Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 4

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 4

ორსულობის გინეკოლოგიური მე-4 კვირა ძირითადად ეთმობა ემბრიონის ე.წ. არაჩანასახოვანი ორგანოების ფორმირებას, რომლებიც აუცილებელია ჩანასახის საკვები გარემოს „მოწყობისთვის“ და რომელთა საშუალებითაც ხდება ჩანასახის კვება, სუნთქვა (ჟანგბადის მოწოდება) და ორსულობის შემანარჩუნებელი ჰორმონების სინთეზირება. ამ პროცესში მონაწილეობენ ჩანასახის გარეთა შრის თეთრი უჯრედები - ტროფობლასტები. მათი ზეგავლენით საშვილოსნოს კედელში იზრდება სისხლის მოდინება, მარაგდება ცხიმები და ნახშრწყლები. ჩანასახის შიდა რუხი უჯრედებისგან - ემბრიობლასტისგან - წარმოიქმნება სამი ჩანასახოვანი ფირფიტა. ამ ფირფიტებისგან წარმოიქმნება შემდგომში პატარას ყველა ორგანო. ორსულობის გინეკოლოგიური მე-4 კვირის ბოლოსთვის სანაყოფე კვერცხის დიამეტრი 3მმ-მდეა, ჩანასახის სიგრძე 1.5 მმ აღწევს, წონა კი <1გრ.


იმპლანტაციის შემდგომ დედის სისხლძარღვოვან სისტემასთან ინტეგრაცია პროცესს წარმოადგენს: ჯერ ტროფობლასტების მიერ ხდება საშვილოსნოს სისხლძარღვების კედლების დაშლა, წარმოიქმნება ე.წ. ლაკუნები, რომლებიც დედის სისხლითაა სავსე, ამ ლაკუნებში ცურავს და იკვებება ჩანასახი. როგორც ვხედავთ, ამ პროცესს თან ახლავს ტრამვული ელემენტები, ამიტომ მომავალმა დედამ შესაძლოა აღწერილ მომენტში იგრძნოს ტკივილი მუცლის არეში, ჰქონდეს მცირე სისხლიანი გამონადენი. ამის შემდგომ ტროფობლასტებს გამოეზრდებათ წანაზარდები ე.წ. ქორიონის ბუსუსები - ისინი მე-12 კვირისთვის ბოლომდე ჩამოყალიბებული პლაცენტის „წინაპრები“ არიან. გარდა ამისა, ტროფობლასტების მიერ გამომუშავებული ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - კონცენტრაცია სულ უფრო მატულობს, რაც ემსახურება ორსულობის შენარჩუნებას და რისი მეშვეობითაც ორსულობის ტესტზე მეორე წითელი ხაზი სულ უფრო მკვეთრად ჩანს.

ამავდროულად ჩანასახის გარე, ტროფობლასტურ და შიდა შრეს შორის იწყება სითხის დაგროვება და შემდგომში ეს გარდაქმნები მოემსახურება იმას, რომ ტროფობლასტი გარდაიქმნას პლაცენტად, სითხე კი ამნოინურ სითხედ, მაგრამ ჯერ (12 კვირამდე) ვიდრე პლაცენტა არაა სრულად ჩამოყალიბებული, ემბრიონს არ იცავს პლაცენტური ბარიერი და იგი დაუცველია მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან, ამიტომაა 3 თვემდე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი დედამ თავი შეიკავოს ტოქსიური ნაერთების მიღებისგან (იგულისხმება მოწევა, ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნაერთების მიღება, ზოგიერთი წამლის გამოყენება, ტოქსიური აქროლადი ნაერთების გარემოში, მაგალითად ახალშეღებილ შენობაში, ყოფნა).

ამ კვირაში ორსულობის პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირია იმპლანტაციის პროცესის დარღვევა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა, რაც ძირითადად ორსულის ჰორმონული სტატუსის (უხშირესად პროგესტერონისა და ქორიონული გონადოტროპინის) ცვლილებებითა და საშვილოსნოს გარე შრის - ენდომეტრის - ანთებით პროცესითაა (ანთებით პროცესს იწვევს ძირითადად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები) გამოწვეული. ამიტომაა სასურველი ორსულობამდე იყოს გამოკვლეული და მომზადებული ქალის ორგანიზმი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა, ასევე ემბრიონის განვითარების შეფერხება. თუ დაგეგმვის პროცესი და წინასაორსულო კვლევები არაა ჩატარებული, ორსულობის დადგენისთანავე სასურველია გინეკოლოგთან კონსულტაცია და ექიმის მიერ დანიშნული ანალიზების ჩაბარება, რომ სასწრაფოდ ამ ეტაპზე მაინც მიღებულ იქნას სამკურნალო „ზომები“.

ქალების ნაწილში მე-4 კვირის განმავლობაში ადგილი აქვს მცირე სისხლდენას, რაც იმპლანტაციის პროცესის თანმხლები მოვლენაა და არ არის საშიში. თუმცა სისხლდენა იმპლანტაციურია თუ სხვა რამ მიზეზი აქვს, ამის გარჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია, ამიტომ ნებისმიერი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივი ვიზიტი ექიმ-გინეკოლოგთან.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ორსულობის პირველი ნიშნები ამ კვირაში უფრო თვალში საცემი ხდება ქალისთვის. მომავალი დედის თავის ტვინში უკვე ფორმირდება ე.წ. „ორსულობის დომინანტა“, რომელიც შემდგომში მთელი ორსულობის მანძილზე უზრუნველყოფს ორსულობის შენარჩუნებისთვის საჭირო ყველა შეგრძნების ფორმირებას, ესენია მაგალითად გარკვეულ საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნები, ჯდომის, სიარულის, წოლის პოზების შერჩევა და სხვა.

ამ კვირაში ძლიერდება ისეთი ორსულობის ნიშნები, როგორიცაა მადის ცვლილება, სუნების აუტანლობა, ნერწყვდენის გაძლიერება, გულისრევის შეგრძნება, ზოგიერთ ორსულ ქალებში გვხვდება დილის პირღებინება, ეს რეფლექსი ხანდახან ისეთი გაძლიერებულია, რომ პირღებინებას იწვევს კბილის ჯაგრისის მიდებაც კი ენის ძირზე.

ყოველდღიურ მოვლენებზე ემოციური რეაქციები უფრო გამოხატული ხდება, ორსული ქალი ღიზიანდება თითქმის ყველა მიზეზზე, ხდება ბუტია და მტირალა. ხანდახან ეს ემოციური ცვლილება იმდენად მძლავრია, რომ გადაიზრდება დეპრესიაშიც კი. განსაკუთრებით რთული ემოციური ფონი ახასიათებს იმ ქალების ორსულობას, რომელთაც ორსულობამდე ასევე ემოციური პრედმენსტრუალური სინდრომი ჰქონდათ.

გამოყოფილი ქორიონული გონადოტროპინის დონე ჯერ მცირეა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია იმისთვის, რომ ტესტის საშუალებით დაფიქსირდეს ორსულობა, მაგრამ უხშირესად ჯერ საკმარისი არ არის ტესტის მეორე ხაზის გასაწითლებლად. სამაგიეროდ მაღალმგრძნობიარე ექოსკოპიური კვლევით საშვილოსნოს კედელში უკვე ჩანს იმპლანტირებული ჩანასახი. თუმცა როგორც წესი ეს მოსალოდნელ მენსტრუაციამდე წინა კვირაა, ამიტომ დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევაში ქალები ჯერ კიდევ ელოდებიან მენსტრუაციას და მხოლოდ მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენის შემდეგ იწყებენ ფიქრს ტესტის ჩატარებაზე და ექოსკოპიურ კვლევაზე.

ქალების გარკვეულ ნაწილს ორსულობის წინა ნიშნები ერევათ პრედმენსტრუალურ სინდრომში, რადგან შეგრძნებები ძალიან მსგავსია. თუმცა ფსიქოლოგები აღწერენ შემთხვევებს, როდესაც მომავალი დედა ინტუიტიურად გრძნობს მის სხეულში ახალი სიცოცხლის ჩასახვას, მაგრამ კონკრეტულად რა აძლევს მათ ამის საფუძველს, ძნელი აღსაწერია. მეორეს მხრივ, ქალების იმ ნაწილში, რომელთაც ძალიან სურთ დაორსულება, ორსულობის პირველი ნიშნები (ამენორეა ანუ მენსტრუალური სისხლდენის გადაცდენაც კი) ვითარდება ორსულობის ფაქტის არსებობის გარეშე, ამას ფსიქოგენური ორსულობა ეწოდება, ამ დროს ორსულობის დომინანტას ჩამოყალიბება თავის ტვინში ხდება ძლიერი ფსიქოგენური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, შესაძლოა ამ ვითარებაში ადგილი ქონდეს საშვილოსნოს კედლის გასქელებას და მუცლის გარშემოწერილობის ზრდასაც კი, თუმცა რათქმაუნდა ექოსკოპიურად ჩანასახი საშვილოსნოში არ ფიქსირდება და ისმება ცრუ ორსულობის დიაგნოზი.

© 2015 ყველა უფლება დაცულია