრებით პირველ დღეებში  სჭირდება დედასთან  კონტაქტი. შემდგომში - მე-2-3 დღეს ხდება ჭრილობიდან დრენაჟის ამოღება, მე-5-6 დღეს - კანიდან ძაფების ამოცლა - ესეც მტკივნეული პროცედურებია. თვითონ საშვილოსნოს კედლის ჭრილობის შეხორცებას და ძაფების გაწოვას 3-4 თვე მაინც სჭირდება. ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ კი ტკივილი მხოლოდ ჩახევებისა და ჩაჭრილი უბნების ჭრილობებს შეიძლება უკავშირდებოდეს, მათი შეხორცება 6-7 დღეში მთავრდება, ძაფები გაიწოვება ან ამოიღება მაქსიმუმ 40 დღეში, ტკივილი ნაკლებ ინტენსიურია და არ მოითხოვს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებას.

შესაძლო გართულებები

ისევე როგორც ყველა საოპერაციო ჩარევა, საკეისრო კვეთაც ასოცირდება სისხლის დაკარგვასთან. თუ ფიზიოლოგიური მშობიარობისას დაახლოვებით 200-250 მლ. სისხლი იკარგება, რომლის აღდგენა ორგანიზმისთვის საკმაოდ ადვილია, საკეისრო კვეთისას ეს დანაკარგი  500-1000 მლ-ს შეადგენს, ამ ოდეობის სისხლი შედარებით რთული აღსადგენია ორგანიზმისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ პარალელურად დედის ორგანიზმი საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს (მათ შორის რკინას) გადასცემს ახალშობილს ძუძუთი კვების დროს და ისედაც ორმაგი ოდენობით სჭირდება ამ ნივთიერებების მომარაგება, სისხლის აღდგენისთვის საჭირო ნაერთების მობილიზება ასეთ პირობებში კიდევ უფრო უჭირს.

გამოსავალი: საკეისრო კვეთის შემდგომ მელოგინეს უსხამენ სისხლისშემცვლელ ხსნარებს, სისხლის პლაზმას, ერითროციტულ მასას.

საკეისრო კვეთის დროს ირღვევა მუცლის ღრუს წინა კედლის მთლიანობა, მათ შორის კუნთოვანი საფარველის და შიდა ზედაპირის ამომფენი პერტონეუმის ერთიანი შენება, ოპერაციის აღდგენით პერიოდში ამ ადგილებში წარმოიქმნება ნაწიბურები, რომელიც ხელს უშლის ნაწლავების პერისტალტიკას. თუ ნაწიბუროვანი პროცესი ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს, მომავალი მშობიარობის დროს არსებობს საშვილოსნოს გახევის საშიშროება, ინტენსიური ნაწიბუროვანი პროცესის დროს კი ქალს აღენიშნება მუცლის ტკივილი, შებერილობა, ყაბზობა. მეორე ნაწიბური წარმოიქმნება კანზე გაკეთებული განაკვეთის ადგილას, რომელიც შემდგომში კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს.

გამოსავალი: საკეისრო კვეთის შემდგომ საჭიროა ნაწიბუროვან პროცესზე ხანგრძლივი ზრუნვა - დიეტა და კუჭის შეკრულობის პროფილაქტიკა, კანის ნაწიბურზე - ფიზიოპროცედურები, პლასტიკის ჩატარება.

საკეისრო კვეთის შემდგომ იზრდება როგორც საშვილოსნოს, ასევე მუცლის ღრუს ინფიცირების და ანთებითი პროცესების განვითარების რისკი. თუ ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს არც ერთი „უცხო“ სხეული (არც მეანის ხელი, არც სამედიცინო ინსტრუმენტები, არც ჰაერი) არ კონტაქტირებს პირდაპირი წესით საშვილოსნოს ღრუსთან, საკეისრო კვეთის დროს ნაყოფის ამოყვანის და მომყოლის ამოღებისთვის საჭიროა მეანის ხელით შეღწევა საშვილოსნოს ღრუში, გახსნილი მუცლის ღრუ პირდაპირ კონტაქტირებს ჰაერთან, რომლის აბსოლუტური სტერილურობის დაცვა შეუძლებელია, შესაბამისად საკეისრო კვეთის შემდგომ განსაკუთრებით იზრდება ენდომიომეტრიტის (საშვილოსნოს ანთება) და პერიტონიტის (მუცლის ღრუს ანთება) განვითარების ალბათობა.

გამოსავალი: საკეისრო კვეთის შემდგომ მელოგინეს ენიშნება ანტიბიოტიკები.  მაგრამ ამ პერიოდში შეუძლებელია მელოგინემ ძუძუთი კვებოს ბავშვი.

საკეისრო კვეთის შემდგომ საშვილოსნოს შეკუმშვა  უფრო ნელი ტემპით და ინტენსივობით მიმდინარეობს, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, რადგან ეს უკანასკნელი ნიშნავს სამშობიარო შეტევების არსებობას, რომლის დროსაც გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი - ოქსიტოცინი - ეს ჰორმონი უზრუნველყოფს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას. შემდგომში ოქსიტოცინის გამოყოფას განაპირობებს ძუძუთი კვება. საკეისრო კვეთის დროს სამშობიარო შეტევები აღარ ფიქსირდება, ძუძუთი კვება ხშირად გვიან იწყება, რაც ოქსიტოცინის დეფიციტს წარმოქმნის, შესაბამისად საშვილოსნოს შეკუმშვა და ზომაში დაპატარავება ბოლომდე ვერ ხორციელდება და ამას საშვილოსნოს სუბინვოლუცია ეწოდება.

გამოსავალი: ოქსიტოცინით მკურნალობა.

გავლენა ახალშობილზე

საკეისრო კვეთის შედეგად მიღებული ახალშობილი ძალიან სუსტია, მაშინ როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა-გამოვლილი ნაყოფი  ბრძოლისუნარიანი და კარგად ადაპტირებულია გარემოსთან. დედის საშვილოსნოდან გამოსვლა ბავშვისთვის პირველი დიდი გამოცდაა. სამშობიარო არხში გავლისას იგი "სწავლობს" დაბრკოლებების გადალახვას.

როდესაც მშობიარობა ბუნებრივი გზით მიმდინარეობს, ბავშვი აქტიურად მონაწილეობს მასში (და ეს არაა პასიური „გამოძრომის“ პროცესი. სამშობიარო არხში გავლისას მისი ფილტვებიდან გამოიწურება სანაყოფე სითხე, რაც დაბადების შემდეგ მისი ნორმალური სუნთქვის საწინდარია.  ნაყოფის თავზე სამშობიარო გზებში განხორციელებული „მოჭერა“ ნერვული სისტემის იმ უბნების აქტივაციის პირველი ნიშანია, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შემდგომში პირობითი რეფლექსების განვითარებაზე, ასევე ამით თავის ტვინში მოთავსებული ჰიპოთალამუსი იღებს პატარას იმუნური სისტემის „ჩართვის“ სიგნალს. სამშობიარო გზებში გამოვლა ნიშნავს პირველი ბაქტერიების დასახლებას და ეს ბაქტერიები (მათ შორის ნაწლავის ბიოცენოზი) დედის ბაქტერიებია, რომლის მიმართაც ახალშობილს უკვე აქვს ჯერ კიდევ საშვილოსნოს შიგნით დედისგან დაგაცემული პასიური იმუნიტეტი.

საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი  კი უფრო  პასიურია, ის ერთხანს კიდევ განიცდის ნარკოზის ზემოქმედებას (მით უმეტეს - ზოგადი ნარკოზით ჩატარებული კვეთის შემთხვევაში), ამიტომ უჭირს აქტიურ სუნთქვაზე, წოვასა და ტირილზე გადასვლა. გარემოსთან მისი შეგუება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, რადგან ერთი გარემოდან მეორეში ერთბაშად ხვდება, იმ შუალედური ეტაპის გარეშე, რომელსაც დედის სამშობიარო გზები წარმოადგენს. ასეთ ბავშვებს წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო შესაძლოა გაუჩნდეთ სისხლძარღვოვანი პრობლემები, განუვითარდეთ დისბაქტერიოზი, რადგან ნაწლავები სტერილურია და დედის ბაქტერიების მაგივრად ძირითადად სხვა ბაქტერიები დასახლდნენ.

ლაქტაცია ანუ ძუძუთი კვება

საკეისრო კვეთის შემდეგ დედა პირველ ხანებში მოკლებულია შვილთან ურთიერთობას: წოლითი რეჟიმის გამო არ შეუძლია წამოდგომა, ბავშვის ხელში დაჭერა და მასზე ზრუნვა, შესაბამისად ლაქტაციის პროცესი პირველივე დღეებში ირღვევა. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ კი დედას 6-7 საათში შეუძლია გარკვეული აქტივობების განხორციელება - იგი არ იღებს ანტიბიოტიკებს, სხვა მედიკამენტებს, ამიტომ პირველივე საათებიდან კვებავს პატარას ძუძუთი. ეს პირველი რძე, რომელსაც ხსენი ეწოდება, განსაკუთრებით მდიდარია ადვილად მოსანელებელი და მაღალკალორიული ლაქტოალბუმინებით და ცხიმოვანი ნივთიერებებით, შეიცავს სისხლის შრატს, ლეიკოციტებს და ანტისხეულებს, რაც ახალშობილში უზრუნველყოფს პასიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.

საკეისრო კვეთის შემდეგ ზოგჯერ დედას ისეთი ძლიერი ტკივილები აქვს, ძუძუს 2-3 დღე საერთოდ ვერ აწოვებს ახალშობილს, რაც  საშუალებას უკარგავს პატარას მიიღოს ხსენი, რომელიც მხოლოდ პირველ დღეებში გამოიყოფა, შემდგომში კი ზრდის მკერდში რძის შეგუბების რისკებს.

შემდგომი ორსულობა და მშობიარობა

საკეისრო კვეთის შემდგომ 2-3 წელი ორსულობა რეკომენდირებული აღარ არის. ასევე შეზღუდულია შვილოსნობა, რადგან საშვილოსნოს კუნთის რეგენერაცია დაუსრულებლად არ ხდება. ნაკეისრალ ქალს ნაწიბუროვანი საშვილოსნო რჩება. ნაწიბუროვან საშვილოსნოზე კი გართულებები გაცილებით მეტია.

ასევე შემდგომი მშობიარობის პროცესი შეიცავს მაღალ რისკებს - საშვილოსნოს გახევის, პლაცენტის ნაადრევი აშრევების, სისხლდენების განვითარების - შესაბამისად, შემდგომი მშობიარობის დროსაც საკეისრო კვეთის ოპერაციული ჩარევა ხდება აუცილებელი.


© 2015 ყველა უფლება დაცულია