Orsuli.ge - პრენატალური სკრინინგი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
პრენატალური სკრინინგი

თითეული დედა ღელავს საკუთარი პატარას ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ მისი მუცლადყოფნის პერიოდში.

შესაძლებელია თუ არა დაბადებამდე, ორსულობის ადრეულ ვადაზე, დადგინდეს, რომ ჩანასახს/ნაყოფს  „ყველაფერი კარგად აქვს“?

21-ე საუკუნეში მეან-გინეკოლოგია ფლობს მრავლობით სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტარს, რომლითაც შესაძლებელია ძალიან მაღალი ალბათობით დადგინდეს/გამოირიცხოს ჯერ ემბრიონის და შემდგომ ნაყოფის განვითარების შეფერხების ყოველგვარი გამოვლინება. ადრეულ დიაგნოსტიკას მედიცინის ენაზე სკრინინგს უწოდებენ, ხოლო გამოყენებული ინსტრუმენტარი იყოფა ორ მთავარ სეგმენტად:

√ ექოსკოპიური სკრინინგი

ექოსკოპიური სკრინინგი მოიცავს წინასწარ გაწერილი გრაფიკით მთელი ორსულობის მანძილზე (მინიმუმ 5-ჯერ) ექოსკოპიური კვლევების ჩატარებას. ამ ექოსკოპიური კვლევების დროს იზომება ასევე წინასწარ დადგენილი პარამეტრების მნიშვნელობები. თუ ამ პარამეტრების მნიშვნელობა „ჯდება“ ნორმად აღიარებულ ფარგლებში, დედების მთავარ კითხვაზე შესაძლოა მყარი დადებითი პასუხის გაცემა- „პატარას ყველაფერი წესრიგში აქვს“ ანუ იგი სწორად და დროულად ვითარდება.

ექოსკოპიური პარამეტრების განმარტებები და ნორმები
ექოსკოპიური კვლევა მე-5-8 კვირის ვადაზე
ექოსკოპიური კვლევა მე-10-12 კვირის ვადაზე
ექოსკოპიური კვლევა მე-18-24 კვირის ვადაზე
ექოსკოპიური კვლევა 30-32-ე კვირის ვადაზე
ექოსკოპიური კვლევა მშობიარობამდე

√ ლაბორატორიული სკრინინგი

ლაბორატორიული სკრინინგი მოიცავს გეგმიურ ანალიზებს, რომელთა ჩატარება ხდება გინეკოლოგთან გეგმიური ვიზიტების ფარგლებში, ძირითადად ორსულობის პირველ ტრიმესტრში (12 კვირამდე).

ლაბორატორიული სკრინინგი  მოიცავს:

სისხლის საერთო ანალიზს

შარდის საერთო ანალიზს

სისხლის ანალიზს სისხლის ჯგუფზე და რეზუს-ფაქტორზე

სისხლის კოაგულოგრამას

სისხლის ანალიზს ჰორმონებზე

ლაბორატორიული სკრინინგს ორი მთავარი ამოცანა აქვს:

□ აღმოაჩინოს დედის ორგანიზმში ის მდგომარეობები, რომელთა გავლენითაც შესაძლოა დაირღვას ემბრიონის/ნაყოფის სწორი განვითარება.

ლაბორატორიული ანალიზები, რომლებიც პასუხობენ ამ ამოცანას (დედის ორგანიზმის ფუნქციურ კვლევას) ტარდება ყველა ორსულში და მხოლოდ იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნაყოფის განვითარების შეფერხება;

□ დაადგინოს ნაყოფის განვითარების მანკების (გენეტიკური სინდრომების: დაუნის, პატაუს, ედვარდსის, ტერნერის და ტრიპლოდიის და სხვ) არსებობის ალბათობა. ამ უკანასკნელისთვის გამოიყენება ე.წ. ორმაგი და სამმაგი ტესტები.

ამ ამოცანის შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ტარდება მხოლოდ იმ ორსულებში, რომელთაც ორსულობის მე-10-14 კვირის ფარგლებში ექოსკოპიური კვლევით დაუდგინდათ ნაყოფის სწორი განვითარების პრობლემები - ყველაზე ხშირად ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქის ცვლილება (ნორმები ორსულობის ვადების მიხედვით).

„ორმაგი ტესტი“ ტარდება ორსულობის მე-10-13 კვირაზე, ორსული ქალის სისხლში განისაზღვრება ორი ჰორმონის კონცენტრაცია:

√ ქორიონული გონადოტროპინის -hCG - β (ბეტა) სუბერთეულები

√ ორსულობასთან ასოცირებული სისხლის პლაზმის A-პროტეინი РАРР-А

ამ ჰორმონების კონცენტრაციის ნორმიდან გადახრის მიხედვით მიიტანება ეჭვი ნაყოფში დაუნის და ედვარდსის სინდრომების არსებობაზე, თუმცა ეს ტესტი არ არის საბოლოო დიაგნოსტიკის საფუძველი.

„სამმაგი ტესტი“ ტარდება ორსულობის მე-14-16 კვირაზე, ორსული ქალის სისხლში განისაზღვრება სამი ჰორმონის კონცენტრაცია:

√ ქორიონული გონადოტროპინის -hCG - β (ბეტა) სუბერთეულები

√ ალფა-ფეტოპროტეინი - AFP (α-fetoprotein)

√ არაკონიუგირებული ესტრიოლი - UE3

ამ ჰორმონების კონცენტრაციის ნორმიდან გადახრა, ასევე მათი თანაფარდობის ცვლილებები საშუალებას იძლევა უფრო სარწმუნოდ დადგინდეს ნაყოფის გენეტიკური სინდრომების არსებობა, ამასთანავე მხოლოდ ეს ტესტი იძლევა საშუალებას დიაგნოსტირდეს ნაყოფის ნერვული სისტემის (ნერვული მილის) დეფექტების არსებობა (ამ უკანასკნელის დადგენა „ორმაგი ტესტით“ შეუძლებელია, რადგან ნერვული სისტემის განვითარების პრობლემებზე მხოლოდ ალფა-ფეტოპროტეინის კონცენტრაციის მიხედვითაა შესაძლებელი მსჯელობა, უკანასკნელი კი „ორმაგი ტესტის“ ფარგლებში არ იზომება).

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ზემოთმოყვანილი ტესტი 100% სიზუსტით ვერ განსაზღვრავს ნაყოფის განვითარების შეფერხებისა და გენეტიკური დეფექტების არსებობას, მათი საშუალებით დგინდება მხოლოდ ამ მდგომარეობების არსებობის მაღალი რისკი!


© 2015 ყველა უფლება დაცულია