Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 12

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 12

ორსულობის გინეკოლოგიური მე-12 კვირის განმავლობაში ნაყოფი აგრძელებს ზრდა-განვითარების პროცესს, მისი თხემ-კუდუსუნის სიგრძე 51-53 მმ-ია, წონა კი 14-19 გრ, ნაყოფის თავი მთელი სიგრძის უკვე ერთი მესამედია, ნაყოფის თავის ბიპარიეტალური ზომა - 18-22 მმ-ია. მის გარეგნობას ემატება კიდევ ერთი შტრიხი - თმოვანი საფარველი. ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის კავშირები, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის როგორც მოძრაობების, ასევე შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ერთ კოორდინირებულ მთლიანობაში შერწყმას. ნაყოფის სისხლი „სახლდება“ მრავალფეროვანი უჯრედებით - ერითროციტების გარდა ჩნდება ლეიკოციტების სხვადასხვა სახეობა, თრომბოციტები. ნაყოფის ღვიძლი იწყებს პირველადი ნაღველის გამომუშავებას. ნაყოფის გულისცემის სიხშირეა 150-174 დარტყმა/წუთში.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-12 კვირას მეორე სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების ვადა იწურება (თუ ეს კვლევა ჯერ არ ჩატარებულა).


ორსულობის ამ ვადაზე ნაყოფი აორმაგებს თავის წონას, ჩვენთვის ის ჯერ კიდევ ძალიან პატარად გამოიყურება, მაგრამ სხეულის ზრდის ტემპები საგრძნობია. სხეულის სხვა ნაწილების, კერძოდ ტანის, ზრდის ხარჯზე თავის დიამეტრი უკვე მთლიანი სიგრძის არა ნახევარი, არამედ ერთი-მესამედია.

ნაყოფის სახეზე ჩნდება მიმიკური მოძრაობების ჩანასახები, ის ხშირად აღებს პირს და ჭმუხნის თვალების ირგვლივ რკალებს. ჩნდება მის გარეგნობაში ახალი შტრიხი - თმოვანი საფარველი წარმოიქმნება სახეზე - ქუთუთოების დაბოლოვებაზე წამოიზრდება წამწამები, წარბების რკალები პატარა ღინღლით იმოსება, ეს მომავალი წარბებია, სქესის მიუხედავად თმოვანი ღინღლები ჩნდება სახის ისეთ ნაწილებზეც, რომლებიც დაბადებისას აღარ იქნება თმით შემოსილი - ტუჩების და ნიკაპის ირგვლივ.

ძალიან მჭიდრო ხდება თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის კავშირები, რითიც უზრუნველყოფილი ხდება ჩორჩხის კუნთების და შინაგანი ორგანოების კოორდინირებული მუშაობა - მაგალითად სანაყოფე წყლების ყლაპვის დროს მოძრაობს ნაყოფის გულმკერდის კუნთები ისე, თითქოს ნაყოფი სუნთქვით მოძრაობებს ახორცილებდეს, თუმცა ხმოვანი იოგების შეკუმშვის გამო სანაყოფე წყლები არ ხვდება სასუნთ ორგანოებში, ასევე ნაწლავების პერისტალტიკასთან ერთად მოძრაობს მუცლის წინა კედელი, თავის მოძრაობასთან სინქრონიზაციაში მოდის ხელების, ფეხების მოძრაობა, ხანდახან თვალების მოძრაობაც კი.

ნაყოფის თავის ტვინის ქერქის მომწიფების პარალელურად მისი მოძრაობები „გაცნობიერებულ“ ხასიათს ატარებს, თითქოს პატარა იწყებს საკუთარი ქმედებების მართვას, ის გარე გამღიზიანებლების მოქმედების საწინააღმდეგო მხარეს გადაადგილდება, თუ მოქმედება დედის მუცლის წინა კედელზე ხდება, ნაყოფი დედის ხერხემლისკენ მოძრაობს, გინეკოლოგიური გასინჯვისას ის საშვილოსნოს გუმბათისკენ გადაადგილდება, სტრესულ გამღიზიანებლებზე საპასუხოდ მოსვენებული მდგომარეობიდან გამოსვლისას ის ჯერ კრთება, შემდეგ იწყებს სწრაფ მოძრაობებს.

ნაყოფის საჭმლის მომნელებელი სისტემა თითქოს საჭმლის მონელების დასაწყებად პირველად „სავარჯიშოებს“ ატარებს, ნაწლავები პერისტალტიკას ახორციელებენ, ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს, ამ დროს ნაწლავებში მოხვედრილი ჩაყლაპული სანაყოფე წყლებიდან ძირითადად სითხე შეიწოვება, მაგრამ ადგილი აქვს სხვა შეტივტივებული ნივთიერებების შეწოვის პროცესის გაშვებასაც.

ნაყოფის სისხლში სისხლის უჯრედების მრავალფეროვნება შეინიშნება - აქ ცირკულირებს თავად ნაყოფის ერითროციტები, ლეიკოციტების რამოდენიმე სახეობა და თრომბოციტები.

ნაყოფის გულის რითმი უკვე წუთში 150-174 დარტყმას აღწევს. გულისცემის რითმი იცვლება გარე სტრესული გამღიზიანებლების ზემოქმედების და ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შედეგად.

პლაცენტის წინამორბედი ქორიონი იზრდება სისქეში და მე-12 კვირის ბოლოსთვის 1.54 სმ-ს აღწევს, ეს ნაყოფის ზრდის პარალელური პროცესია, მზარდ პატარას ორგანიზმს მეტი კვება ჭირდება, შესაბამისად მეტი დედის სისხლის მოწოდება, რასაც ემსახურება კიდეც ეს ორგანო.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის მე-12 კვირას ორსულობის პირველი საკმაოდ რთული შეგრძნებების პერიოდი გადალახულად შეიძლება ჩაითვალოს, ტოქსიკოზის ნიშნები თითქმის უკვალოდ ქრება, ამ ვადიდან სულ სხვა სუბიექტურ შეგრძნებებთან და ობიექტურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე.

სულ უფრო მზარდი საშვილოსნო იკავებს მენჯის ღრუს მთლიანად და იწყებს მუცლის ღრუს ზედა ნაწილებისკენ ზრდას, ის თანდათან „აწვება“ მცირე მენჯის ვენურ ქსელს, სადაც სისხლი ქვედა კიდურების ვენებიდან მოემართება, ამის გამო სხეულის ქვედა ნაწილების ვენური შეგუბება იწყება, რაც ჯერ ზედაპირული კანქვეშა ვენების ამობურცვით გამოიხატება. ამ მოვლენას შეუძლია სისხლძარღვოვან ქსელში თრომბების განვითარების პროვოცირება გამოიწვიოს, ამიტომ ამ ვადიდან ორსულებმა, რომელთაც ორსულობამდეც აწუხებდათ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, საჭიროა ქვემო კიდურების მჭიდრო ელასტიური სახვევები ატარონ.

თუ ამ პერიოდამდე ორსულს დაერღვა ძილის და ღვიძილის ნორმალური რითმი, მისი მოუწესრიგებლობა მთელი ორსულობა იქნება სახეზე, ამიტომ ეს კვირა კარგი დროა იმისთვის, რომ ღამის ძილი მოწესრიგდეს. ორსულობის პირველი ტრიმესტრის დღის სისუსტე და ძილიანობა გადალახულია, ამიტომ ორსულმა ყველა აქტივობა უნდა გადაიტანოს დღის საათებში, ღამის ძილის წინ კი შეეცადოს მაქსიმალურად დამშვიდდეს და ჩაძინება მოახერხოს ზუსტად ერთიდაიგივე დროს, თანდათან ეს ჯანსაღი ბიოლოგიური რითმი ჩვევაში გადავა. ორსულს იმაზე მეტი ძილი სჭირდება, ვიდრე მას ორსულობამდე ჰყოფნიდა დასვენებისთვის, საშუალოდ ქალმა ორსულობისას 10-12 საათი მაინც უნდა იძინოს.

ორსულ ქალებში სასქესო ორგანოების ინფექციური პროცესის გამწვავების შემთხვევაში ამ კვირის ბოლოდან შესაძლებელი ხდება ორსულებისთვის შედარებით უსაფრთხო ანტიბაქტერიული საშუალებების დანიშვნა, რადგან პლაცენტა უკვე იცავს ნაყოფს ტოქსიური ნაერთებისგან, თუმცა ამის კომპეტენციას მხოლოდ ექიმი-გინეკოლოგი ფლობს და თვითმკურნალობა დაუშვებელია.


© 2015 ყველა უფლება დაცულია