Orsuli.ge - საკეისრო კვეთა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთით მშობიარობა პათოლოგიურ მშობიარობათა რიცხვს მიეკუთვნება, რადგან ფიზიოლოგიურად ითვლება მშობიარობა, რომლის დროსაც ნაყოფის და მომყოლის დაბადება ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ბუნებრივად, სამშობიარო გზების „გავლით“ ხდება, ხოლო საკეისრო კვეთის დროს ნაყოფის ამოყვანა და მომყოლის ამოღება მხოლოდ მუცლის წინა კედელზე და საშვილოსნოზე გაკეთებული ნაკვეთიდანაა (ჭრილობიდანაა) შესაძლებელი.

საკეისრო კვეთა შეიძლება აუცილებელი გახდეს როგორც მშობიარობამდე, ისე მშობიარობის დროს განვითარებული სხვადასხვა მდგომარეობების გამო, რომლებიც უკავშირდება ან დედის ან ბავშვის პრობლემებს.

სტატისტიკის მიხედვით, საკეისრო კვეთის მაჩვენებელი როგორც განვითარებულ, ისე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, საკმაოდ მაღალია (მაგ. აშშ-ში ყოველი მესამე ორსულობა საკეისრო კვეთით მთავრდება -33%, საქართველოში ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს).  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით კი, საკეისრო კვეთის ოპტიმალური დონე 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საკეისრო კვეთის მსვლელობისას იხსნება მუცლის ღრუს წინა კედელი, განაკვეთი უშირესად ბოქვენის თავზე ჰორიზონტალურად კეთდება, თუმცა თუ საჭიროა ნაყოფის სწრაფი ამოყვანა, განაკვეთი შესაძლოა ვერტიკალურადაც გაკეთდეს - ბოქვენიდან ჭიპის რგოლამდე. შემდგომ მეანი გადაწევს კუნთებს და შარდის ბუშტს,  ამის შემდეგ კეთდება განაკვეთი საშვილოსნოზე, იხსნება სანაყოფე პარკი და ამოჰყავთ ახალშობილი, ჭრიან ჭიპლარს და ბავშვს გადასცემენ ბებიაქალს. ბოლოს საშვილოსნოდან ხელით ხდება პლაცენტის ამოღება. საშვილოსნო იკერება სპეციალური ძაფით, რომელიც 3-4 თვეში გაიწოვება, ხოლო მუცლის კედლის ჭრილობა შრეობრივად იკერება. ოპერაცია, მდგომარეობის შესაბამისად, გრძელდება 20-40 წუთი. თუ ოპერაციის დროს ჩატოვებული იქნა დრენაჟი, მისი ამოღება 2-3 დღის შემდეგ ხდება, მე-5-6 დღეს ხდება კანიდან ძაფების ამოცლა.

საკეისრო კვეთა ნარკოზის ქვეშ მიმდინარეობს, დღეისათვის იყენებენ ანესთეზიის ორ სახეობას - ენდოტრაქეულს (სანარკოზე ნივთიერებების შეყვანა ხდება სასუნთქი გზების გზით ნიღბის საშუალებით) და ეპიდურულს (სანარკოზე ნივთიერებები შეყავთ ნემსის საშუალებით ზურგის ტვინის არხში). ანესთეზიის სახეობას ირჩევს ანესთეზიოლოგი ორსული ქალის მდგომარეობიდან და ხანდახან მისი სურვილიდან გამომდინარე.

ტერმინი „საკეისრო კვეთა“ ისტორიულად უკავშირდება გაიუს იულიუს კეისარის დაბადებას, რომლის გადარჩენა მშობიარე დედის სიკვდილის შემდგომ მოხერხდა მხოლოდ დედის მუცლის გაკვეთის საშუალებით, შესაძლოა ამ ფაქტიდან გამომდინარე კეისარმა პირველმა კანონის ძალით დააფუძნა რომში მშობიარე ქალის სიკვდილის შემთხვევაში ასეთი კვეთით ახალშობილებისთვის  სიცოცხლის შენარჩუნება. ცოცხალ ქალზე საკეისრო კვეთის ჩატარება მხოლოდ XIX საუკუნიდან დაიწყეს, მას შემდეგ რაც გერმანელმა ქირურგმა კერერმა 1881 წელს სამსართულიანი ნაკერით საშვილოსნოს კედლის აღდგენის მეთოდი შეიმუშავა.

არსებობს საკეისრო კვეთის აბსოლუტური და შედარებითი ჩვენებები, რომელიც განსაზღვრავს რა დროს და რა შემთხვევაშია საჭირო ამგვარი ქირურგიული ჩარევის განხორციელება:

აბსოლუტურია ჩვენება, მაშინ, როდესაც დედის და/ან ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ფიზიოლოგიური გზით მშობიარობა მაღალი რისკების შემცველი ხდება. ერთი აბსოლუტური ჩვენება საკმარისია იმისთვის, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს. დღეისთვის საკეისრო კვეთის აბსულუტური ჩვენებები უფრო ფართოვდება ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე.

საკეისრო კვეთის აბსოლუტური ჩვენებებია:

√  ნაყოფის არასწორი მდებარეობები  (ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა, ნაყოფის ტერფებით წინამდებარეობა);

√  ნაყოფისა და სამშობიარო გზების ზომათა შეუსაბამობა (ვიწრო ან დეფორმირებული მენჯი, დიდი ნაყოფი, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ნაწიბუროვანი დავიწროება, სამშობიარო გზების სიმსივნეები);

√  სასქესო ორგანოების ვარიკოზი;

√  პლაცენტის სრული წინამდებარეობა (როდესაც იგი ახშობს საშვილოსნოდან გამოსავალს) ან ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა;

√  საშვილოსნოს მოსალოდნელი ან დაწყებული გახევა;

√  ჭიპლარის მარყუჟი ან გამოვარდნა.

შედარებითი ჩვენება ისეთი კლინიკური სიტუაციაა, როდესაც ნაყოფის დაბადება ბუნებრივი მშობიარობით შესაძლებელია, მაგრამ ამით ჩნდება უფრო მაღალი რისკი, ვიდრე საკეისრო კვეთის შემდეგ მიღებული უარყოფითი შედეგებია -  ორსულს გარდა სამეანო პათოლოგიისა აქვს საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, მხედველების სისტემის და სხვა პათოლოგიები. ამ დროს ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ორი და მეტი შედარებითი ჩვენების არსებობა.

შედარებითი ჩვენებებია: 

√  დიდი ან გადამწიფებული ნაყოფი;

√  35 წელს გადაცილებული პირველმშობიარე (მათ უფრო ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლის პათოლოგიები, ენდოკრინული და გინეკოლოგიური დაავადებები, დამძიმებული ანამნეზი, ორსულობის თანმხლები დაავადებები, შეზღუდული აქვთ სამშობიარო გზების ელასტიკურობა, ყოველივე ეს კი ნაყოფის დისტრესსა და ტრავმატიზმს განაპირობებს);

√  დედის მძიმე მდგომარეობა (სამშობიარო მოქმედების ანომალიები, ორსულობის გართულებები, ექსტრაგენიტალიური დაავადებები - ტუბერკულოზი, მძიმე მიოპია, თირკმლის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე - მრავალკვანძოვანი მიომა და სხვა);

√  ნაყოფის დისტრესსინდრომი (ჟანგბადოვანი შიმშილი), ღრმა დღენაკლულობა;

√  სასქესო ორგანოების ინფექციათა გამწვავება ორსულობის ბოლო კვირას - სამშობიარო გზებში გავლისას ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს.

საკეისრო კვეთის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გეგმიურად ანუ მშობიარობის დაწყებამდე, თუ ორსულ ქალს:

◊  აქვს გამოხატული მიოპია და თვალის ფსკერზე მნიშვნელოვანი ცვლილებები (თუ მიოპია ორსულობის პერიოდშიც პროგრესირებს. ასეთ დროს გაჭინთვა არ შეიძლება, რადგან არსებობს ბადურის აცლისა და დაბრმავების დიდი ალბათობა);

◊  აქვს შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა, გულის მანკი, გულის/ფილტვის ან თირკმლის უკმარისობა ან რეზუს-კონფლიქტი;

◊  აქვს ვიწრო მენჯი, რომლის ზომები არ შეეფარდება ნაყოფის ზომებს;

◊  აქვს საშვილოსნოს ყელის მიომა, რომელიც ქმნის ნაყოფის გამოდევნისთვის მექანიკურ ბარიერს;

◊  აქვს გენიტალური ჰერპესის გამწვავება და არსებობს ახალშობილის დასნებოვნების რისკი;

◊  აქვს აივ ინფექცია (შიდსი) და არსებობს ახალშობილის დასნებოვნების რისკი;

◊  აღენიშნება მძიმე გვიანი ტოქსიკოზი - ეკლამპსია;

◊  აღენიშნება საშვილოსნოს და სამშობიარო გზების ანომალიები;

◊  აქვს საშვილოსნოზე წინა საკეისრო კვეთებიდან დატოვებული ორი ან მეტი ნაწიბური, რითიც იქმნება საშვილოსნოს გახევის რისკი;

ასევე თუ ნაყოფი:

◊  არასწორად მდებარეობს საშვილოსნოში  (გარდიგარდმო, ჯდომით);

◊  ვადაგადაცილებულია და ექოსკოპიიური კვლევით აღენიშნება ვადაგადაცილების ნიშნები;

თუ პლაცენტის:

◊  სრული წინამდებარეობაა და იგი ახშობს საშვილოსნოდან გამოსავალს.

როდესაც საკეისრო კვეთა გეგმურად ტარდება, ჩატარების თარიღს მეანი წინასწარ ადგენს და ეს ორსულობის გინეკოლოგიური 36-39-ე კვირაა.

სასწრაფო ანუ გადაუდებელი საკეისრო კვეთა ტარდება მაშინ, როდესაც ფიზიოლოგიურად დაწყებული მშობიარობის განმავლობაში ვერ ხერხდება ნაყოფის გამოძევება (წამლებით სტიმულაციის ფონზეც კი) და ამავდროულად აღინიშნება ნაყოფის მწვავე ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) ნიშნები. შესაძლო მიზეზებია:

◊  სამშობიარო  მოქმედების სისუსტე;

◊  პლაცენტის ნაადრევი აშრევება;

◊  საშვილოსნოს დაწყებული გახევა (წინა საკეისრო კვეთების ადგილზე);

◊  ჭიპლარის გამოვარდნა.

ისევე როგორც ნებისმიერ ოპერაციას, საკეისრო კვეთასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები (პლიუსები) და უარყოფითი შედეგები (მინუსები).

საკეისრო კვეთის პლიუსები:

შედარებით უსაფრთხო და უმტკივნეულო მშობიარობა იმშემთხვევებში, როდესაც ბუნებრივი მშობიარობა რისკის ქვეშ აყენებს ქალის ან ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;

საკეისრო კვეთისას საშო არ იჭიმება, არ ჩნდება ჩახევები, არ ედება ნაკერები, არ იჭიმება მყესები და მენჯის ორგანოები, არ ხდება მათი დაწევა, საშვილოსნოს ყელის გახევა, შემდგომ არ ვითარდება ბუასილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

არხდება ახალშობილის თავის ტრამვირება და დეფორმაცია

საკეისრო კვეთის მინუსები:

საშვილოსნო ზომებში ნაკლებად მცირდება - ნარკოზის შემდეგ მელოგინის ტვინი ვეღარ იღებს სიგნალს, რომ ბავშვი დაიბადა, რაც ორგანიზმში ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს და საშვილოსნო ისე ინტენსიურად არ იკუმშება, როგორც ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ;

ნარკოზიდან გამოსვლას ახლავს სირთულეები - ღებინების შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა განაპირობებს იმას, რომ მელოგინეს სჭირდება წოლითი რეჟიმი და უჭირს მაშინვე ახალშობილის მოვლა და ძუძუთი კვება;

წარმოიშვება მუცლის ღრუს ინფიცირების მაღალი ალბათობა, რის გამოც შესაძლოა დაენიშნოს მელოგინეს ანტიბიოტიკები;

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის მაღალი ალბათობა, რასაც იწვევს ორსულობის „ფიზიოლოგიური დაუმთავრებლობის“ შეგრძნება;

ქალს მთელი ცხოვრება რჩება ნაწიბური;

ახალშობილებში ნევროლოგიური, იმუნური ფუნქციის დაქვეითება, ასთმის და დიაბეტის რისკის გაზრდა, ნაწლავის ნორმალური ბიოცენოზის დარღვევა

საკეისრო კვეთის შემდგომ პირველი 24-საათის განმავლობაში საჭიროა განხორციელდეს მელოგინეზე ინტენსიური მეთვალყურეობა. მელოგინეს აძლევენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, საშვილოსნოს შეკუმშვის მასტიმულირებელ წამლებს (ფიზიოლოგიური მშობიარობისგან განსხვავებითორგანიზმში არ არის საკმარისი საშვილოსნოს შეკუმშვების მასტიმულირებელი ჰორმონის - ოქსიტოცინის კონცენტრაცია) და კუჭ-ნაწლავის მოქმედების აღმდგენ საშუალებებს (კუჭ-ნაწლავის გადავსება ხელს უშლის ჭრილობის შეხორცებას), თუ არსებობს დაინფიცირების რისკი - მელოგინეს ანტიბიოტიკებსაც უწერენ.

ამის შემდგომ მელოგინის მდგომარეობის მიხედვით ქალს ურჩევენ დოზირებულად და გადაძაბვის გარეშე განახორციელოს აქტივობები - ადგეს ლოგინიდან, აიყვანოს ახალშობილი, მოუაროს პატარას, პირველ დღეებში ახალშობილის 24-საათიანი პატრონაჟი  შესაძლოა მისთვის ძლიერი დატვირთვა აღმოჩნდეს და გამოიწვიოს ჭრილობის გახსნა და სისხლდენა. მიუხედავად ფიზიკური აქტივობის შეზღუდვისა, მელოგინეს საკეისრო კვეთის შემდგომ (თუ ის არ იღებს ანტიბიოტიკებს) ურჩევენ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი ახალშობილის ძუძუთი კვება.

საკეისრო კვეთის ადგილზე ნაწიბურის ჩამოყალიბების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესი ითხოვს ხანგრძლივ მოცდის პერიოდს შემდგომ ორსულობამდე, რეკომენდებულია 3 წლიანი შუალედის დაცვა. საკეისრო კვეთის შემდგომ საჭიროა ჭრილობის რეგენერაციის სტიმულირება სპეციალური საშუალებებით, ასეთი თერაპიის დაწყება ეფექტურია ოპერაციის ჩატარებისთანავე , რაც საშუალებას მისცემს ქალს პრობლემების გარეშე ბუნებრივად გააჩინოს შემდეგი შვილები.


© 2015 ყველა უფლება დაცულია