Orsuli.ge - გულძმარვა ორსულობისას

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
გულძმარვა ორსულობისას

ორსულობის ადრეულ ეტაპებზე გულძმარვა უვითარდება 4 ორსულიდან საშუალოდ 3-ს. შესაძლოა გულძმარვა გამოუვლინდეს ორსულს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ორსულობამდე არასოდეს არ ქონია მსგავსი პრობლემა.

გულძმარვას თუ დავახასიათებთ, ის მოიცავს: არასასიამოვნო, მომჟავო გემოს პირის ღრუში, წვის და სიმძიმის შეგრძნებას როგორც კუჭის არეში, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მთელს ზედა ნაწილში - პირის ღრუში, ხახაში, საყლაპავში. გულძმარვის განვითარება შესაძლოა არ დაუკავშირდეს უშუალოდ კვების პროცესს, ის თავს იჩენს საჭმლის მიღებამდე შუალედებშიც.

გულძმარვას იწვევს კუჭში მარილმჟავას გამოყოფის ზრდა, კუჭის შიგთავსის უკან გადმოსროლა საყლაპავ მილში ე.წ რეფლუქს-ეზოფაგიტი. კუჭი ფიზიოლოგიურად მუშაობს მარილმჟავას გამოყოფით, რომელიც მასში მოხვედრილ საკვებს შლის, მაგრამ საყლაპავის და პირის ღრუს ლორწოვანისთვის მარილმჟავა აბსოლუტურად „მიუღებელია“, ის წვავს მას და იწვევს გულძმარვის განვითარებას. 

რატომ ვითარდება გულძმარვა ორსულობის დროს ასე ხშირად?

გულძმარვის წარმოშობა ორსულობის დროს ძირითადად უკავშირდება ჰორმონულ ცვლილებებს ორგანიზმში. საყლაპავსა და კუჭს შორის კუნთოვანი სპინქტერია, რომელიც ბლოკავს კუჭის შიგთავსის გადასვლას საყლაპავში. ორსულობის დროს იმატებს პროგესტერონის კონცენტრაცია, თავის მხრივ პროგესტერონი იწვევს კუნთების მოდუნებას, რაც საჭიროა საშვილოსნოს კუნთოვანი შრის ტონუსის შესამცირებლად და ნაყოფის „მოსვენებული“ მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ როგორც გვერდითი ეფექტი, დუნდება ორგანიზმში ყველა კუნთი, მათ შორის კუჭის სპინქტერიც.

ორსულობის ვადის ზრდის პარალელურად გაზრდილი საშვილოსნო აწვება და ავიწროვებს ნაწლავებს, რომლებიც თავის მხრივ აწვება დიაფრაგმას და კუჭს. ეს ქმნის კუჭის შიგთავსის მექანიკური გადასროლის დამატებით პირობას საყლაპავში. ჰორმონალური ცვლილებები იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებასაც.

გულძმარვა ქმნის მხოლოდ სუბიექტურ უარყოფით შეგრძნებებს, თავად ორსულობის განვითარებაზე ის არანაირ გავლენას არ ახდენს.

ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად მცირდება პროგესტერონის გამომუშავება და შესაბამისად გულძმარვაც მცირდება. პროგესტერონის კონცენტრაციის კლება უკავშირდება მშობიარობისთვის მომზადების პროცესებს, როდესაც საშვილოსნოს კუნთოვანი აპარატი „ემზადება“ ჭინთვებისთვის და ნაყოფის თავის ქვემოთ გადაადგილებით საშვილოსნოც იკავებს უფრო ქვედა პოზიციას და მცირდება დიაფრაგმაზე და კუჭზე მისი ზეწოლა.

როგორ ვუმკურნალოთ გულძმარვას ორსულობის დროს?

არსებობს მიდგომები, რომლებიც საშუალებას იძლევა მინიმუმამდე შემცირდეს გულძმარვის წარმომქმნელი ფაქტორების მოქმედება და მოიხსნას სხვა დამატებითი ზემოქმედება, რითიც ისედაც არსებული გამოვლინება უფრო მეტად მძიმდება:

(1) არ მიიღოთ სპაზმოლიტიკები, მაგ. ნო-შპა - ისინი კიდევ უფრო ადუნებენ სპინქტერს და ზრდიან კუჭის შიგთავსის გადმოსროლის შესაძლებლობას;

(2) არ ჩაიცვათ ქამრიანი ტანსაცმელი, რომელიც ზრდის დიაფრაგმაზე ზეწოლას, ჯდომით პოზაში შეეცადეთ ფეხები მაქსიმალურად გაშლილ პოზიციაში გქონდეთ (მოხრილი ფეხებით ჯდომისას იზრდება ასევე ზეწოლა), ჭამის შემდეგ შეეცადეთ არ დაწვეთ ნახევარი საათი მაინც, ჰორიზონტალური პოზა ზრდის გადადინების ეფექტს.

(3) დაიცავით დიეტოთერაპიული შეზღუდვები - საკვები მიიღეთ უფრო მოხარშული, გახეხილი/გატარებული, მოთუშული სახით, ვიდრე შემწვარი, შეზღუდეთ ყავა და კოფეინიანი პროდუქტები, ასევე შებოლილი და კონსერვირებული (ძირითადად ქარხნულ კონსერვირებაზეა საუბარი) საკვები; ბოსტნეულიდან შეზღუდეთ პომიდორი, პური (ის პური, რომელშიც ბევრი დროჟია), თევზი, ასევე ცხელი საკვები (უპირატესობა ენიჭება გრილ საკვებს). ბოლოს, ჭამეთ ცოტ-ცოტა და ბევრჯერ (6-7ჯერ), შეეცადეთ ბოლო კვების შემდეგ დაწვეთ დასაძინებლად 2 საათის შუალედის დაცვით.

(4) ბუნებრივი ლორწონავის ამომფენი საშუალებებიდან, რომლებიც იცავს ლორწოვანს მჟავას ზემოქმედებისაგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი „კისელები“ ან 50მლ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი, გახეხილი სტაფილო, ნუში, ტკბილი ვაშლი, გაღეჭოთ უმი გერკულესი, კარგად გარეცხილი პეტრუშკა.

(5) მიიღეთ მინერალური სასმელები, სასურველია გაზგაცლილი, ყლუ-ყლუპად, მათი ტუტე არე შეამცირებს კუჭის მჟავა არეს, დღე-ღამეში შესაძლებელია 1 ლიტრის მიღება.

(6) სამკურნალო პრეპარატებიდან გულძმარვის მოსახსნელად ორსულობის დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ფოსფალუგელი, სმექტა, მაალოქსი. მათ მიღებამდე უპირატესობა ენიჭება დიეტოთერაპიას და მინერალური სასმელების მიღებას, თუ მათი საშუალებით ვერ გადაიჭრება გულძმარვის პრობლემა და გულძმარვა შეუძლებელს ხდის ორსულის ჯანსაღ კვებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში ინიშნება ზემოთაღნიშნული მედიკამენტები. პრეპარატები მიიღება გულძმარვის განვითარებისას სიმპტომურად ან კურსობრივად ჭამიდან 1 საათის შემდეგ, მათი დღე-ღამური მიღება არ უნდა აჭარბებდეს 4-ჯერად ოდენობას, ბოლო მე-4 მიღება სასურველია ძილის წინ.

დასკვნის სახით, ყველა ღონისძიება მიმართულია ორსულის თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად, გულძმარვის არსებობა არ მეტყველებს რაიმე პათოლოგიაზე ან ორსულობის განვითარების შეფერხებაზე


© 2015 ყველა უფლება დაცულია