Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 39

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 39

ორსულობის გინეკოლოგიური 39-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი „სრულ მზადყოფნაშია“ და ელოდება სამშობიარო აქტივობების დაწყებას, ის რათქმაუნდა განაგრძობს კვებას და ცხოველქმედებას, ამიტომ იმატებს წონაში, გადააბიჯებს 3-კილოგრამოვან მარკერს, მისი სიგრძე 50 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. შეიმჩნევა ნაყოფის ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერება, რაც მის ნაწლავებში დაგროვილ პირველად განავალს - მეკონიუმს - სწორი ნაწლავისკენ გამოდევნის. ახლა ძირითადი ცვლილებები დედის ორგანიზმში მიმდინარეობს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-39 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 502-507მმ, წონა - 3170-3289 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 335-340 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 95/119 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 345 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 75 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 65 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.38 სმ, სიმწიფის ხარისხი -2-3, ამნიონური სითხის ინდექსი -127


ამ ვადაზე ორსულობა გადადის წინა-სამშობიარო პროცესში, ამიტომ ნაყოფი მხოლოდ ანთროპომეტრულად იზრდება, თანაც ზრდის ტემპი ძალიან დუნეა, მას ერთგვარი „მორატორიუმი“ აქვს გამოცხადებული დაბადებამდე საკუთარი განვითარების მიმართულებით.

ნაყოფის თავი უკვე მენჯის ღრუს ზედა ნაწილშია „ჩამოსული“, შესაბამისად დედის მუცლის კონუსური მოყვანილობა იცვლება მსხლისებურით ანუ მუცელი „დაიწევს დაბლა“. ნაყოფი თითქმის წყვეტს მოძრაობით აქტივობას, კიდურებით ტანზე მიბჯენილი „გატრუნულია“ თავის წინა-სამშობიარო პოზაში.

ამ კვირის ბოლოსთვის იწყება ნაყოფის ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერება, რაც ხელს უწყობს მასში დაგროვილი პირველადი განავლის - მეკონიუმის - გამოდევნას სწორი ნაწლავისკენ. ნორმაში მეკონიუმი უნდა გამოიყოს მშობიარობის შემდგომ, დაბადებისთანავე, რათა ნაწლავები „დაიცალოს“ და „გათავისუფლდეს“ ახალ გარემოში ახალი საკვების (დედის რძის) მიღებისა და გადამუშავებისთვის, თუმცა თუ მშობიარობა არ დაიწყო დროულად, მეკონიუმი შესაძლოა საშვილოსნოს ღრუშიც გამოიყოს და ეს ერთ-ერთი ნიშანია მშობიარობის ვადაგადაცილების.

ამ კვირაში ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ცვლილებების მთელი კასკადი, რაც სამშობიარო აქტივობის განხორციელებისთვის მზადებასთანაა დაკავშირებული, ნაყოფის ენდოკრინული სისტემა თავისი ჰორმონებით „ჩართავს“ დედის ჰორმონულ სისტემას, ამიტომ როდესაც ისმება კითხვა - ვინ არის მშობიარობის ინიციატორი, ვინ იძლევა სამშობიარო პროცესის გამშვებ პირველ სიგნალს? - პასუხი ცალსახაა - ნაყოფი.

© 2015 ყველა უფლება დაცულია