Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 1

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 1

მეან-გინეკოლოგები ორსულობის ათვლას ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან იწყებენ და ამ კვირას ეწოდება ორსულობის 1 კვირა, რომლის განმავლობაშიც რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არ არის დამდგარი ორსულობა, თქვენ ჯერ ისევ მორიგი მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ, მაგრამ სწორედ ამ დროს იწყება ქალის ორგანიზმის მომზადება დედობისათვის და ასეთი ათვლით დადგენილ ყოველ ორსულობის კვირას შემდგომში ორსულობის გინეკოლოგიური ვადა ეწოდება.


თუ ორსულობას ავითვლიდით კვერცხუჯრედის უშუალოდ სპერმატოზოიდით განაყოფიერების ანუ ორსულობის „ჭეშმარიტი“ დადგომის მომენტიდან, მაშინ ვისაუბრებდით ორსულობის ემბრიონულ ვადაზე, რომელიც გინეკოლოგიურ ვადას სულ მცირე 2 კვირით ჩამორჩება. თუმცა, რადგანაც 21 საუკუნეშიც კი კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის „შეერთების“ ზუსტი მომენტის დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია, ექიმები კვლავ ათვლის დასაწყებად იმ „თვალსაჩინო წერტილს“ იყენებენ, როდესაც ადგილი აქვს მენტრუალური სისხლდენის დაწყებას.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიური 1 კვირის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ერთდროულად მოიცავს ორ პროცესს: ერთის მხრივ სისხლდენის საშუალებით წინა ციკლის დროს გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი გამოიდევნება; მეორეს მხრივ საკვერცხეებში ახალი კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესი იწყება, რომელსაც უკვე შემდეგ კვირაში „მიეცემა შანსი“ განაყოფიერდეს და „საფუძველი ჩაუყაროს“ ორსულობის პროცესს.

სწორედ ამისთვის ქალის ერთ-ერთ საკვერცხეში მწიფდება ფოლიკული და მასში მოთავსებული სასქესო გამეტა - კვერცხუჯრედი, რომელიც მომავალი ბავშვისთვის დედისგან გადასაცემ ნახევარ გენეტიკურ ინფორმაციას - 23 ქრომოსომას - შეიცავს, მათ შორისაა დედის ერთ-ერთი X ქრომოსომაც.

ქალის სასქესო ორგანოებში მიმდინარე ყველა ეს პროცესი კონტროლდება თავის ტვინში არსებული სპეციალური სტრუქტურების - ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის - მიერ, რომლებიც ამისთვის გამოყოფენ სპეციალურ ნივთიერებებს - ჰორმონებს. საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფება იწყება ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ე.წ ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის ზეგავლენით.

ფოლიკული წარმოადგენს სითხით ავსებულ ბუშტუკს, რომლის კედლებიც ორშრიანია - შიდა აქტიური უჯრედებისგან შემდგარი შრე გამოიმუშავებს ქალის სასქესო ჰორმონს - ესტროგენს, გარეთა შემაერთებელი ქსოვილით წარმოქმნილი შრე იცავს მის შიგთავსს - სითხეში მოტივტივე კვერცხუჯრედს და მის საკვებ ნივთიერებებს. ფოლიკულის მომწიფება გამოიხატება მის ზომაში ზრდაში, რასაც თან ახლავს აქტიური უჯრედების რაოდენობის და შესაბამისად მათ მიერ გამომუშავებული ესტროგენის სისხლში კონცენტრაციის ზრდა. როდესაც ესტროგენის რაოდენობა მიაღწევს გარკვეულ ნიშნულს, ეს ქალის ორგანიზმისთვის სიგნალია, რომ მენსტრუალური სისხლდენა უნდა შეწყდეს და საშვილოსნოს ლორწოვანი (რომელიც მენსტრუაციის დროს ჩამოიფცქვნა და გამოიდევნა სისხლთან ერთად) უნდა აღდგეს, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა შემდგომში სრულფასოვნად მიიმაგროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი.

როდესაც გოგონა იბადება, მას საკვერცხეებში უკვე აქვს კვერცხუჯრედების განსაზღვრული (დაახლ 300 ათასი) ოდენობა, რომლებიც სქესობრივი მომწიფების მომენტიდან „მორიგეობით“ მწიფდება. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ერთდროულად მომწიფდეს ორი ან მეტი ფოლიკული, თუ მათი განაყოფიერება ერთდროულად მოხდა, დადგება ე.წ მრავალნაყოფიანი ორსულობა.

სუბიექტური შეგრძნებებიდან ქალს ამ პერიოდში აქვს ჩვეულებრივი „მენსტრუალური“ სიმპტომატიკა: გაღიზიანებადობა, ძილიანობა, სისუსტე (რაც ესტროგენის სიმცირესთანაა ბმაში), „დაქაჩვის“ შეგრძნება, შესაძლოა ტკივილიც მუცლის არეში (რაც საშვილოსნოს კედლების შეკუმშვას უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც გამოიდევნება სისხლი და ჩამოფცქვნილი „ძველი“ ლორწოვანი).

მენსტრუალური სისხლდენა 4-7 დღე გრძელდება, სისხლდენის შემცირებასთან ერთად იხსნება უსიამოვნო შეგრძნებები და უმჯობესდება განწყობა, თითქოს ქალის ორგანიზმს უკვე ახალი სამოქმედო გეგმა აქვს შედგენილი მომავალი ორსულობისთვის.

© 2015 ყველა უფლება დაცულია