Orsuli.ge - ორსულობის კვირები / კვირა 3

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
კვირა 3

ორსულობის გინეკოლოგიურ მე-3 კვირას უკვე შესაძლოა ვისაუბროთ ორსულობაზე, თუ განაყოფიერება შედგა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ემბრიონული ორსულობის 1 კვირა დაიწყო. ამ დროს კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწმით მიღებული პირველი უჯრედი - ზიგოტა - იწყებს ინტენსიურ დაყოფას: განაყოფიერებიდან 30 საათში უკვე 2 უჯრედია, 40 საათში - 4 უჯრედი. მე-4 დღეს ზიგოტისგან წარმოქმნილი 12-30 უჯრედისგან შემდგარი „გროვა“თუთის ნაყოფს გვაგონებს და ქვია მორულა, მე-6-7 დღეს უჯრედების რაოდენობა 250-ს აღწევს, ჩანასახი ბურთს გავს და ბლასტოცისტა ეწოდება, მისი დიამეტრი 0,1-0,2 მმ-ია. ამ „ბურთი“-ს უჯრედები თანდათან დიფერენცირდება, გარეთა შრის უჯრედები ტროფობლასტებად გარდაიქმნება, რათა შემდგომში „დაადნოს“ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი და მიემაგროს მას, ხოლო შიდა შრის უჯრედები წარმოქმნიან თავად ემბრიონს.


დაყოფის პარალელურად ზიგოტისგან წარმოშობილი უჯრედების ეს „გროვა“ გადაადგილდება საშვილოსნოს მილში საშვილოსნოს ღრუსკენ, მოძრაობის ეს პერიოდი 3 დღეს გრძელდება, რის შემდეგაც თუთის ნაყოფის მსგავსი ჩანასახი „ჩავარდება“ რა საშვილოსნოს ღრუში 2 დღის განმავლობაში მასში „თავისუფლად ცურავს“.

მე-6 დღიდან კი იწყება ჩანასახის საშვილოსნოს კედელთან მიმაგრების პროცესი, რასაც იმპლანტაცია ეწოდება. იმპლანტაციის არსი და ფუნქცია შემდეგში მდგომარეობს: ჩანასახის გარეთა უჯრედების მიერ გამოყოფილი ფერმენტების მეშვეობით მიმდინარეობს საშვილოსნოს კედელთან ჯერ 0,35 მმ დიამეტრის მქონე ჩანასახის მიწებების, ხოლო შემდეგ ამ მონაკვეთის ლორწოვანი გარსის დაშლის შედეგად მასში ღრმად შეღწევის პროცესი. საშვილოსნოს ეს „იარა“ თანდათან ამოივსება ეპითელური უჯრედებით და ჩანასახი აღმოჩნდება „ღრმად ჩამონტაჟებული“ საშვილოსნოს კედელში. ამის შემდგომ ტროფობლასტურ (ჩანასახის გარეთა უჯრედებს) უჯრედებს წარმოექმნება წანაზარდები, რომლითაც ის უკვე მიემაგრება საშვილოსნოს ამ მონაკვეთის სისხლძარღვოვან კალაპოტს, ამ მომენტისთვის დედის და ბავშვის სისხლის მიმოქცევის სისტემა ერთიანდება, რათა შემდგომში მზარდ პატარას დედის ორგანიზმიდან მიეწოდოს მისთვის აუცილებელი საკვები და ჟანგბადი. საშუალოდ იმპლანტაციის პროცესი 40 საათს მოიცავს და სრულად მთავრდება მე-7-9 დღისთვის. თუ განაყოფიერებიდან იმპლანტაციამდე ჩანასახი საკვერცხიდან გამოყოლილი „საგზლით“ იკვებებოდა, იმპლანტაციის მომენტიდან პატარას კვების და ჟანგბადით მომარაგების პროცესზე პასუხისმგებლობას სრულად იღებს დედის ორგანიზმი.

იმპლანტაციის „წარმატებულად დამთავრების“ შემდეგ ტროფობლასტის უჯრედები იწყებენ ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - გამომუშავებას. ეს ჰორმონი ხვდება დედის სისხლში, მისი მოქმედების შედეგად დედის ყველა ორგანო იწყებს ორსულობის პროცესისთვის „გადაწყობას“, ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის შარდთან ერთად და მისი მეშვეობით ხდება ორსულობის დადასტურება ტესტირების დროს.

მაშასადამე, იმპლანტაციის შემდეგ, ორსულობის გინეკოლოგიური მე-3 კვირის ბოლოსთვის ორსულობის ტესტის გამოყენებით, რომელშიც მოთავსებულია ჩანასახის მიერ გამოყოფილი ჰორმონის (ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის) აღმომჩენი ინდიკატორი (ეს ინდიკატორი წითლდება მეორე ხაზის სახით), უკვე 100%-ით შეგვიძლია დავადასტუროთ ორსულობა.

საკვერცხეში გახეთქილი ფოლიკულის ადგილზე ფორმირდება ე.წ. ყვითელი სხეული, რომელიც შედგება ლუთეინური უჯრედებისგან, ეს უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონს - პროგესტერონს. თუ მე-3 კვირის ბოლოსთვის ორსულობა არ დადგა, ყვითელი სხეული თანდათან განილევა და 10-12 დღის შემდეგ დაიწყება შემდეგი მენსტრუალური ციკლი. თუ ორსულობა დაწყებულია, ყვითელი სხეული განაგრძობს მომწიფებას და გადადის ახალ ფაზაში, რომელსაც ორსულობის ყვითელ სხეულად მოიხსენიებენ. ის „ცოცხლობს“ ორსულობის მე-12 კვირამდე, განაგრძობს პროგესტერონის გამომუშავებას და წყვეტს არსებობას იმ მომენტისთვის, როდესაც დედის საშვილოსნოში პლაცენტა ფორმირდება.

პროგესტერონი ორსულობის მთავარი ჰორმონია, მისი მოქმედებით დედის საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ხდება იმგვარი ცვლილებები, რომლებიც იმპლანტაციის წარმატებით განხორციელების მთავარი პირობაა - ლორწოვანი სქელდება, ფაშარი ხდება და მასში იზრდება სისხლის მიმოქცევა. რადგანაც შემდგარი განაყოფიერების შემთხვევაშიც კი წარუმატებელი იმპლანტაციის შედეგი არშემდგარი ორსულობა გახლავთ, პროგესტერონი, როგორც იმპლანტაციის პროცესის მთავარი წარმმართველი ჰორმონი, ორსულობის შემანარჩუნებელი ფაქტორია და თუ აღინიშნება მისი ნაკლებობა, ორსულობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ხდება მისი დამატებითი მიღება აბების სახით.

ცვლილებები ქალის ორგანიზმში

ეს კვირა ორსულობის გარიჟრაჟია, დედის ორგანიზმში იწყება ცვლილებების ერა: ხდება ნივთიერებათა ცვლის, ორგანოების ფუნქციონირების „გადაწყობა“ და ადაპტირება ორსულობასთან, ყოველივე ამას განახორციელებს ის ჰორმონები, რომლებიც დედის ჰორმონული სისტემის და ჩანასახის მიერ გამოიყოფა.

ამ ჰორმონული ცვლილებების შედეგებს აღიქვამს მომავალი დედა ორსულობის პირველი ნიშნების სახით, თუმცა ეს ჩივილები იმდენად სუბიექტურია, რომ მათი დაფიქსირება რაიმე ინსტრუმენტული გამოკვლევითაც კი ჯერ შეუძლებელია.

პირველ რიგში თვალში საცემი ხდება მადის ცვლილებები - ხშირ შემთხვევებში მადა იმატებს, შესაძლოა მუდმივი შიმშილის გრძნობაშიც გადაიზარდოს, ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით - მადა მკვეთრად მცირდება და საკვების მიმართ აუტანლობის გრძნობით გენერალიზირდება. საკვებთან მიმართებაში იმატებს ერთგარი „ჭირვეულობა“: ადრე საყვარელი კერძები ახლა ზიზღს იწვევს, იმატებს ეგზოტიკური მენიუ, მაგალითად მშრალი მაკარონი, მოუმწიფებელი ვაშლი და ა.შ.

მადასთან ერთად მკვეთრდება და გაუკუღმართდება სუნების შეგრძნებაც, ზოგიერთ სუნთან მიმართებაში „ინციდენტი“ შესაძლოა გადაიზარდოს ღებინების შეგრძნებაში ან გულისრევაში. შესაძლოა განვითარდეს არამოტივირებული, უმიზეზო გულისრევების ეპიზოდებიც.

იცვლება ქალის ფსიქიკური სტატუსი - იმატებს გაღიზიანებადობა, იმპულსურობა, ხშირად უმიზეზოდ და სპონტანურად იცვლება გუნებ-განწყობა - ტირილის განწყობას ცვლის ამაღლებული მხიარულება ან უმიზეზოდ სევდიანი მოტივები იჩენს თავს.

ამ დროს თავს იჩენს ჰორმონული რეკონსტრუქციის ყველაზე ობიექტური ცვლილება - მკერდის გამკვრივება: მკერდი იმატებს როგორც მოცულობაში, ასევე წონაში, მძიმდება. აღსანიშნავია, რომ მკერდის გამკვრივება დაწყებული იყო ორსულობის გინეკოლოგიურ მე-2 კვირაში, თუმცა მე-3 კვირაში ეს უკვე ვიზუალურადაც შესამჩნევი ხდება. მკერდის გამკვრივება და შემდეგში სტრუქტურის ცვლილება უკავშირდება ჰორმონ პროგესტერონს, რომელიც იწვევს ორგანიზმში სითხის „შეფერხებას“, სწორედ მკერდის ქსოვილში დაგროვილი სითხის მატება განაპირობებს ამ სიმპტომატიკის გამოჩენას და გაძლიერებას.

© 2015 ყველა უფლება დაცულია