Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 28

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 28

ორსულობის გინეკოლოგიური 28-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი სულ უფრო დიდხანსაა თავით საშვილოსნოს ყელისკენ, ეს მისი „საყვარელი“ პოზა ხდება. ნაყოფის გუგის მემბრანა გაიწოვება, ახლა მას შეუძლია პირდაპირ მიმართული სინათლის ხედვაც. ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვლები იწყებენ ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც ფილტვის ქსოვილში სურფაქტანტის დაგროვების ტემპს კიდევ უფრო აჩქარებს. ნაყოფი განაგრძობს საკუთარ ზრდა-განვითარებას ჩვეულ რეჟიმში, მას უკვე „დაგროვილი“ აქვს თავისი პირველი 1 კილოგრამი წონა.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-28 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 372-376 მმ, წონა - 1005-1100 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 262-265 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 73/91 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 240-241 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 54-55 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 49 მმ.

პლაცენტის სისქე - 2.88 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -146

 


ორსულობის ამ ვადიდან ნაყოფის საშვილოსნოსშიდა მდებარეობაში გამოიკვეთება ის პოზა, რომელშიც იგი უნდა მოევლინოს ქვეყანას. პატარა უფრო ხშირად თავით ქვემოთკენ მიმართულ მდგომარეობას ირჩევს, მას უკვე ამ პოზაში ძინავს ხოლმე, ამ დროს დუნდულები და ფეხები ებჯინება საშვილოსნოს გუმბათს და ხშირად ორსული ნაყოფის დარტყმებს შიგნით, მუცლის ღრუშიც აღიქვამს. თუმცა თუ შემდგომ ნაყოფის ეს პოზა ნორმალური განვითარების დროს მუდმივი ხდება, ახლა პატარა კვლავ განაგრძობს მოძრაობას, ექოსკოპიურ კვლევაზე შეგვიძლია დავინახოთ ის თავით ზემოთაც და გარდი-გარდმოც, ჯერ ეს დარღვევად არ კონსტატირდება.

ნაყოფის თვალის აგებულებაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება, მისი თვალის გუგა აქამდე არ წარმოადგენდა ღია არხს, რაც შემდგომში საჭიროა პირდაპირი სინათლის აღსაქმელად, ის დაფარული იყო დამცავი მემბრანით, ამ ვადიდან კი მემბრანა გაიწოვება და პატარას უკვე შეუძლია პირდაპირ მიმართული სინათლის წყაროს ხედვა, ამ წყაროს ინტენსივობიდან გამომდინარე გუგა ხან შევიწროვდება (როცა მაღალია ინტენსივობა), ხან გაფართოვდება (დაბალი ინტენსივობის დროს). რათქმაუნდა ეს ფუნქცია პატარას მხოლოდ დაბადების შემდგომ „გამოადგება“, მაგრამ უკვე საშვილოსნოს შიგნითაც მისთვის მაღალი ინსოლაცია აღარაა ძლიერი დისკომფორტის წყარო.

ამ კვირაში ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვალი იწყებს ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის ფილტვის ქსოვილის ამომფენი ნივთიერების - სურფაქტანტის - სინთეზს და დაგროვებას. ფილტვის ქსოვილი პატარ-პატარა ბუშტის მსგავსი ალვეოლებისგან შედგება, რომლებიც ბრონქების ბოლოებშია განლაგებული. როდესაც ადამიანი სუნთქავს, ალვეოლები ივსება ჰაერით, მის გარშემო „შემოკრული“ სისხლძარღვები ამ ჰაერიდან შეიწოვენ ჟანგბადს და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. ალვეოლები ყოველთვის „გაბერილ“ მდგომარეობაში უნდა იყოს, ამას კი უზრუნველყოფს სურფაქტანტი, ის ამოფენს ალვეოლებს შიგნით და არ აძლევს საშუალებას ალვეოლის წებოვან კედლებს ერთმანეთს შეეწებოს და ჩაიჩუტოს. სურფაქტანტის უკმარისობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა დღენაკლი ახალშობილებისთვის, ამიტომ ხშირად ნაადრევად მოვლენილ პატარებს ხელოვნურად აძლევენ „დეფიციტურ“ სურფაქტანტს, რათა დაეხმარონ დამოუკიდებელი სუნთქვის ჩამოყალიბებაში.

© 2015 ყველა უფლება დაცულია