Orsuli.ge - საშვილოსნოსგარე ორსულობა

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
საშვილოსნოსგარე ორსულობა

საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს კვერცხუჯრედი ჩვეულებრივ განაყოფიერდება, თუმცა მისი მიმაგრება ხდება საკვერცხეში, საშვილოსნოს ე.წ. ფალოპის მილებში, მუცლის ღრუში ანუ „სადმე სხვაგან“, მაგრამ არა საშვილოსნოს კედლის ლორწოვანში. ამ დროს ორსულობა აუცილებლად წყდება, რადგან საშვილოსნოს გარეთ, არც ერთ ქსოვილში არ არის შესაძლებელი პლაცენტის განვითარება და შესაბამისად ნაყოფის გამოზრდა.

მაშასადამე, საშვილოსნოსგარე ორსულობა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნომდე მოძრაობის გზაზე აღმოცენებული პათოლოგიის შედეგია:

ამ დროს კვერცხუჯრედი, რომელიც უკვე გამოსროლილია საშვილოსნოს მილში და განაყოფიერებულია აქვე სპერმატოზოიდის მიერ,

- ან ვეღარ აგრძელებს მოძრაობას საშვილოსნოს მილში არსებული „წინააღმდეგობების“ გამო და განაყოფიერებიდან 6 დღის შემდეგ მიემაგრება იქვე - საშვილოსნოს მილის კედელზე - ასეთი ექტოპიური ორსულობა საშვილოსნოსგარე ორსულობების 98%-ს შეადგენს;

- ან უკან შეიწოვება და ჩაიზრდება საკვერცხეს ქსოვილში ან ახლომდებარე მუცლის ღრუს კედელზე- ეს უკიდურესად იშვიათი საშვილოსნოსგარე ორსულობაა.

რა საშიშროებას ქმნის საშვილოსნოსგარე ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის?

როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიემაგრება საშვილოსნოს მილის კედელს და იწყებს მილში ზრდას, მცირე დიამეტრის მილის კედლები გარკვეულ მოცულობამდე იჭიმება, თუმცა გარკვეული სიდიდის შემდგომ ვეღარ უძლებს „მსგავს დატვირთვას“ (ბუნებრივად ის არაა გათვლილი მსგავსი ფუნქციის შესასრულებლად) და სკდება. ამის შედეგად სისხლი, ლორწო და სანაყოფე პარკი ხვდება მუცლის ღრუში, რომელიც თავისთავად აბსოლუტურად სტერილურია, იწყება მუცლის ღრუს ინფიცირება და ვითარდება მუცლის ღრუს ანთება - პერიტონიტი.

საკვერცხეში ან პერიტონეუმში განვითარებული საშვილოსნოსგარე ორსულობებიც ასევე „მთავრდება“ პერიტონიტით, თუმცა ამ დროს სიმპტომატიკა უფრო სწრაფად გამოვლინდება, ვიდრე მილისმიერი ექტოპიური ორსულობის დროს.

პერიტონიტი კრიტიკული მდგომარეობაა, რომელსაც თან ახლავს ძალიან ძლიერი ტკივილები, ტოქსიური შოკი და სეფსისის (მთლიანად სისხლის ინფიცირება) განვითარების საფრთხე, მკურნალობა ამ დროს მხოლოდ სტაციონარულია და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას.

რა იწვევს საშვილოსნოსგარე ორსულობას?

ყველაზე ხშირად ორსულობის ასეთ პათოლოგიას განაპირობებს ქალის გინეკოლოგურ ორგანოებში ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესი და აბორტით დამთავრებული პირველი ორსულობა. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს საშვლოსნოს მილების ლორწოვანის ანთებითი შესიების და შემდგომ გაგრძელებული შეხორცებითი პროცესის შედეგად განვითარებულ საშვილოსნოს მილების კუმშვადობის შემცირებას და მათი სანათურის გადაკეტვას.

ექტოპიური ორსულობა ასევე შესაძლოა გამოიწვოს გინეკოლოგიური ორგანოების სიმსივნურმა პროცესმა ან მათი განვითარების თანდაყოლილმა მანკებმა (გრძელი საშვილოსნოს მილები), როდესაც ასევე ირღვევა საშვილოსნოს მილების ჩვეული გამავლობა.

რა სიმპტომებითაა შესაძლებელი საშვილოსნოსგარე ორსულობის ამოცნობა?

ამ მდგომარეობის დამახასიათებელი პირველი სიმპტომატიკა უკავშირდება ყრუ, მუდმვ და საკმაოდ ძლიერ ტკივილს, რომელიც ლოკალიზებულია მცირე მენჯის ღრუში მხარეობრივად - იმის მიხედვით რომელ, მარცხენა თუ მარჯვენა, მილშია განვითარებული საშვილოსნოსგარე ორსულობა.

ტკივილს თან ახლავს ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა და ხშირი გულის წასვლის შეგრძნება ან თვითონ სინკოპე (გულის წასვლა).

კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელი სიმპტომია - გამონადენი სასქესო გზებიდან, ის სისხლიანია და უხშირესად მკვეთრად ალიფერად შეფერილი, არ წყდება და შესაძლოა მცირე ოდენობის იყოს, თუმცა მუდმივ ხასიათს ატარებდეს.

როგორ და რა ვადაზე დიაგნოსტირდება საშვილოსნოსგარე ორსულობა?

ორსულობის ამ პათოლოგიის დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ ექოსკოპიური კვლევით ორსულობის გინეკოლოგურ მე-4 კვირის ვადის შემდგომ (ანუ უკანასკნელი მენსტრუალური სისხლდენის პირველი დღიდან 4 კვირის თავზე).

როდესაც საორსულე ტესტის პასუხი დადებითია, სისხლში ქორიონული გონადოტროპინს აღმოჩენა მიუთითებს ორსულობაზე და ამ დროს აბდომინალური (მუცლის კედელზე ჩატარებული) ექოსკოპიით ორსულობის მე-6-7-კვირაზე, ხოლო ინტრავაგინალური (საშოსმიერი) ექოსკოპიით ორსულობის მე-4.5-5 კვირაზე სანაყოფე კვერცხი არ ფიქსირდება საშვილოსნოს ღრუში, ეჭვი მიიტანება საშვილოსნოსგარე ორსულობაზე, იწყება მუცლის ღრუს ორგანოების, მათ შორის საშვილოსნოს მილების სკურპულოზური დათვალიერება, რა დროსად აღმოჩნდება კვერცხუჯრედის ექტოპიური მდებარეობა.

როგორია საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობა და პროფილაქტიკა?

ორსულობის ამ პათოლოგიას მხოლოდ ოპერაციული ჩარევით მკურნალობენ, უხშირესად ტარდება ლაპარასკოპიული ოპერაცია - ეს ენდოსკოპიური ოპერაციაა, როდესაც მუცლის წინა კედელზე გაკეთებული ძალიან მცირე განაკვეთიდან შესაძლებელია სპეციალური ოპტიკური და ქირურგიული აპარატურის შეყვანა მუცლის ღრუში და მინიმალური დაზიანებებით სანაყოფე პარკის ამოღება საშვილოსნოს მილიდან. ყველაზე მთავარია ამ ოპერაციის შედეგად შენარჩუნებულ იქნას საშვილოსნოს მილი, რაც მისი გახეთქვის შემთხვევაში შეუძლებელი ხდება.

ოპერაციის შემდგომ, თუ საშვილოსნოს მილები ( ან ერთი მილი მაინც) შენარჩუნებულია, აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, რათა სრულად ალაგდეს ანთებითი პროცესი და აღდგეს მილების გამავლობა. ამიტომ შემდგომ დაორსულებამდე საჭიროა მინიმუმ 6-თვიანი პერიოდის მოცდა, რისთვისაც ამ ვადით ინიშნება კონტრაცეტიული ღონისძიებები.

საშვილოსნოსგარე ორსულობის პროფილაქტიკისთვის რისკ-ჯგუფის ქალებში (რომლებსაც აქვთ გინეკოლოგიური ორგანოების თანდაყოლილი მანკები, ხანგრძლივი ინფექციური პროცესი, აბორტებით დამძიმებული ისტორია) ორსულობამდე სასურველია ჩატარდეს საშვილოსნოს მილების გამავლობის კვლევა ე.წ. ჰისტეროსალპინგოგრაფია. ეს არის კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ულტრაბგერის კონტროლით ხდება საშვილოსნოს მილების გამტარიანობის დადგენა. აღნიშნული პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის მე 7-10 დღეს.


© 2015 ყველა უფლება დაცულია