Orsuli.ge - 2 თვის ჩვილი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
2 თვის ჩვილი

თავისი ცხოვრების მეორე თვიდან წლამდე პერიოდში ბავშვს ჩვილი ჰქვია.

ჩვილობის მეორე თვეს „გამოცოცხლების ხანას“ უწოდებენ, რადგან პატარა თავისი ქმედებების ნებით გაკონტროლებას იწყებს - მისი მტევნები აღარაა მუშტად შეკრული, ამიტომ მას შეუძლია ხელში (მართალია ძალიან მცირე დროით) საგნების დაჭერა, თითების პირთან მიტანა და წოვა, პატარას შეუძლია ასევე მზერის დაფიქსირება ახლოს მდებარე საგნებზე, ის არა მხოლოდ აღიქვამს და აკვირდება დედის სახეს, არამედ მის დანახვაზე ხელებისა და ფეხების ქაოტური მოძრაობით რეაგირებს.

ორი თვის ჩვილის ძილის რითმი მნიშვნელოვნად არ იცვლება, მას დღე-ღამეში კვლავ 18 საათამდე ძინავს, მცირედ იზრდება ღვიძილის ეპიზოდების ხანგრძლივობა, რომელთა განმავლობაში პატარა მარტო ჭამით არაა დაკავებული, ის მოძრაობით აქტივობებს და გარემოს შესწავლასაც ეთმობა.

მეორე თვის ბოლოსთვის ღარიბდება თავდაცვითი რეფლექსები და მოძრაობითი რეფლექსების უმრავლესობა ქრება, ამით ჩვილი სხვადასხვა სტიმულებზე მრავალფეროვანი და უკვე გააზრებული პასუხის გენერირებას ცდილობს, მაშინ, როდესაც ახალშობილობის პერიოდში ამავე სტიმულებზე პასუხი მექანიკური და თითქმის ერთნაირი იყო.

განვითარების მაჩვენებლები

მეორე თვეში ჩვილი წონაში საშუალოდ 800 გრამს იმატებს, შესაბამისად ბიჭების წონა მე-2 თვის ბოლოსთვის - 3.90-5.80 კგ ფარგლებში, ხოლო გოგონების - 3.80-5.60 კგ ფარგლებში ვარირებს;

მეორე თვეში ჩვილი სიმაღლეში - 3-5 სმ-ით იზრდება, ბიჭების სიმაღლე - 54.40-60.40 სმ-ს, გოგონების - 53.00 – 59.10 სმ-ს აღწევს.

განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ჩვილის გულმკერდი და მისი გარშემოწერილობა 15-20 მილიმეტრით მეტია წინა თვის მონაცემებთან დაკავშირებით, ეს ფილტვებისა და სასუნთქი კუნთების განვითარებასთანაა დაკავშირებული.

2 თვის ჩვილის მოძრაობითი აქტივობა ძალიან განსხვავდება ახალშობილის მოძრაობებისგან - პროგრესი სახეზეა:

მას გამუდმებით აღარ უჭირავს ემბრიონის პოზა, კიდურები ხშირად მოდუნებულია და გადაშლილია საწოლზე, მართალია ხელებს და ფეხებს ის მაინც ქაოტურად ამოძრავებს, მაგრამ ამ მოძრაობების ინტენსივობა იცვლება პატარას ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე - ტირილის და სიხარულის დროს ინტენსიურდება, მოსვენებულ მდგომარეობაში თითქმის ქრება.

ჩვილს შეუძლია ძალიან ცოტა ხნით თავის დაჭერა - დაახლოვებით 10-20 წამით, მუცელზე დაწოლილი ცდილობს თავის აწევა, თუმცა ასევე ხანმოკლედ გამოსდის ეს.

ჩვილს შეუძლია მცირე ხნით დაიჭიროს ხელში მსუბუქი ნივთი, ის უფრო ეჭიდება ამ ნივთს, ვიდრე მოზრდილივით იჭერს, თუმცა უკვე გადაშლილი ხელისგულით (მუშტად შეკრულის მაგივრად) მანიპულაციის შესაძლებლობები გააჩნია. წოვითი რეფლექსის გამო მის პირთან მოხვედრილი ხელის თითები ხშირად მისი საწოვარა ხდება, თუ დავაკვირდებით, ჭამის წინ მას გაცილებით ინტენსიურად მიაქვს ხელის მტევნები პირთან, მაშასადამე ხელების მოძრაობას ჩვილი უკვე არა მხოლოდ რეფლექსურად, ხანდახან მიზანმიმართულადაც ახერხებს.

2 თვის ჩვილის გრძნობითი ორგანოები სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით თვალშისაცემია პროგრესი მზერის განვითარების მხრივ - ახალშობილისგან განსხვავებით ჩვილი ხედავს გაცილებით მკვეთრად, სახეზე არჩევს ნაკვთებს, მზერას აფიქსირებს მის საწოლზე დახრილი ადამიანის სახეზე, მასთან ახლო მდებარე საგნებზე დაახლოვებით 1 მეტრის რადიუსში, არჩევს ფერებს ( სულ პირველად წითელს, შემდეგ ყვითელს, შავს, თეთრს), ზოლიან და უჯრედოვან მოხაზულობებს.

ახალშობილობის პერიოდში შუა ყურში „შემორჩენილი“ ამნიონური სითხე თანდათან გაიწოვება და ორი თვის ჩვილის სმენა მკვეთრად უმჯობესდება, თუმცა მისი სმენის ზღურბლი კვლავ მაღალია, ამიტომ ჩვილი არჩევს მხოლოდ ხმამაღალ და მასთან ახლოს მდებარე ხმოვან სტიმულებს. ჩვილი ასევე არჩევს ადამიანის ხმოვან ინტონაციებს ანუ მარტივად რომ ვთქვათ ეფერებიან მას თუ უბრაზდებიან, კარგად ცნობს დედის ხმას და მისი ინტონაციების მრავალფეროვნებას, ამ თვის ბოლოსკენ შესაძლებელია ტირილის გარდა მან ღუღუნის მსგავსი მოკლე ხმებიც გამოსცეს, ეს დედის ხმის იმიტირების შედეგია, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვილთან დედის გახმოვანებული ე.წ. ვოკალიზებული ურთიერთობა.

ორი თვის ჩვილის თერმორეგულაციის პროცესი კვლავ უმწიფარი რჩება, ამიტომ ის სწრაფად გადაცივდება ან გადახურდება და საჭიროა განსაკუთრებული ზრუნვა ამ მდგომარეობებისგან მის დასაცავად.

ორი თვის ჩვილს უჩნდება ღიმილი - ეს ღიმილი განსხვავდება ახალშობილობის პერიოდში არსებული კრთომითი ღიმილებისგან, თუმცა იგი ნამდვილი ზრდასრული ადამიანის ღიმილიც არ არის, მასში კვლავ ბევრი რეფლექსური მექანიზმია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ღიმილი გამოესახება ჩვილს ღვიძილის დროსაც და იგი მის „სიმაძღრის“ მდგომარეობასთანაა ასოცირებული.

ჩვილს ორი თვის ასაკში თავზე უხშირესად წარმოექმნება ყვითელი ფუფხები, ეს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის შედეგია და მას სამედიცინო ენაზე გნეისს უწოდებენ (შედის სებორეული გამონაყარის ჯგუფში). ამ მოვლენას არ იწვევს ჰიგიენური პროცედურების დაუცველობა, არამედ დაკავშირებულია საკვებთან ერთად პატარასთვის სრულიად ახალი ცილოვანი ნაერთების მიღებასთან და ამ ცილების მიმართ ალერგიული რეაქციების განვითარებასთან. იმუნური სისტემის „მომწიფების“ კვალდაკვალ რძის ცილებს ბავშვის ორგანიზმი აღარ აღიქვამს უცხოდ, მათზე ალერგიული რეაქციები აღარ ყალიბდება და გნეისი თავისით ქრება (თუ არ მოხდა ფუფხების ძალით მოცილებასთან ერთად წარმოქმნილი პატარა ჭრილობების მეორადი დაინფიცირება და უკვე ანთებითი ფუფხების წარმოქმნა)..

კვება

ორი თვის ჩვილის კვების მთავარი რეკომენდაციაა - ძუძუთი კვება შეუზღუდავად - მოთხოვნის მიხედვით (თუმცა უკვე საჭირო ხდება გარკვეული რეჟიმის გამომუშავებაც).

ამ ასაკში იზრდება ჩვილის კუჭის მოცულობა და მას უკვე თავადვე შეუძლია არეგულიროს საკუთარი კვების რეჟიმი:

ახალშობილობისგან განსხვავებით, ჩვილი აღარ წოვს გამუდმებით, არამედ წოვის დროს ჩერდება და აკვირდება დედის სახეს ან მისი მზერის არეალში მოხვედრილ საგნებს, შეაჩერებს წოვას ხმამაღალი ბგერების მოსმენისას, შესაბამისად ყოველ კვებაზე საჭირო რძის გამოწოვას სხვადასხვა დროს უთმობს და უფრო დიდხანს უნდება.

ჩვილი ამცირებს ღამის კვების ჯერადობას და ზრდის დღის კვებების გრაფიკს - შესაძლოა მან ღამით გადაბმულად უკვე 4-5 საათიც დაიძინოს, სამაგიეროდ დღის განმავლობაში ხანდახან ყოველ 2.5-3 საათში ითხოვს კვებას.

ჩვილის კვების რეჟიმის მიხედვით ყალიბდება და იზრდება დედის მკერდის ჯირკვლებში გამომუშავებული რძის ოდენობა, იცვლება რძის შემადგენლობაც - როგორც პედიატრები ამბობენ - რძე „მწიფდება“.

თუ ჩვილი ხშირად იკვებება დღისით და რომელიღაც მომენტში გაახანგრძლივებს ძილს, კვების დროის მოახლოვებასთან ერთად დედის მკერდის სადინარებიდან წნევით რძე იწყებს გამოდინებას. ძუძუს დვრილებზე გადმოღვრილი რძე ქმნის სველ გარემოს, სადაც ადვილად მრავლდება ინფექციური მიკროორგანიზმები, ეს კი იწვევს დვრილების კანის მიკროჭრილობების ე.წ. ნახეთქების განვითარებას. ძუძუს დვრილის ნახეთქები ყოველი შემდგომი წოვის დროს მექანიკური გაღიზიანების შედეგად ვერ ასწრებს შეხორცებას და გადაიქცევა ქრონიკულ ანთებით კერად, საიდანაც მიკროორგანიზმები შეაღწევს უკვე პატარას პირის ღრუში (ეს მიკროორგანიზმები ხშირად საფუარა სოკოებია), ჩვილებს უვითარდებათ ე.წ. რძიანა.

სწორედ ამიტომ პედიატრიაში გაჩნდა რეკომენდაცია - რძის „მოწოლის“ დროს საჭიროა მისი გამოწველა. გამოწველილი რძის შენახვა შესაძლებელია 3 საათის განმავლობაში მაცივარში, ოთახის ტემპერატურამდე გათბობის შემდეგ შესაძლებელია მისი კვებისთვის გამოყენებაც, თუმცა თუ რძის ოდენობა საკმარისია, სასურველია ჩვილის კვება კვლავ ძუძუთი მოხდეს.

ამასთანავე, უცვლელი რჩება რეკომენდაცია ამოქაფების ჯერადობისა და საჭიროების შესახებ, ყოველი კვების შემდეგ ისევ აუცილებელია ჩვილის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოთავსება, იმატებს ამოქაფებული რძის ოდენობა, რადგან იზრდება გადაყლაპული ჰაერის მოცულობა, შედეგად იმატებს კოლიკებიც (გაზების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილი).

არასასურველია ორი თვის ჩვილის ძუძუთი კვებებს შორის შუალედი 3 საათზე ნაკლები იყოს, რადგან პატარა ეჩვევა სწრაფად დანაყრებას, გამოწოვს მცირე რაოდენობით რძეს და მაშინვე ჩაიძინებს იმ „იმედით“, რომ მალევე შეძლებს რძის შემდგომი ულუფის მიღებას. ამ დროს დედის ძუძუ გადაივსება რძით (განსაკუთრებით მისი ქვედა უკანა წილები), რძის შედედების შედეგად დაეცობა სადინარები და ძუძუში ჩნდება საკმაოდ მტკივნეული კვანძები. ამ მოვლენების საპროფილაქტიკო საშუალებას წარმოადგენს პატარას კვებებს შორის შუალედის 2.5-3 საათამდე გახანგრძლივება.

მეძუძურ დედას ყოველთვის აქვს რძის სუნი, ხოლო ჩვილს - წოვის რეფლექსი და სუნების განსაკუთრებულად მძაფრი აღქმა, ამიტომ ჩვილების ნაწილი, რომელთაც აქვთ ნერვული სისტემის მომწიფების შედარებითი დეფიციტი და მყიფე ფსიქიკა,  გამუდმებით ითხოვენ ძუძუთი კვებას (არასამედიცინო ენაზე ძუძუზე ჩამოკიდებულები ხდებიან). ამ დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ორი თვის ასაკიდან ჩვილის „წოვითი რეფლექსის დაკმაყოფილება“ მატყუარა საწოვარას საშუალებით იმ ვადამდე, ვიდრე წოვის რეფლექსი არ ჩაქრება (8-12 თვე).

ძილი

ორი თვის ჩვილს კვლავ ძინავს დღე-ღამეში 16-18 საათი, რადგან მისი ნერვული სისტემა ახლა კიდევ უფრო მეტ უცხო სიგნალს იღებს და მალე იფიტება.

თუმცა ამ ასაკში ყველაზე ხანგრძლივი, გადაბმული ძილის ეპიზოდი ჩვილისთვის შესაძლოა მოიცავდეს უკვე 4-5 საათს, იზრდება ღვიძლის ეპიზოდის ხანგრძლივობა, დღის მანძილზე ჩვილს შესაძლოა ზოგჯერ ერთ საათამდეც ეღვიძოს.

ქცევა

ორი თვის ჩვილის ქცევა აღარ არის მთლიანად რეფლექტორული, მასში შემოდის საკუთარი მოძრაობების კონტროლის და ემოციური პასუხის ელემენტები, რასაც „გამოცოცხლების კომპლექსი“ დაარქვეს.

ჩვილის ე.წ. „გამოცოხლება“ გამოიხატება:

√  მის ნებით მოძრაობებში - პატარას შეუძლია საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს ან წამოიწყოს მოძრაობები, ასევე ჰქონდეს სხვადასხვა ინტენსივობის მოძრაობები - ძალიან აქტიური, მაგალითად ტირილის დროს, ან მშვიდი, მაგალითად მხოლოდ ხელების თითების წოვის დროს.

√  მის უნარში - გარემოდან მომავალ სტიმულებზე გასცეს პასუხი - პატარა მოძრავ და ფერად საგნებზე მზერას აფიქსირებს და ხელებით დაჭერას ცდილობს, თუ ეს საგნები მის სხეულთან ახლოსაა, თავს აბრუნებს ნაცნობი ხმებისკენ, დედის სახის დანახვაზე ან ხმის გაგონებაზე იღიმება და მოძრაობებს ააქტივებს, პამპერსის გადავსებაზე ტირის.

ორი თვის ჩვილის ქცევითი მოდელები არ განსხვავდება ახალშობილის მოდელებისგან, თუმცა სულ უფრო მცირდება მშვიდი ღვიძილის ეპიზოდები და იზრდება და მრავალფეროვნდება აქტიური ღვიძილის ეპიზოდების ე.წ. კონტენტი (შემადგენლობა) - მასში არის ტირილის (უარყოფითი ემოციების) გარდა დადებითი ემოციების და სიამოვნების შეგრძნების გამოხატვა, ცნობიერი ღიმილი, დაკვირვება, მიბაძვა და დამახსოვრება.


© 2015 ყველა უფლება დაცულია