Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 40

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 40

ორსულობის გინეკოლოგიური მე-40 კვირა დროული მშობიარობის ვადის ბოლო პერიოდია, თუ ამ კვირაში არ დაიწყო სამშობიარო აქტივობა, შეგვიძლია ვისაუბროთ დაგვიანებულ მშობიარობაზე და ვადაგადაცილებულ ახალშობილზე. დაგვიანებულ მშობაირობასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა ნაყოფის ჰიპოქსიაა, რადგან დაბერებულ პლაცენტას უკვე უჭირს ნაყოფის ჟანგბადით ადექვატური მომარაგების უზრუნველყოფა.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-40 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 512-513 მმ, წონა - 3373-3462 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 344-346 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 97/120 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 354 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 76 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 66 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.35 სმ, სიმწიფის ხარისხი -3, ამნიონური სითხის ინდექსი -123


ეს კვირა ის ბოლო ვადაა, როდესაც ფიზიოლოგიურ მშობიარობას და დროულ ახალშობილს ველოდებით. თუმცა რადგანაც თანამედროვე მეთოდებითაც კი შეუძლებელია განაყოფიერების ზუსტი მომენტის დადგენა და ახალი ადამიანის ჩასახვის ზუსტი დროითი წერტილის დასმა, ასევე სავსებით შესაძლებელია ზოგიერთი მენსტრუალური ციკლის დროს ოვულაციის პერიოდმა მცირედ დაიგვიანოს და არ დაემთხვას მე 12-14 დღეს, მშობიარობის ზუსტი დროის პროგნოზირება შეუძლებელია და განვითარების კვირებით აღწერილი სქემაც ფარდობითია. ამიტომ ზოგიერთ ორსულობის კალენდარში შეტანილია 41-ე და 42-ე კვირებიც.

მეან-გინეკოლოგიაში დაკვირვების მთავარი „ობიექტია“ ნაყოფი, მისი განვითარების პარამეტრების აღრიცხვა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ის დროულია თუ ვადაგადაცილებული. ამ დროს პირველ რიგში აკვირდებიან ნაყოფის გულისცემას, მისი განვითარების დინამიკას და მდებარეობას. სწორედ ამიტომ წინა-სამშობიაროდ მრავალჯერადად ტარდება ექოსკოპიური კვლევა. მეან-გინეკოლოგი, დარწმუნდება თუ არა ნაყოფის სრულფასოვნად განვითარებულობაში, ორსულობის 38-40 გინეკოლოგიური კვირის ფარგლებში ელოდება ფიზიოლოგიურად სამშობიარო აქტივობის დაწყებას, რომლის „ინიციატორიც“ ნაყოფია. სწორედ ნაყოფის მიერ გამოყოფილი ჰორმონები „ამცნობს“ დედის ენდოკრინულ სისტემას, რომ საჭიროა მშობიარობის „წამოწყება“.

თუ დედის ენდოკრინული ფუნქციის დაქვეითების და სხვა ხელშემშლელი ფაქტორების შედეგად სამშობიარო აქტივობა არ იწყება, ამასთან ექოსკოპიური კვლევით ჩანს ნაყოფის ვადაგადაცილებულობის ნიშნები, მაგალითად გულისცემის შესუსტება, მეკონიუმის გამოჩენა სანაყოფე წყლებში და სხვა, იგეგმება მშობიარობის სტიმულაცია ან საკეისრო კვეთა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დღეისთვის სულ უფრო ნაკლებად ელოდებიან სამშობიარო ტკივილების თავისით დაწყებას, 21 საუკუნეში მშობიარობაც კი წინასწარ დაგეგმილი მოვლენა გახდა!

© 2015 ყველა უფლება დაცულია