Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 16

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 16

ორსულობის გინეკოლოგიური მე-16 კვირის განმავლობაში ნაყოფი იზრდება და „მწიფდება“, მას უვითარდება წვრილი მოტორიკა ანუ სახის მიმიკური კუნთების, ხერხემლის მალთაშუა კუნთების, ხელის მტევნისა და ფეხის ტერფის პატარ-პატარა კუნთების შეკუმშვები. აღბეჭდილია პირველად როგორ იღიმება ნაყოფი სწორედ ამ ვადაზე, როგორ ახამხამებს სინქრონულად თვალებს, როგორ შეიჭმუხნის სახეს და როგორ იღებს ნაღვლიან ე.წ. „არლეკინისებრ“ გამომეტყველებას. ნაყოფს თავი აღარ აქვს ჩამოკიდებული და მიბჯენილი მკერდთან, ის უკვე მაღლა წევს თავს, ასევე ხრის და შლის ტანს. ნაყოფს უკვე პერიოდულად „ღვიძავს“ და „ძინავს“.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-16 კვირის ბოლოსთვის

ნაყოფის სიგრძე 116-164 მმ-დეა, წონა კი 100-118 გრ.,

თავის ბიპარიეტალური ზომა - 34-35 მმ., თავის გარშემოწერილობა -124 მმ., მუცლის გარშემოწერილობა - 102-105 მმ. 

პლაცენტის სისქე - 1,85 სმ, სიმწიფის ხარისხი -0, ამნიონური სითხის ინდექსი -121


ამ ვადაზე ნაყოფის მსხვილი მოტორიკა ანუ ხელის და ფეხების „მსხვილი“ კუნთები უკვე განვითარებულია, შესაბამისად ძირითადი მოძრაობები ათვისებულია. ახლა იწყება წვრილი მოტორიკის - ნატიფ, მცირე ამპლიტუდის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან მოძრაობებზე პასუხისმგებელი, მოცულობით პატარა კუნთების განვითარება.

ეს კუნთები განლაგებულია სახეზე და მათ მიმიკური კუნთები ეწოდება, ზოგიერთი მიმიკური კუნთის ჩამოყალიბება წინა კვირებში დამთავრდა, ზოგიერთი ამ კვირას ჩამოყალიბდება დასრულებული სტრუქტურით და მდებარეობით, შესაბამისად ამ ვადაზე საუბრობენ, რომ ნაყოფი იწყებს სრულფასოვან და სინქრონულ მიმიკურ მოძრაობებს - თვალების ხამხამს (ქუთუთოები წამწამებით მას უკვე აქვს), სახის შეჭმუხვნას (წარბის რკალების, ცხვირის და ლოყების კუნთების ერთდროულ შეკუმშვას), ღიმილს (ეს კვირა ცნობილია, როგორც „ნაყოფის პირველი გაღიმების“ კვირა). ნაღვლიან გამომეტყველებას (ტუჩების ირგვლივი კუნთების შეკუმშვით ტუჩის კუთხეები ქვევითკენ დაეშვება, ასევე შუბლის ვერტიკალური ნაოჭების კომპლექსი ჩნდება).

წვრილი კუნთები განლაგებულია ასევე ხერხემლის მალებს შორის სივრცეში და მათ მალთაშუა კუნთები ეწოდება, ამ კუნთების საშუალებით ხერხემლის მალები უკავშირდება ერთმანეთს, მათი შეკუმშვითაა შესაძლებელი ტანის ყველანაირი მოძრაობა, მათ შორის კისრის მალთაშუა კუნთების „დამსახურებით“ შესაძლებელია თავი აწეული დავიჭიროთ, გულმკერდის და წელის მალთაშუა კუნთების შეკუმშვის შედეგად შეგვიძლია შემოვაბრუნოთ ტანი და თავი უკან წელის არეში წრიულ ხაზზე, დავიხაროთ და ავიხაროთ წელის სეგმენტში და ა.შ. ზუსტად ასე ნაყოფი ხერხემალშუა კუნთების განვითარების გამო ამ ვადაზე იწყებს ტანის მოძრაობას და თავის დაჭერას.

ორსულობის ამ ვადაზე, თუ ეს პირველი ორსულობა არაა, გამოცდილმა დედამ შესაძლოა პირველად აღიქვას ნაყოფის მოძრაობები, თუმცა ეს ტრადიციულ დარტყმებს არ ჰგავს, ეს ნაწლავის პერისტალტიკურ მოძრაობას ან გაზების გადაადგილებას უფრო მოგვაგონებს.

ნაყოფს ამ ვადაზე უკვე კარგად აქვს ჩამოყალიბებული აქტიური ცხოვრების და ძილის ციკლები, ე.წ. ღვიძილის მდგომარეობაში იგი წუთში საშუალოდ 10 მოძრაობით აქტივობას აკეთებს, ამ დროს მას თვალებიც გახელილი აქვს, ხოლო ძილის მდგომარეობაში იგი ე.წ ემბრიონის პოზას იღებს და თვალები, როგორც მოზრდილს, დახუჭული აქვს.

ნაყოფის საშვილოსნოსშიდა აქტივობებს მიეკუთვნება ასევე მისი შინაგანი ორგანოების მუშაობა: გული იკუმშება საშუალოდ 140-160-ჯერ წუთში და წარმოქმნის სისხლის ნაკადს, რომელიც მთელს სხეულში გადადგილდება, თირკმელები წარმოქმნიან და გამოყოფენ ყოველ 45 წუთში შარდს, რომლის სადღეღამისო პროდუქცია 400-500 მლ ფარგლებში მერყეობს.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-16-20 კვირის შუალედში ორსული ქალი პირველად აფიქსირებს ნაყოფის მოძრაობას, ეს ძალიან შთამბეჭდავი მომენტია ყველა ორსულის ცხოვრებაში, თითქოს პატარა საკუთარ თავის შესახებ ამცნობს დედას, ეს მათი კონტაქტის პირველი მომენტია და ამიტომ ძალიან ამაღელვებელია და სასიხარულო. უფრო ადრე, მე-16-17 კვირას ნაყოფის მოძრაობას აღიქვამენ გამოცდილი დედები, პირველი ორსულობის დროს კი მისი აღქმა უფრო გვიან - მე-18-20 კვირისთვისაა შესაძლებელი. თავდაპირველად ნაყოფის მოძრაობა გავს ნაწლავის პერისტალტიკას ან გაზების მოძრაობას, დარტყმების სახეს ის შედარებით გვაინ მიიღებს, როდესაც ნაყოფი იმდენად „დიდი გაიზრდება“, რომ ხელებით და ფეხებით შეძლებს საშვილოსნოს კედელზე მიბჯენას.

ნაყოფის ზრდასთან ერთად საშვილოსნოც იზრდება და საშვილოსნოს გუმბათი მენჯიდან უკვე 15-16 სმ-ითაა „ამოზრდილი“, შესაბამისად მუცლის გარშემოწერილობაც მატულობს. ორსული ქალის ეს გარდაქმნა კუნთების ზოგადი ჰიპოტონიის (მოდუნების) ხარჯზე მიმდინარეობს და არსებობს რისკი, რომ გარდაქმნების ნაწილი (გადმოკიდებული მუცლის სახით) დარჩეს ორსულობის შემდგომაც. ამიტომ ამ ვადიდან სასარგებლოა ფიზიკური აქტივობის დაწყება. თუმცა ჯერ მშობიარობისწინა ვარჯიშები არ გვჭირდება, მხოლოდ ფეხით სუფთა ჰაერზე სეირნობითაც შეგვიძლია შემოვიფარგლოთ, თუ მას ყოველდღიური ხასიათი ექნება.

ორსულობის ამ ვადაზე ხშირია ორსულობასთან ასოცირებული პიელონეფრიტის (თირკმლის შარდის გამომყოფი ნაწილის ანთების) განვითარება. ორსულობის ჰორმონის - პროგესტერონის - „წყალობით“ შარდის გამომყოფ გზაზე მოთავსებული სპინქტერების კუნთები, რომლებიც არ უშვებენ შარდის დინებას შარდსაწვეთიდან თირკმლის მიმართულებით (ეს დინება მხოლოდ თირკმელიდან გარეთ მიემართება ნორმაში), დუნდება და შარდი (რომელიც უხშირესად ინფიცირებულია გარეთა საშარდე გზებში) ბრუნდება უკან თირკმელებში და იწვევს მათ ანთებას. ამის შედეგად ხშირია მუცლის არეში ტკივილი, დაქაჩვის შეგრძნება, რასაც ორსული ქალები ორსულობის პრობლემებს უკავშირებენ, ეშინიათ მუცლის მოშლის, თუმცა ამ დროს ბანალური შარდის ანალიზით მარტივი გამოსავლენია სულ სხვა სისტემის პათოლოგია.

სასქესო ორგანოებიდან გამონადენის სახე კვლავ ქალის სასქესო ორგანოების ინფიცირების პირველი ნიშანია, რომელსაც ორსულმაც და ექიმმაც მოჭარბებული ყურადღება უნდა მიაქციოს, კლინიკური გაიდლაინების მიხედვით ორსული ქალის საშოს „სისუფთავე“ მიკროფლორაზე ნაცხის ანალიზის საშუალებით ყოველ თვე უნდა გადამოწმდეს. სისხლიანი გამონადენი კვლავ ექიმთან სასწრაფო ვიზიტის ჩვენებაა, თუმცა ეს ყოველთვის მუცლის მოშლის მომასწავლებელი სიმპტომი როდია, შესაძლოა მცირე სისხლიანი გამონადენი სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგაც გამოჩნდეს, უბრალოდ მას ალისფერი შეფერილობა არ აქვს და მოყავისფრო-მოშავოა.

ორსულობის მე-16 კვირას ქალის მადა და კვებითი მიდრეკილებები შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს, მადა ძლიერდება, იმატებს მოთხოვნა ხორცზე და სხვა ცილოვან პროდუქტებზე, საერთო მასის მატება 2.5-3.0 კგ-ს აღწევს.

© 2015 ყველა უფლება დაცულია