Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 19

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 19

ორსულობის გინეკოლოგიური მე-19 კვირა ნაყოფის სტრუქტურული სრულყოფის ბოლო კვირაა, ამ დროს მთავრდება ცალკეული ორგანოების ჩამოყალიბება, გარკვეული უჯრედების დიფერენცირება და შეგვიძლია ვიხმაროთ ფრაზა - წარმოიქმნა სხეულის ესა თუ ის ნაწილი. ამ კვირაში მთავრდება გრძნობის ორგანოების რეცეპტორების დიფერენცირება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაყოფს აქვს ყველა - მხედველობა, სმენა, შეხება, გემო და სუნი - შეგრძნება. ნაყოფის კანს აღარ აქვს ნაოჭები, იგი ცხიმოვანი ქსოვილის სწორი გადანაწილების გამო მთელ სხეულზე გადასწორდება, აღარ ჩანს კანქვეშა სისხლძარღვები. ნაყოფის ენდოკრინული სისტემა ყველა ჰორმონის პროდუქციისთვის მზადაა. ნაყოფის იმუნური და სისხლმბადი ფუნქციების მქონე ორგანოებიდან კიდევ ერთი და „ბოლო“ ორგანო ყალიბდება - ეს ელენთაა.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-19 კვირას მესამე სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების დროა (თუ ეს კვლევა ჯერ არ ჩატარებულა).

ორსულობის გინეკოლოგიური მე-19 კვირის ბოლოს ნაყოფის ანთროპომეტრული მაჩვენებლებია:

მთლიანი სიგრძე 202-221 მმ, წონა - 240-270 გრ.,

თავის გარშემოწერილობა - 158-162 მმ., თავის ბიპარიეტალური დიამეტრი/შუბლ-კეფის დიამეტრი - 45/58 მმ,

მუცლის გარშემოწერილობა 134-141 მმ.,

ბარძაყის ძვლის სიგრძე - 30 მმ., მხრის ძვლის სიგრძე - 27 მმ.

პლაცენტის სისქე - 2.16 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -137


ამ ვადაზე ნაყოფის ორგანიზმში მთავრდება სტრუქტურული „რევოლუცია“ - ყალიბდება სხეულის აგებულების „ბოლო პაზლები“ - ორგანოები და ქსოვილები, რომლებიც სულ სხვა ფუნქციით გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე წარმოქმნამდე ასრულებდა მათი წინამორბედი ქსოვილი. ქსოვილების ნაწილი ამისთვის შესაძლოა სრულიად ცალკე გამოეყოს წარმომშობ ორგანოს და დამოუკიდებლად გააგრძელოს ფუნქციონირება, ამისთვის მას დამოუკიდებელი სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა სჭირდება, ამიტომ ახალი ორგანოს ჩამოყალიბების პროცესი მხოლოდ ქსოვილის პატარა ნაწილის „დამოუკიდებლობა“ როდია, ეს მთელი ახლომდებარე სივრცის გადაწყობის პროცესია.

ამ კვირაში ბოლო ასეთი რევოლუციური ცვლილება ელენთის წარმოქმნაა. ელენთა მუცლის ღრუს კენტი ორგანოა და ჩამოყალიბების შემდგომ სწრაფადვე იწყებს ფუნქციონირებას - აქ წარმოიქმნება სისხლის უჯრედები. ელენთაში წარმოშობილი ერითროციტები ადამიანის სისხლის თითქმის ნახევარს შეადგენს ანუ ელენთამდე არსებული ერითროციტების დეფიციტი ამ ვადიდან კომპენსირდება. ელენთაში წარმოიქმნება იმუნური სისტემის მთავარი უჯრედები - ლიმფოციტები. სწორედ ეს უჯრედები ამოიცნობენ მათ „გზაზე შემხვედრი“ უჯრედი უცხო ანტიგენური შემადგენლობისაა, თუ საკუთარია. „უცხოს“ აღმოჩენის შემდეგ „გადაიწერენ“ მის ანტიგენურ ინფორმაციას და მიაქვთ იმუნურ ორგანოებში, რათა იქ ადექვატური პასუხი გენერირდეს - წარმოიქმნას „კილერი“ ლიმფოციტები შესაბამისი ანტისხეულებით.

ნაყოფის კანქვეშა ცხიმოვანი შრე განვითარების ბოლო საფეხურზეა, მისი ჩალაგების შედეგად კანი იჭიმება, აღარაა დანაოჭებული, აღარ ჩანს კანქვეშა სისხლძარღვების განტოტებები, ამის გამო კანის ვარდისფერი ფერი იცვლება მოთეთრო-რძისფერით, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა იწყება კისრის არიდან და მთავრდებაკიდურებით.

ამ კვირას მთავრდება გრძნობითი ორგანოების სისტემის ჩამოყალიბება, ამ სისტემის ყველა მთავარი ორგანო დიფერენცირებულია და მუშაობს: თვალები თავის ჩვეულ ანატომიურ ადგილზეა, აქვს ბადურა, ბროლი და ფერადი გარსი, განვითარებულია ყურის სამივე განყოფილება - გარეთა, შუა და შიგნითა ყური, თავისი სმენის და ვესტიბულური აპარატით, გემოვნების რეცეპტორები ჯგუფების მიხედვით (ტკბილის, მწარეს, მლაშეს და სხვ) განლაგებულია ენაზე, ცხვირში მოთავსებულია ყნოსვის რეცეპტორები, კანის მთელ საფარველზე განთავსებულია შეხების სხვადასხვა რეცეპტორი, რომლებიც აღიქვამენ შემხები საგნის ტემპერატურას, ზედაპირის რელიეფს, დაწოლის სიძლიერეს და საგნის მოცულობით მონახაზს.

© 2015 ყველა უფლება დაცულია