Orsuli.ge - ორსულობის კვირები / თვე 1

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
თვე 1

დასაწყისის დასაწყისი - ორსულობის 1 თვე

მაშასადამე, მოხდა განაყოფიერება - კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გენეტიკური მასალა გაერთიანდა და საფუძველი ჩაეყარა პირველ უჯრედს - ზიგოტას. ამ ერთ თვეში ეს „ერთუჯრედიანი“ ადამიანი ჯერ მრავალუჯრედიან ჩანასახად, ორგანოგენეზის შემდეგ კი ემბრიონად ჩამოყალიბდება.

ორსულობის 1 თვის 1 კვირის განმავლობაში

განაყოფიერების შემდეგ ერთგვარი შესვენებაა - 15 წუთიდან რამდენიმე საათის მონაკვეთში, მომავალი ადამიანი „ერთუჯრედიანია“.

შემდეგ ზიგოტა იწყებს კონვულსიურ დაყოფას, წარმოიქმნება 2, 4, 8, 16 და ასე შემდეგ უჯრედი, ტემპი იზრდება, ამასთან ყველა უჯრედის გაყოფა საკუთარი რითმით მიმდინარეობს, ასინქრონულად. ამ დროს ყველაზე ადრეული და ყველაზე მსხვილი უჯრედები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს და მთლიანობაში ეს კონგლომერატი ჰგავს თუთის ნაყოფს, ამიტომაც მას მოიხსენიებენ როგორც მორულა-ს (ლათინურად თუთას ეწოდება Morus).

დაყოფის პარალელურად ზიგოტისგან წარმოშობილი უჯრედების ეს „გროვა“ გადაადგილდება საშვილოსნოს მილში საშვილოსნოს ღრუსკენ, მოძრაობის ეს პერიოდი 3 დღეს გრძელდება. ეს პატარა „თუთის ნაყოფი“ აგრძელებს დაყოფას და გადაადგილებას ფალოპის ლულის გასწვრივ საშვილოსნოსკენ. ამ დროს მორულა უკვე ჰგავს ბუშტულას და ბლასტოცისტა ეწოდება: მკვრივი უჯრედული მასა იყოფა ჩანასახოვან კვანძად და უჯრედების ზედაპირულ ფენად, რომელიც გარს არტყია ამ კვანძს. სწორედ ასეთ „ფორმაში“ ამთავრებს ჩანასახი თავის საშვილოსნოსკენ მოგზაურობას, რომელსაც 3 დღეს ანდომებს, რის შემდეგაც „ჩავარდება“ რა საშვილოსნოს ღრუში 2 დღის განმავლობაში მასში „თავისუფლად ცურავს“.

ორსულობის 1 თვის 2 კვირის განმავლობაში

ამ დროისთვის ის მცირე საკვები მარაგი, რომელიც მისთვის იყო კვერცხუჯრედში დამარაგებული, სრულიად ამოწურულია, ამიტომ ჩანასახი იწყებს საშვილოსნოში ჩამაგრების პროცედურას, რათა დედის ორგანიზმიდან დაიწყოს აუცილებელი ოქსიგენითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება. ეს იმპლანტაციის პროცესია. ამ მისიის განსახორციელებლად მისი ყველაზე გარეთა უჯრედების - ტროფობლასტების - ნაწილი ჩაიზრდება საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, ისინი წარმოქმნიან ე.წ. ლაკუნებს, რომლებიც დედის სისხლითაა სავსე, სწორედ აქ მიმდინარეობს საკვები ნივთიერებების და გაზთა ცვლა. ასე წარმოიქმნება პლაცენტა, რომელსაც „ბავშვის კუთხე“-საც უწოდებენ. ყველაზე გარეთა უჯრედების მეორე ნაწილი გარს ეკვრის ნაყოფს და ქმნის მისთვის დამცავ გარსს და საფუძველს უყრის ჩანასახისთვის დამხმარე ე.წ. არაჩანასახოვანი ორგანოების - სანაყოფე პარკის, ჭიპლარის ჩამოყალიბებას.
თავად ჩანასახოვანი კვანძის რუხი უჯრედები ჯერ ორ შრედ იყოფა, ჩანასახი მოგრძო, ჯერ „უფორმო“ არსებაა.

ორსულობის 1 თვის 3 კვირის განმავლობაში

ჩანასახის ორ ფირფიტას შორის წარმოიშობა მესამე, შუა შრეც. ეს შრეები ე.წ. ჩანასახოვან ფირფიტებს წარმოადგენენ და მათ მდებარეობის მიხედვით ეწოდებათ: გარეთას- ექტოდერმა, შუას - მეზოდერმა, შიდას - ენტოდერმა.

ყოველი ფირფიტის უჯრედებისგან საფუძველი ეყრება ორგანოებისა და ქსოვილების განვითარებას: შუა ფირფიტიდან ისახება ქორდა - ჩონჩხოვანი ჭიმი, რომელიც შუა ხაზის გასწვრივაა გადაჭიმული და საფუძველს უყრის ხერხემალს; ვითარდება სისხლძარღვების ქსელი, მათი წარმოშობიდან მესამე დღეს კი იწყება გულის ფორმირება. 23-ე დღეს ემბრიონის გული უკვე იკუმშება და პულსირებს.

ორსულობის 1 თვის 4 კვირის განმავლობაში

იწყება ჩანასახის სხეულის დიფერენცირება - წარმოიქმნება თავის ნაწილი, სახეზე „წამოიზრდება“ თვალების, ცხვირის, ყურების ჩანასახები, განვითარებას იწყებს კიდურების სხეულისგან გამოყოფილი წარზიდულობები, მამრობით ემბრიონებში უკვე იკვეთება გარეთა სასქესო ორგანოების ბორცვისებრი წარმონაქმნი.

ამავდროულად ინტენსიურად მიმდინარეობს ჩანასახის ორგანოგენეზი - ორკამერიანი გული უკვე ცემს, ნერვული მილისგან დიფერენცირდება თავის ტვინის ნახევარსფეროები და ზურგის ტვინი, ნაწლავის მილი იყოფა განყოფილებებად და საფუძველს უყრის სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ჩამოყალიბებას.

ჩანასახის კუნთოვანი სისტემა იწყებს თავის პირველ შეკუმშვებს და იგი ჯერ შეუმჩნევლად დედისთვის, ასე ვთქვათ თავისთვის მოძრაობს - თითქოს „კრთება“.


© 2015 ყველა უფლება დაცულია