Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 21

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 21

ორსულობის გინეკოლოგიური მე-20 კვირა ნაყოფის განვითარების ერთგვარი ეტაპის დასასრულად მოიაზრება, ამ ვადაზე ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესი დამთვარებულად შესაძლოა ჩაითვალოს, უფრო მეტიც - ამ ეტაპიდან ნაყოფი სიცოცხლისუნარიან დამოუკიდებელ არსებად მოიხსენიება, რადგან მას ამისთვის ყველა ორგანო და ფუნქცია აქვს. მაგრამ დაბადებამდე მას კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რადგან ის ჯერ კიდევ მყიფეა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ის უნდა გაიზარდოს და აქამდე შეძენილი ფუნქციური უნარები გაიმყაროს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-21 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 259-267 მმ, წონა - 360-420 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 181-187 მმ., თავის ბიპარიეტალური ზომა/შუბლ-კეფის ზომა - 51/66 მმ, 

მუცლის გარშემოწერილობა 157-164 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 36-37 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 33 მმ.

პლაცენტის სისქე - 2.28 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -143

 


ორსულობის ამ ვადაზე ნაყოფი უკვე თითქმის ორჯერ მეტ საკვებ ნივთიერებებს მოიხმარს, ვიდრე დაახლოვებით ორი თვის წინ. მას ყველაზე მეტად სჭირდება ცილები, რადგან ყველა ორგანოს და კუნთის ზრდის პროცესი იწყება ე.წ. პირველადი კარკასის შექმნით, ეს პირველადი კარკასი კი მხოლოდ ცილებისგან შენდება, მაგალითად ძვლის ზრდის დროს ჯერ იქმნება ცილების ხარიხები, შემდეგ მასში ლაგდება კალციუმი, კუნთების ზრდა გამოიხატება ცილოვანი წარმოშობის კუნთოვანი ბოჭკოების სიგრძეში და/ან რაოდენობაში ზრდაში, ორგანოების ზრდისთვის საჭიროა მათი უჯრედების გამრავლება, უჯრედების დაყოფა კი ცილებით მონაწილეობით და ცილების, როგორც ძირითადი სამშენებლო მასალის, მეშვეობით ხდება. ნაყოფს კიდევ უფრო მეტი ნახშირწყალი სჭირდება, რადგან ეს ნაერთები მისთვის ენერგიის წყაროა, მათი დაშლის შედეგად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმის მთავარი „საწვავი“ ნივთიერება - ატფ. ნაყოფს ცხიმოვანი ნაერთები სჭირდება საკუთარი მარაგების შესაქმნელად. ცხიმების დაშლის შედეგად მიღებული ნახშირყლები შემდგომში დაშლას განიცდიან და მიიღება ატფ. მეცნიერებმა ხუმრობით ნახშირყლებს ორგანიზმის „ბენზინი“ შეარქვეს, ცხიმებს კი „ნახშირი“. გარდა ამისა, ნაყოფს ყველა სახეობის ვიტამინი და მინერალური ნივთიერება სჭირდება, ამიტომ იმატებს ორსულის მადა და მას სულ ახალ-ახალი, მრავალფეროვანი საკვები უნდება.

ნაყოფის მოძრაობა უფრო თავისუფალი ხდება მეტი კოორდინირებულობის გამო ანუ პატარას ერთდროულად რამოდენიმე განსხვავებული მოძრაობის შესრულება შეუძლია, მაგალითად თუ აქამდე ის ორივე ხელს მხოლოდ ერთ მხარეს ამოძრავებდა, ახლა შეუშლია სხვადასხვა მხარეს მიმართული მოძრაობების ერთდროული შესრულება. კვლევები ცხადყოფს, რომ მას ამ ვადაზე მემარჯვენეობა/მემარცხენეობაც კი ეტყობა, რადგან თუ მომავალი ბავშვი ცაციაა, ის ჭიპლართან თამაშის, პირში თითის ჩადების და სხვა მოძრაობების დროს უპირატესად მარცხენა ხელს იყენებს.

ნაყოფს შეუძლია სხეულის ყველა ნაწილი ამოძრაოს, ხრის და შლის თავს ყველა მიმართულებით, ხერხემლის დასრულებული აღნაგობის შედეგად მას ტანის ყველა ის მოძრაობა შეუძლია შეასრულოს, რაც მოზრდილ ადამიანს ძალუძს, კიდურების ყველა სახსარში მოხრა-გაშლიდან თითების პატარა სახსრებში დიფერენცირებული მოძრაობებით დამთავრებული მოძრაობების განვითარება ასაკობრივი შესაძლებლობების მაქსიმუმს უახლოვდება.

ნაყოფს მისი გარს „შემოკრული“ სამყარო ჯერ არ „ეპატარავება“, საშვილოსნოს ღრუს მოცულობის 1/3 ამოვსებულია სანაყოფე წყლებით, სადაც პატარა თავისუფლად გადაადგილდება, ის თავით ხან მენჯის ღრუსკენ პოზაშია (როგორც შემდგომში მას დაახასიათებენ - თავით ქვემოთაა), ხან თავი საშვილოსნოს გუმბათისკენ აქვს მიმართული, ხანდახან კი გარდი-გარდმო წევს. ყველა ამ პოზაში შეუძლია ნაყოფს ძილი.

ნაყოფის აქტივობის პერიოდები დღე-ღამეში 10-დან 15-მდე ეპიზოდს ითვლის, რომელთანაც მონაცვლეობს ღრმა ძილის ეპიზოდები. ე.წ. ღვიძილის პერიოდების დროს იმატებს გულის რითმი და მოძრაობების ამპლიტუდა, ძილის დროს კი გულის რითმი 10-20-მდე დარტყმით იშვიათდება, ნაყოფი წყვეტს მოძრაობით აქტივობას და ერთ პოზაში „გაიყუჩება“. ნორმის ფარგლებში ძილის საერთო ხანგრძლივობა დღე-ღამის მანძილზე 18 საათს შეადგენს.

პლაცენტა აგრძელებს მომწიფების პროცესს, ის იზრდება სისქეში და ამ ვადაზე 22.81 სმ-ს შეადგენს, თუმცა ჯერ მისი სიმწიფის ხარისხი კვლავ 0-ის ტოლია.

© 2015 ყველა უფლება დაცულია