Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 27

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 27

ორსულობის გინეკოლოგიური 27-ე კვირის განმავლობაში იმ უნარების „გამყარება“ ხდება, რომლებიც მთელი საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდში „შეისწავლა“ პატარამ: ის ცდილობს მეტად დამოუკიდებელი იყოს - მხოლოდ საკუთარი ჰორმონებით არეგულიროს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, ნივთიერებათა ცვლის დამოუკიდებელი სქემები გამოიმუშავოს, როგორც იტყვიან პატარა საკუთარ „ბიოქიმიურ გეგმას“ შეიმუშავებს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-27 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 355-366 მმ, წონა - 875-1000 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 252-254 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 69/88 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 227-229 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 52-53 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 47 მმ.

პლაცენტის სისქე - 2.79 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -146


ამ ვადაზე ნაყოფის ენდოკრინული სისტემა სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას - ჰიპოფიზში გამომუშავდება ზრდის ჰორმონი, ის არეგულირებს ნაყოფის სხეულის ზრდას; კუჭქვეშა ჯირკვალში გამომუშავდება საკმარისი ინსულინი, რომლითაც ნაყოფი საკუთარ ნახშირწლოვან ცვლას წარმართავს; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებენ პატარას გონებრივ განვითარებას, გულის, სასუნთქი სისტემების მუშაობას, ძილის და ღვიძილის პერიოდების მონაცვლეობას; სასქესო ჰორმონების „აქტივობები“ წინა კვირიდან უკვე წარმართავენ ნაყოფისთვის სქესის სახასიათო ნიშნების ჩამოყალიბებას (და არა მარტო სასქესო ორგანოების კუთხით); ამ ეტაპზე დედის ჰორმონების გავლენა თითქმის აღარ გვხვდება, ამით დაცული ხდება პატარა პირველ რიგში დედის სასქესო ჰორმონების ჭარბი გავლენისგან, მეორეს მხრივ ქრონიკული მდგომარეობით (დედის შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) გამოწვეული ჰორმონების მომატებული რაოდენობის ან მათი დეფიციტის შედეგად განვითარებული პათოლოგიებისგან.

ორულობის ამ კვირიდან ნაყოფს აქვს ნივთიერებათა ცვლის ინდივიდუალური ტემპი, რომელიც არ ჰგავს და არაა დაკავშირებული დედის ნივთიერებათა ცვლასთან. ექიმები ხუმრობენ, რომ პატარა ამ ვადიდან ბიოქიმიკოსი ხდება, საკუთარ „ბიოქიმიურ ლაბორატორიას“ აწყობს. დედისგან მოსული ყველა საკვებ ნივთიერებას ნაყოფი ჯერ ბოლომდე შლის და შემდგომ აწყობს ახალ ნივთიერებებს პრინციპით - როცა მას უნდა და როგორიც მას სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ცილების სინთეზი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილების შესაბამისად მიმდინარეობს, პატარა აღარ ხმარობს დედის „მზა“ ცილებს, ის თვითონ აწყობს მათ, თან ისეთი კონფიგურაციით, როგორც მხოლოდ მის გენეტიკურ აპარატშია ჩაწერილი (უჯრედებში ცილოვანი ნაერთების აწყობა ხდება ბირთვიდან მოტანილ მატრიცაზე ანუ ყალიბზე, რომელზეც ჩალაგდება ჯაჭვის სახით ამინომჟავები - ასე „აიკინძება“ ცილა). ეს ეხება ცხიმოვან და ნახშირწლოვან ცვლასაც, ცხიმების ჩალაგება, მათი დაშლა ნახშირწყლებად და შემდგომ ენერგეტიკულ რესურსებად -ატფ-ად - მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილების შესაბამისად ხდება.

გესტაციის ამ ვადაზე დაბადებული დღენაკლი ახალშობილი გარეგნულად ჩვეულებრივ ახალშობილს ჰგავს, მხოლოდ უფრო პატარაა ანთროპომეტრული მაჩვენებლებით ანუ „ზომებით“. საშვილოსნოს შიგნით ის სუნთქვით მოძრაობებს ასრულებს წუთში 40-ჯერ, გულის ცემის სიხშირე კი 140-160 დარტყმა/წუთში აქვს. სანაყოფე წყლების რაოდენობა აღარ იზრდება, მაგრამ საშვილოსნოსშიდა სივრცე ჯერ კიდევ აძლევს პატარას საშუალებას შეიცვალოს ადგილმდებარეობა და პოზა.

© 2015 ყველა უფლება დაცულია