Orsuli.ge - 5 თვის ჩვილი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
5 თვის ჩვილი

თავისი ცხოვრების მეორე თვიდან წლამდე პერიოდში ბავშვს ჩვილი ჰქვია.

ჩვილობის მეხუთე თვეს პატარა სწავლობს დახმარებით ან საყრდენთან მიყუდებულ ჯდომას, მისი ხერხემლის კუნთების განვითარების კვალდაკვალ შესაძლებელი ხდება დამოუკიდებლად ჯდომისთვის მომზადება, პატარას ძალიან მოსწონს, როდესაც ზურგზე დაწოლილს ხელებს ჩასჭიდებენ და წამოსვამენ. იწყებს განვითარებას ჩვილის ფეხის კუნთებიც, ამ ეტაპზე შესაძლებელია იღლიებით დაფიქსირებული დავაყენოთ მცირე ხნით, ის  უკვე ცდილობს საყრდენზე ტერფებით მიებჯინოს და ფეხები გამართოს, თუმცა ასეთი აქტივობა ჯერ ხანმოკლეა და ეპიზოდურია.

ხუთი თვის ჩვილის ძილის რითმი თითქმის უცვლელია, მას ერთიდაიგივე ჩაძინებისა და გამოღვიძების გრაფიკი აქვს, ძინავს ღამით სტაბილურად 6 საათი, დღის განმავლობაში აქვს 3 ან 4 ძილის ეპიზოდი, რომელიც ასევე დროშია „გაწერილი“ (თუ რაიმე სხვა გამღიზიანებლები, მაგალითად ვირუსით ავადობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სხვა, არ ჩაერთვება მის ცხოვრებაში).

 

განვითარების მაჩვენებლები

მეხუთე თვეში ჩვილი წონაში საშუალოდ 700 გრამს იმატებს, შესაბამისად ბიჭების წონა მე-5 თვის ბოლოსთვის - 6.15 - 8.05 კგ ფარგლებში, ხოლო გოგონების - 6.05 - 7.85 კგ ფარგლებში ვარირებს;

მეხუთე თვეში ჩვილი სიმაღლეში საშუალოდ 3 სმ-ით იზრდება, ბიჭების სიმაღლე - 61.70-68.00 სმ-ს, გოგონების - 59.60-67.00 სმ-ს აღწევს.

5 თვის ჩვილის მოძრაობითი აქტივობა იცვლება მისი ჯდომის უნარის განვითარების კვალდაკვალ - პატარა თანდათან სწავლობს წამომჯდარ პოზაში ყოფნას - ჯერ იღლიებით დაფიქსირებული ან სხვადასხვა საყრდენთან მიბჯენილი ზის. ამ დროს მისი ჰიპოფიზი სხეულის სივრცული განლაგების სრულიად ახალ სქემას ითვისებს, პარალელურად ხერხემლის წელის მიდამოს კუნთების განვითარება მას ჯდომით პოზაში ხერხემლის სვეტის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების საშუალებას აძლევს და ჩვილი უკვე იღლიებით დაფიქსირების გარეშეც (მხოლოდ საყრდენზე მიბჯენილი) ზის.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ:

ხომ არ ყირავდება საყრდენზე ზურგით მიბჯენილი პატარა გვერდულად - ეს მიუთითებს ჰიპოფიზის უმწიფრობაზე და მიანიშნებს, რომ მისი ჯდომა ჯერ ადრეა. შესაძლებელია დავუცადოთ ჰიპოფიზის ასაკობრივ ზრდას ან წამოვსვათ ჩვილი დღეში 3-4-ჯერ 10-15 წუთით იღლიებით დაფიქსირებული, რათა მან სხეულის სივრცული კოორდინაცია თანდათან აითვისოს;

ხომ არ ყირავდება საყრდენზე ზურგით მიბჯენილი პატარა წინ - ეს მიუთითებს ხერხემლის კუნთების უმწიფრობაზე და მიანიშნებს, რომ მისი ჯდომა ჯერ ადრეა. საჭიროა ჯერ ზურგზე დაწოლილი პატარა ხელებით ჩაჭიდებული წამოვსვათ და ისევ დავაწვინოთ,და ასე ვავარჯიშოთ იგი დღეში 8-10-ჯერ.

კიდევ ერთი წინსვლა მის მოძრაობით აქტივობაში ფეხების კოორდინირებული ჩართვაა. მუცლადყოფნის პერიოდში სხეულის ქვედა ნაწილებს, ძირითადად ქვედა კიდურებს, მიეწოდება ჟანგბადით შედარებით გაღარიბებული სისხლი, ამიტომ პატარას დაბადებისას ფეხები ყველაზე ნაკლებად აქვს განვითარებული და ჩვილობისას ყველაზე დაგვიანებით იწყებს განვითარებას.

მეხუთე თვეში ჩვილი გააზრებულად იყენებს არა მარტო ხელებს, არამედ ფეხებსაც - ფეხით შეუძლია ჩაეჭიდოს და „მოითრიოს“ ნივთები, თუ ფეხებით შეიგრძნობს საყრდენს (მაგალითად საწოლის კედელს), მიებჯინება მას და აკეთებს ბიძგს, თუ იღლიებით დაფიქსირებულს დავაყენებთ ფეხებით იატაკთან, ებჯინება ფეხებით საყრდენს და ცდილობს გამართოს ფეხები. მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ მუცელზე დაწოლილი იწყებს ხოხვის მსგავს მოძრაობებს და ახლა უკვე ხელების გარდა ფეხებსაც იყენებს ამ აქტივობაში.

ხუთი თვის ჩვილს ეწყება მომატებული ნერწყვდენა ანუ დორბლიანი ხდება, მისი ქვედა ყბის შუა ნაწილი შესივებას იწყებს, შესაძლოა გამოჩნდეს ღრძილებქვეშ ორი პაწია კბილის მოთეთრო ჩანასახი, კბილების ამოსვლა მხოლოდ შემდეგ თვეშია მოსალოდნელი, თუმცა ამოსვლამდე განვითარებული ნიშნები მეხუთე თვეში უკვე სახეზეა.

ხუთი თვის ჩვილისთვის სამყაროს აღქმის მთავარი „ინსტრუმენტარი“ უკვე მხედველობა და სმენაა, ის ცნობს საგნებს (სათამაშოებს) და აქვს დასწავლილი მათთან მოპყრობის სცენარი - ატრიალებს სხვადასხვა მრგვალ ნაწილებს, აჩხარუნებს, თუ სათამაშო ხმას გამოსცემს და სხვა, არჩევს მათ ფერებს და ფერების ტონალობებს, მაგრამ ამ ეტაპის ყველაზე მთავარი მიღწევაა - პატარა ეძებს მზერით და ასე პოულობს მისთვის ნაცნობ ნივთებს. ჩვილის მხედველობითი არეალი ფართოვდება ჯდომის უნარის გამომუშავებასთან ერთად - ის უფრო მეტ საგანს ხედავს და მეტი შესაძლებლობა აქვს დამოუკიდებლად ითამაშოს, შესაბამისად სოციალურ კომუნიკაციაში ადამიანებთან კონტაქტის დანიშნულება „მისი დახმარება“ აღარაა მხოლოდ და მიმდინარეობს ემოციურ ურთიერთობებზე უფრო მეტად „გადართვა“.

ხუთი თვის ჩვილი რეაგირებს ნებისმიერ ბგერაზე და ხმაურზე, მისი სმენის ზღურბლი თითქმის მოზრდილი ადამიანის განვითარების დონეზეა, ამიტომ ხამურიანი გარემო პატარასთვის უკვე მიუღებელი ხდება, ჩაძინებისთვის იგი სიჩუმეს მოითხოვს,  ხმამაღალ ბგერებზე ნეგატიურად რეაგირებს.

ადამიანებთან კომუნიკაციის სფეროში ხუთი თვის ჩვილს ახალი მიზნები უჩნდება: ის ცდილობს საკუთარი თავის ირგვლივ „შეკრიბოს საზოგადოება“ ემოციური ურთიერთობებისთვის და ამისთვის ყველაზე აქტიურად ვოკალიზაციას (ხმოვან კომუნიკაციას) იყენებს - ის მუდმივად ღუღუნებს, წარმოსთქვამს ბგერებს, ახლა უკვე თანხმოვნებს და ხშირად მარცვლებს, როგორიცაა „და-და-და“, „ბე-ბე-ბე“, „მა-მა-მა“, ეს მეტყველების ჩანასახებია, ამასთანავე ააქტიურებს თავის გახმოვანებებს ადამიანების გამოჩენისას, ის თითქოს იწვევს მასზე დიდებს ურთიერთობებისთვის. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, აქვს თუ არა ამ ასაკში ჩვილს კომუნიკაციის ასეთი ხმოვანი ფორმები, რადგან მათი არარსებობისას შესაძლებელია ამ ადრეულ ასაკშივე გამოვლინდეს აუტისტური სპექტრის აშლილობა (თუმცა მხოლოდ ეს სიმპტომი არ არის საკმარისი დიაგნოსტირებისთვის, შესაძლებელია ზოგიერთი პატარა მცირედ ჩამორჩებოდეს განვითარებით თავის თანატოლებს და ვოკალიზაცია 6-8 თვის ასაკიდან დაიწყოს). სასურველია როგორ მშობლებმა, ასევე და-ძმებმა ბევრი დრო დაუთმოს ხუთი თვის ჩვილთან ხმოვან კომუნიკაციას, კარგია თუ წაუკითხავთ ზღაპრებს, უმღერებთ და უბრალოდ ელაპარაკებით ბევრს.

კვება

ხუთი თვის ჩვილის კვების მთავარ რეკომენდაციად რჩება - ძუძუთი კვება. როგორც წესი პატარები ამ ასაკში დღეში უკვე 6-ჯერ ჭამენ, ღამით კი 1-2-ჯერ. თუმცა თუ კვება შერეულია (ძუძუთი კვება + რძის შემცვლელი ხელოვნური საკვები) ან მთლიანად ხელოვნურია, მაშინ კვების ჯერადობის დაცვა საჭიროა 5-ჯერადად და კვებებს შორის შუალედი სასურველია შეადგენდეს 4 საათს.

ძალიან საკამათო საკითხია დაიწყოს თუ არა ხუთი თვის ჩვილმა დამატებითი საკვების მიღება, ეს საკითხი წყდება პედიატრთან კონსულტაციის შედეგად და ინდივიდუალურად. თუ პატარას არ აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, არ უვლინდება ალერგიული რეაქციები, წონაში ნამატი კარგია, შესაძლებელია დამატებითი კვების დაწყება, სასურველია ასეთი გადაწყვეტილების მიღების შედგომ გათვალისწინებულ იქნას შემდეგი რეკომენდაციები:

√  დამატებითი კვება იწყება ხილის წვენებით ან პიურეებით - თუ ბავშვებისთვის განკუთვნილ დაკონსერვებულ საკვების ჩართვაზეა საუბარი, პირველი დამატებითი საკვები აუცილებლად ხილის წვენია, თუ ცოცხალ ხილს ვრთავთ კვებაში, მაშინ პირველი დამატებითი საკვები შესაძლოა პიურეც იყოს (მაგალითად კოვზით ათლილი ვაშლის პიურე);

√  პირველი დამატებითი კვებისთვის გამოიყენება ყველაზე ადვილად მოსანელებელი ხილი - ვაშლი, შემდგომში მას ემატება ბანანი, ქლიავი, ალუბალი, როდესაც პატარა კარგად მიეჩვევა ამ ხილს,  შესაძლებელია დაემატოს გოგრა, მსხალი, ატამი, მალინა და სხვა კენკროვანი ხილი. ყურძნისა და ციტრუსების გამოყენება დამატებით საკვებად ამ ასაკში არარეკომენდებულია;

√ დამატებითი კვების დაწყება ხდება მხოლოდ ერთი სახეობის ხილით და მცირე პორციით (მეოთხედი ჩაის კოვზი), კარგია თუ დამატებით საკვებს ჩვილს მივცემთ ძუძუთი კვების შემდგომ, პირველი პორციის კარგად „გადატანის“ შემდგომ, პატარას ყოველდღიურად „ეზრდება“ მიღებული დამატებითი პროდუქტის პორციები - მეორე დღეს უკვე ნახევარი კოვზი 1-2-ჯერ დღეში, მესამე დღეს - ორი კოვზი 2-3-ჯერ დღეში, მეოთხე დღეს - სამი კოვზი 2-3-ჯერ დღეში და ა.შ., ყოველდღიურად ერთი სახეობის ხილის მაქსიმალური პორცია შეადგენს - 5-10 კოვზი 3-5-ჯერ დღეში. ხილის ყოველი ახალი სახეობის დამატება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინა სახეობის ხილის მიღებას კარგად მიეჩვევა ჩვილის კუჭ-ნაწლავი, ეს კი საშუალოდ 5-8 დღეს მოიცავს.

ძილი

ხუთი თვის ჩვილს ძინავს ღამით 10 საათი, იღვიძებს კვებისთვის 1-2-ჯერ, მცირდება ღამით შარდის გამოყოფა, ამიტომ ისე გადავსებული „პამპერსით“ აღარ იღვიძებს პატარა.

დღის ძილი ამ ასაკში შეადგენს საშუალოდ საათნახევრიან 3-4 ეპიზოდს. მნიშვნელოვანია, რომ ხუთი თვის ჩვილს ძილისთვის შექმნილი ჰქონდეს შესაბამისი (მშვიდი და ჩუმი) გარემო, რადგან მას ხმაურზე უკვე ადვილად ეღვიძება.

ასევე სასურველია პატარამ ჩაიძინოს დამოუკიდებლად საკუთარ საწოლში რწევით და არა ხელში, რადგან მას აღარ აქვს სამყაროსთან „უცხოობის“ პრობლემები, საკმარისად შესწავლილი აქვს და დადებითად იცნობს მის მიკროგარემოს, რათა შეეძლოს თვით-მოდუნება და ჩაძინება, ამიტომ აღარ სჭირდება ფსიქოლოგიური სტრესების მოსახსნელად ადამიანის სხეულთან კონტაქტი (როგორ ახალშობილობის პერიოდში), წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჰიპერ-მზრუნველობის ამ ჟესტმა - ხელში დაძინების ჩვევამ ჩვილს შემდგომში ემოციური განვითარების პრობლემები შეუქმნას.

ფსიქო-ემოციური განვითარების თვალსაზრისით ხუთი თვის ჩვილი ჰგავს გალიიდან გამოშვებულ ჩიტს - „მას ყველაფერი აინტერესებს“, რასაც სხვა ადამიანები განიცდიან, ჭამენ, ხშირად ხმარობენ და ა.შ., ხანდახან ისეთი რამეებიც, რაც დიდებისთვის საოცარი და მიუღებელია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, პატარას ემოციური ინტელექტი იწყებს კვებას ყველა იმ სტიმულით, რაც გარშემომყოფი ადამიანებისგან მოდის, შესაბამისად ხუთი თვის ჩვილი ყველაზე ემოციური არსება ხდება და თუ მის ინტერესებს დავაჯგუფებთ - თავში ექცევა ადამიანებთან ემოციური კომუნიკაცია.

ამ ასაკის პატარა უკვე აღარაა მიჯაჭვული ჩვეულ კვებისა და სისუფთავის მოთხოვნილებებზე, რისთვისაც მუდამ დიდების ყურადღებას ძირითადად ტირილით იპყრობდა, მას დამოუკიდებელი თამაშის ელემენტები უჩნდება, მას ესმის, რომ შესაძლოა „მოთმინება“ მოუხდეს, ვიდრე სასურველ ნივთს მიიღებს ან ყურადღებას  მიიპყრობს, პატარამ უკვე კარგად იცის, რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭიროა ამ ადამიანებისთვის დადებითი ემოციების გაზიარება, ურთიერთობებში ციცქნა რთავს მეტყველების ჩანასახებსაც - ბგერებს და მარცვლებს, შუალედებში ამ ხმოვანი სავარჯიშოებით არის დაკავებული და საბოლოოდ სივრცე, სადაც ხუთი თვის ჩვილია სავსეა ღუღუნით, ფრუტუნით, ჭუჭყუნით, წუწუნით, სიმღერით ... მაგრამ ამ დროს დედა გრძელი უძილო ღამეებით არის გადაღლილი და მას ძალიან უჭირს ჩვილის მოჭარბებული ემოციური ყურადღების დაკმაყოფილება, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პატარას აღზრდის საქმეში ამ ეტაპზე სხვა ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობა, განსაკუთრებით სხვა, უფრო მოზრდილი ბავშვების თანამონაწილეობა.


© 2015 ყველა უფლება დაცულია