Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 6

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 6

ორსულობის გინეკოლოგიური მე-6 კვირის განმავლობაში ყველაზე მთავარი მოვლენა ემბრიონის და დედის სისხლძარღვოვანი სისტემის შემაკავშირებელი ორგანოს - პლაცენტის (ქორიონის ბუსუსების) და დამცავი სანაყოფე პარკის ჩამოყალიბების დასრულებაა. კიდევ ერთი „დამხმარე“ ორგანო - საკვერცხე პარკი იწყებს ემბრიონის საკუთარი სისხლის უჯრედების - ერითროციტების გამომუშავებას. თავად ემბრიონი უკვე „იღებს ადამიანის ფორმებს“ - სახეზე წარმოქმნილია ნაკვთები, განვითარებულია ხელები და ფეხები, მამრობით ემბრიონებში უკვე იკვეთება გარეთა სასქესო ორგანოები. ამავდროულად ინტენსიურად მიმდინარეობს ორგანოგენეზი - ორკამერიანი გული უკვე ცემს (გულისცემის რითმია 105-125 დარტყმა/წუთში), ნერვული მილისგან დიფერენცირდება თავის ტვინის ნახევარსფეროები და ზურგის ტვინი, ნაწლავის მილი იყოფა განყოფილებებად და საფუძველს უყრის სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ჩამოყალიბებას. ემბრიონის კუნთოვანი სისტემა იწყებს თავის პირველ შეკუმშვებს და იგი ჯერ შეუმჩნევლად დედისთვის, ასე ვთქვათ თავისთვის მოძრაობს.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-6 კვირის ბოლოსთვის ჩანასახის თხემ-კუდუსუნის სიგრძე 4-6 მმ აღწევს, სანაყოფე კვერცხის საშუალო შიდა დიამეტრი - 8-11 მმ, წონა კი კვლავ 1გრ-ზე ნაკლებია.

ორსულობის გინეკოლოგიური მე-6 კვირას პირველი სკრინინგული ექოსკოპიური კვლევის ჩატარების დროა (თუ აქამდე არ ჩატარებულა ეს კვლევა). 


ემბრიონის ირგვლივ სითხით ამოვსებული სივრცის გარშემო იწყება ამნიონური გარსის - სანაყოფე პარკის - ჩამოყალიბება. ეს ორგანო შემდგომში, მთელი ორსულობის განმავლობაში მშობიარობამდე (ვიდრე ის არ გასკდება ან გახეთქავენ), დაიცავს ნაყოფს გარეგანი მექანიკური და სხვა ზემოქმედებისგან.

ემბრიონის „შიგნით“ სისხლის მიმოქცევის სისტემის ინტენსიური განვითარების პარალელურად მიმდინარეობს დედასთან საერთო ფეტო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის სისტემის სრულყოფა, კონკრეტულად წინა კვირებში ჩამოყალიბებული ქორიონის ბუსუსები ე.წ. „საცეცები“ უკვე მჭიდროდაა და უფრო ვრცელ ფართობზე ინტეგრირებული დედის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ამომფენ სისხლძარღვოვან ქსელთან და ეს უკვე ცალკე ორგანოდაა ჩამოყალიბებული, რომელსაც პლაცენტა ეწოდება. პლაცენტა გააგრძელებს შემდგომში განვითარებას და „მომწიფებას“, რაც ექოსკოპიური კვლევის პასუხში აისახება როგორც პლაცენტის სიმწიფის ხარისხი. ამ ეტაპზე პლაცენტის სიმწიფის ხარისხი 0-ად ჩაიწერება.

საკვერცხე პარკის კედელთან წარმოქმნილი კუნძულები იწყებს ფუნქციონირებას და აქ ფორმირდება ბავშვის პირველი სისხლის უჯრედები ერითროციტები, რომლებიც დედის ორგანიზმში „მოგზაურობენ“, რათა ჟანგბადით გაჯერდნენ და ეს სასიცოცხლო აირი მიიტანონ ემბრიონთან.

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-6 კვირაზე ემბრიონში დიფერენცირდება სახის ნაკვთები - ე.წ. ლაყუჩისმაგვარი უბნებიდან იწყებს ფორმირებას გარეთა ყური, ემბრიონს უკვე აქვს თვალები, რომლებიც ჯერ არაპროპორციულად დიდია და მთლიანად არაა დახურული ქუთუთოებით, ემბრიონს „ემჩნევა“ცხვირი და ნესტოები.

ემბრიონის ზედა და ქვედა პოლუსებთან იწყება კიდურების - ხელების და ფეხების - ჩანასახების ფორმირება: წანაზარდების სახით ისინი გამოიყოფიან ორივე მხარეს, იწყება მტევნის და ტერფის ფორმირება, ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ხელების განვითარება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ფორმირდება ემბრიონის პირველი სისხლძარღვები, ორი უმსხვილესი სისხლძარღვის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გული ორკამერიანია ჯერ, აქვს ერთი წინაგული და ერთი პარკუჭი (შემდგომში ისინი გაიყოფა ორად და საფუძველს დაუდებს ოთხ-კამერიან გულს). გულისცემის სიხშირე ამ ვადისთვის 105-125 დ/წთ.

გრძელდება ემბრიონის ნერვული სისტემის განვითარება: წინა კვირაში წარმოშობილ ნერვულ მილში დიფერენცირდება ორი სეგმენტი - ზურგის და თავის ტვინის, თავის ტვინი წარმოადგენს უკვე ორ ტვინოვან პარკუჭს, რომელთაგანაც შემდგომში ჩამოყალიბდება თავის ტვინის ნახევარსფეროები.

ემბრიონის ნაწლავის მილი სამ განყოფილებად იყოფა: მისი წინა ნაწილიდან ყალიბდება წანაზარდები, ეს ფარისებრი, პარაფარისებრი ჯირკვლების, ადენოჰიპოფიზის, ტრაქეის, ბრონქების და ფილტვების ჩანასახებია. შუა განყოფილება ჯერ-ჯერობით შეერთებულია საკვერცხე პარკთან, ხოლო უკანა ნაწილი მთავრდება დახშობილი მონაკვეთით ე.წ. ალლანტოისით.

ემბრიონს უვითარდება კუნთოვანი სისტემაც, მე-6 კვირის ბოლოს ის იწყებს მცირე მოძრაობებს გვერდითი მიმართულებით, მაგრამ ეს მოძრაობები ძალიან მცირე მაპლიტუდისაა და შეუძლებელია აღქმულ იქნას დედის მიერ. აქტიურად გრძელდება სასქესო სისტემის ორგანოების განვითარება, ძალიან მალე შესაძლებელი გახდება ბიჭის გარეთა სასქესო ორგანოების დანახვა ექოსკოპიური კვლევით, მაღალმგრძნობიარე ექო-ზე ეს ამ კვირის ბოლოსთვის ეს უკვე შესაძლებელია.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-6 კვირაზე ქალის სხეულის წონა არ იზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში მცირდება კიდეც, რაც უკავშირდება ორსულობის ისეთ პირველ ნიშნებს, როგორიცაა მადის დაქვეითება/გაუკუღმართება და გულისრევა/ღებინება.

ლიტერატურაში გამოყოფილია ორსულობის მე-6 კვირის სიმპტომატიკის სახელით ცნობილი სიმპტომოკომპლექსი, რომელიც თითქმის ყველა ორსულში ამა თუ იმ სიმძაფრით ვლინდება ამ ვადაზე, ესენია დღის ძილიანობა, მომატებული დაღლადობა, ნერწვდენა, გულისრევის შეგრძნება, განსაკუთრებით გამოხატული დილაობით.

ღებინება, გულისრევის შეგრძნებისგან განსხვავებით, უფრო ატიპიური მოვლენაა, არ ითვლება პათოლოგიად, ახასიათებს ორსულობის ტოქსიკოზს. თუ გულისრევის შეგრძნება არ საჭიროებს რაიმე ჩარევას, ღებინების შემთხვევაში (თუ ის ინტენსიურია და ყოველდღიურია), საჭიროა ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი, რათა არ მოხდეს სითხის და საჭირო საკვები ნივთიერების კარგვის შედეგად მათი დეფიციტი.

მკერდი კვლავ მგრძნობიარეა და გაზრდილი ზომაში, იწყება ძუძუს დვრილების გადიდება და ფერის შეცვლა. საშვილოსნოს ზომები მცირედ მომატებულია, პლაცენტა ჩამოყალიბებულია, ამიტომ მუცლის დაჭიმულობის და „დაქაჩვის“ სიმპტომატიკა აღარ უნდა იყოს გამოხატული, თუ მსგავს მოვლენებს გრძნობს ქალი, ეს უფრო საშვილოსნოს კუნთების ტონუსის მომატების მახასიათებელია და საჭიროებს დაკვირვებას და ექიმთან კონსულტაციას, რათა თავიდან ავიცილოთ ორსულობის შეწყვეტა ანუ ნაადრევი აბორტი.

ორსულის ჰორმონული ფონი (პირველ რიგში ე.წ. ორსულობის შემანარჩუნებელი ჰორმონი - პროგესტერონი) ხელს უწყობს საშვილოსნოს კუნთების ტონუსის დაქვეითებას და სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას. თუმცა სისხლში არსებული ჰორმონების კონცენტრაციის მატება ორგანიზმის სხვა კუნთოვანი აპარატის ჰიპოტონუსსაც და სისხლსავსეობის მატებასაც იწვევს, მაგალითად შესაძლოა ადგილი ქონდეს არტერიული წნევის მატებას, რაც განაპირობებს ორსულობის ისეთ თანმდევ სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულის წასვლის მსგავსი მდგომარეობა; დიაფრაგმის კუნთოვანი აპარატის ტონუსის დაქვეითება ხშირად იწვევს კუჭიდან მიღებული საკვების უკან გადმოსროლას საყლაპავ მილში, ამიტომ ვითარდება გულძმარვა; ნაწლავის კედლის ტონუსის დაქვეითება კი იწვევს შეკრულობას და მეტეორიზმს (მომატებულ გაზების დაგროვებას); საშარდე სისტემის კუნთოვანი აპარატის ჰიპოტონუსის შედეგად შესაძლოა განვითარდეს უნებლიე შარდვა, ასევე ხელსაყრელი პირობები იქმნება საშარდე სისტემაში ე.წ. აღმავალი ინფექციების განსავითარებლად, რომელთა წყარო გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენის დარღვევაა, ამიტომ ორსულებს ურჩევენ გაამკაცრონ ჰიგიენის დაცვის პროცედურები და იხმარონ სპეციალური ანტისეპტიკური დასაბანი საშუალებები.

ორსულებში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები აისახება კანზეც, რომელიც ხდება უფრო ფორიანი, იქერცლება, იზრდება საოფლე და ქონის ჯირკვლების პროდუქტიულობა, ამის შედეგად შესაძლოა გაჩნდეს ფერისმჭამელები და გამონაყარი.

ორსული ქალის საშოს ლორწოვანი ჰორმონების ზეგავლენით ხდება რა სისხლსავსე, მასში იზრდება გლიკოგენის რაოდენობა, რასაც თან ახლავს რძემჟავა ბაქტერიების გამრავლება და უფერო, ლორწოვანი გამონადენის მომატება, ეს დამცავი მექანიზმია აღმავალი ინფექციების საწინააღმდეგოდ, რადგან ამ ბაქტერიების მიერ გამოყოფილი რძემჟავა და წყალბადის ზეჟანგი ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას. მაგრამ ორსულის იმუნური სტატუსის დაქვეითების შედეგად შესაძლოა შესუსტდეს საშოს ეს დამცავი ფუნქცია და პათოლოგიური მიკრობების გამრავლების ფონზე განვითარდეს კოლპიტი, რომელსაც ამოვიცნობთ მოყვითალო-მოთეთრო, ხაჭოსებრი გამონადენის არსებობით. ამასთან ინფექციის სახეობის მიხედვით გამოდენის სახეც იცვლება, მაგალითად თეთრი, ხაჭოსებრი გამონადენი უფრო კანდიდოზს ანუ სოკოვან ინფექციას ახასიათებს. ორსულებში ძალიან ხშირია კანდიდოზი, რადგან იმუნური სისტემის ნაწილებიდან ყველაზე მეტად ანტიფუნგალური ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი ქვეითდება, მას გამონადენის გარდა გარეთა სასქესო ორგანოების ქავილის და წვის შეგრძნებითაც დავაფიქსირებთ.

ამ ვადაზე სისხლიანი გამონადენი ყველა შემთხვევაში პათოლოგიურია, ამიტომ „წვეთი სისხლის“ დაფიქსირების შემთხვევაშიც საჭიროა ექიმ-გინეკოლოგთან სასწრაფო ვიზიტი.

© 2015 ყველა უფლება დაცულია