Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 33

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 33

ორსულობის გინეკოლოგიური 33-ე კვირის ბოლოსთვის ნაყოფი უკვე ორ კილოგრამამდე წონისაა. ის თავით ქვემოთაა „ჩაკიდებული“ საშვილოსნოს ყელისკენ, შუბლის არეში უვითარდება ე.წ. შუბლის ბორცვები, რომლებიც შემდგომ ეხმარება მშობიარობის პროცესში. ნაყოფის ძვლებში, გარდა მცირედი მონაკვეთებისა, აქტიურად ლაგდება კალციუმი. ნაყოფის სიმწიფე საშუალებას იძლევა დაბადების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლოს სუნთქვა და კვება. მისი თირკმელები უკვე სრულყოფილად ფილტრავს სისხლს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-33 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 436-437 მმ, წონა - 1980-2088 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 304-311 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 84/107 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 290-296 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 63-65 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 58 მმ.

პლაცენტის სისქე - 3.30 სმ, სიმწიფის ხარისხი -1, ამნიონური სითხის ინდექსი -143


ნაყოფი ამ კვირის ბოლოდან ორ კილოგრამზე მეტი წონის იქნება, ის იზრდება „თვალსა და ხელს შორის“. მისი კუნთოვანი მასა იმატებს მოცულობაში, ხრტილები იზრდება სისქეში, სახსრებში ფორმირდება სასახსრე სითხე, ვითარდება სისხლძარღვების კედლის კუნთოვანი შრეც, რას საშუალებას აძლევს ნაყოფს ორგანიზმის კონკრეტულ უბანში ლოკალურად გააძლიეროს ან შეასუსტოს სისხლის მიწოდება.

განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს ძვლების კალციფიკაცია ანუ მათში კალციუმის, ფოსფორის ჩალაგება, აქამდე თუ ეს მინერალური ნივთიერებები „უბან-უბან“ იყო კონცენტრირებული, ახლა ძვლების მთელ გაყოლებაზე ექოსკოპიური კვლევისას ჩანს ერთგვაროვანი მკვრივი სურათი. ასევე ძვლების გაყოლებაზე ჩნდება მყესების მიმაგრებისთვის განკუთვნილი ბორცვები და ჩანაჭდევები, ეს „გამოჩენაც“ ამ უბნების კალციფიკაციას უკავშირდება. ყველაზე „სახასიათო“ ამ კვირისთვის ნაყოფის თავზე ე.წ. შუბლის ბორცვების გამოჩენაა. ეს ორი მკვეთრად კალციფიცირებული უბანი ეხმარება ნაყოფს მშობიარობის პროცესში გადანახოს დედის სასქესო გზების „წინააღმდეგობა“ და გააფართოვოს თავისი გამოსასვლელი გზა.

თუმცა ნაყოფის თავზე რჩება თავის ქალის ძვლების მცირე უბნები, რომლებსაც შემდეგ ყიფლიბანდები ეწოდება, რომლებიც კალციფიკაციას არ განიცდიან. მშობიარობის დროს ნაყოფის თავს „მძიმე გამოცდა“ ელოდება წინ, ის უნდა „გამოეტიოს“ დედის საშოში. ამიტომ თავის ქალის ეს უბნები ინარჩუნებენ დრეკადობას, რომ საჭიროების შემთხვევაში პატარას თავის ქალას შეკუმშვის მცირე შესაძლებლობა მიეცეს და დაცული იყოს მთლიანი ქალა ტრამვული დაზიანებისაგან.

ნაყოფი კვლავ თავით ქვემოთ პოზაში იმყოფება, ამ პოზას ის აღარ შეიცვლის დაბადებამდე. მისი ფუნქციური მზაობა საშუალებას იძლევა დაბადებისას დამოუკიდებლად შეძლოს სუნთქვა და კვება, თუმცა ჯერ კიდევ დღენაკლულობის ნიშნებია სახეზე - ფრჩხილები ბოლომდე არაა ჩამოსული თითებზე, ყურის ნიჟარების ხრტილი არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული, ტერფების „მოხაზულობა“ არაა სრულყოფილად განვითარებული.

© 2015 ყველა უფლება დაცულია