Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 9

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 9

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-9 კვირას ემბრიონი ემსგავსება ადამიანს: სხეულის პროპორციები იცვლება, კარგად ჩანს ჩამოყალიბებული ხელები და ფეხები, თითებზე ფრჩხილებიც ჩამოიზრდება; სახის პროპორციები გადანაწილდება - თვალები ცხვირისკენ „შეიწევა“, დახურულია ქუთუთოებით, ემბრიონს აქვს სრულფასოვანი ნაკვთები, გამოიკვეთება ტუჩები. ამ კვირის განმავლობაში ემბრიონი „ხვეწს“ მოძრაობით აქტივობებს - გაშლის და სხეულისკენ მოზიდავს ხელებს და ფეხებს, თანაც ნერვული სისტემის ორგანოების შესაბამისი განვითარების ხარჯზე ეს მოძრაობები კოორდინირებული ხდება; ემბრიონის შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბება გრძელდება - გული ცემს 155 -175 დარტყმა/წუთში სიხშირით, ამოძრავებს სისხლს მის პატარა სხეულში, მუცელი მომრგვალებულ ფორმას იღებს, რადგან „ივსება“ საჭმლის მომნელებელი ორგანოებით, მათგან ყველაზე დიდია ღვიძლი. ემბრიონი ემოციურადაც „მწიფდება“, მას უკვე აქვს საკუთარი ჰორმონები და შეუძლია გარე სტრესულ ზემოქმედებაზე ჯერ დაუხვეწავი პასუხის გაცემა.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-9 კვირის ბოლოსთვის ემბრიონის თხემ-კუდუსუნის სიგრძე 21-23 მმ აღწევს, სანაყოფე კვერცხის დიამეტრი - 33-36 მმ-ს, წონა კი 2 გრ-ია.


ამ ვადაზე ემბრიონის გარეგნობა იცვლება: სხეული იწყებს დაგრძელებას, თავი აღარაა მთლიანი მოცულობის ნახევარზე მეტი, თუმცა სხეულის მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილია მაინც. პატარა ხრის თავს ყველა მიმართულებით, იწყებს ხელების მოძრაობებს სხეულისკენ და მათ წარზიდვას გარეთ, ფეხებს შლის მუცლის ხაზის გასწვრივ, თითქოს იზმორება. ხელების ანატომიური განვითარება მთავრდება - პატარას აქვს ყველა სახსარი ჩამოყალიბებული, ამიტომ შეუძლია უკვე ხელების სრულფასოვნად მოძრაობა, თითებს შორის გადაბმები ქრება, თითებზე ფრჩხილებიც უკვე ჩამოყალიბებულია. ფეხები კი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ტერფები და ფეხის თითები წარმოდგენილია, მაგრამ მათი ჩამოყალიბების დასრულება კიდევ წინაა.

იცვლება ემბრიონის სახის მოხაზულობებიც, თვალები აღარაა სახის ყველაზე დიდი ნაკვთები, ისინი შეიწევა ცხვირისკენ, ქუთუთოები მთლიანად ფარავს თვალებს, მაგრამ მათ ჯერ ვერ ამოძრავებს პატარა ანუ თვალები მას ჯერ დახუჭული აქვს, უკვე თავის ადგილზეა ყურები და ცხვირი, ჩანს ტუჩები, რომლითაც მცირე წოვითი მოძრაობები ხორცილედება.

ორსულობის ამ კვირის ყველაზე დიდი გამოწვევა ემბრიონის კუნთოვანი აპარატის განვითარებაა. ვითარდება მოძრაობაზე პასუხისმგებელი ნერვული სისტემის ორგანოებიც, თავის ტვინის ნახევარსფეროებში და ნათხემში განთავსებული ის ნეირონები იწყებს განვითარებას და დიფერენცირებას, რომლებიც მოძრაობის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი, სწორედ ამის შედეგად თუ ორსულობის მე-7-8-კვირებზე პატარას მოძრაობები ქაოტური იყო, მე-9 კვირაზე ჩნდება უკვე მოძრაობების კოორდინირებულობის ნიშნები.

ემბრიონის მოცუცქნული გული წინა კვირას გახდა ოთხკამერიანი, ის აქტიურად პულსირებს და მისი შეკუმშვების ნორმალური რითმია - 155-175 დარტყმა წუთში. ემბრიონის გულის მუშაობა უზრუნველყოფს მის სისხლძარღვებში სისხლი ცირკულირებას, თუმცა ამ კვირის თავისებურებაა, რომ სხეულის ზედა ნაწილში სისხლის მიწოდება უფრო ინტენსიურია, ვიდრე მის ქვედა ნაწილში.

ემბრიონის მუცელი მუცლის ღრუში საჭმლის მომნელებელი ორგანოების განვითარების და ზრდის შედეგად მომრგვალო ფორმას იღებს, მათ შორის ყველაზე დიდ ფართობს იკავებს ღვიძლი.

ამ ვადაზე ემბრიონს უკვე შეუძლია საკუთარი ჰორმონების გამოყოფა, მაშასადამე ის უკვე დამოუკიდებლად არეგულირებს საკუთარ „შინაგან სამყაროს“ ანუ ჰომეოსტაზს, მათ შორის ემბრიონი გამოყოფს ადრენალინსაც ანუ შესწევს სტრესული გამღიზიანებლების მიმართ შინაგანი მოქმედებითი პასუხის გენერირება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ განიცდის შიშს, ტკივილს, სიხარულს და სხვა ემოციებს და მათზე პასუხობს როგორც შესწევს, ძირითადად გულის რითმის და მოძრაობითი აქტივობების მატებით.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსული ქალის ორგანიზმში ორსულობასთან დაკავშირებული გადაწყობის პროცესი „გაურკვევლობიდან“ „ახალ რეალობასთან შეგუებისკენ“ იცვლება: ჰორმონულ ცვლილებებზე ორგანიზმის პასუხი აღარაა ისეთი სტრესული, შინაგანი ორგანოების მუშაობა მწყობრში დგება, ნერვული სისტემა მშვიდდება, მცირდება კანის მიერ ოფლის და ქონის გამოყოფის ინტენსივობა, იწყება ორსული ქალის ე.წ. გალამაზების პროცესი.

ძალიან ხშირად ამ კვირაზე ტოქსიკოზის სიმპტომატიკა მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ წყდება. არტერიული წნევის ლაბილობა (ცვალებადობა) აღარ აღინიშნება, ამიტომ მცირდება თავბრუსხვევა და თავის ტკივილები. მცირდება სისუსტე და პირიქით შეიგრძნობა ძალების მოზღვავების მომენტები.

იმუნური სისტემის სტატუსის დაქვეითების გამო ხშირად ამ ვადაზე გარეთა სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია იჩენს თავს, ყველაზე ხშირია მათ შორის ე.წ. რძიანა, რომელსაც ძალიან სპეციფიური გამონადენი ახასიათებს - ესაა თეთრი, ხაჭოსებრი, სუნიანი გამონადენი. თავისი ბუნებით სოკოვანი ინფექცია ყველაზე ნაკლებ საშიშროებას ქმნის ორსულობის შეწყვეტისთვის, მაგრამ მშობიარობის დროს ძალიან მაღალია რისკი ბავშვის დაინფიცირების, რაც შემდგომში საკმაოდ რთულ გართულებებში შესაძლოა გადაიზარდოს. ამიტომ სასურველია სოკოვანი ინფექციის როგორც პროფილაქტიკა (ანტისეპტიკური დასაბანი საშუალებების ხმარებისა და საცვლის ხშირი გამოცვლის სახით), ასევე მისი გამოჩენისთანავე მკურნალობა, რადგან სოკოვანი ინფექციის ელიმინაციას საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, მით უფრო ორსულობისას, როდესაც სპეციფიური ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატების მიღება დაუშვებელია.

© 2015 ყველა უფლება დაცულია