ახალშობილი ძალიან სათუთი არსებაა, მას განსაკუთრებული მოვლა და მხარდაჭერა სჭირდება, ის სამყაროს ნაწილია, მაგრამ მაინც დედასთან მიბმული არსებაა, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნების პედიატრთა ასოციაციები ურჩევენ დედებს ისარგებლონ სადეკრეტო შვებულებებით და ეს პირველი თვე დაუთმონ თავის პირმშოებს.
ახალშობილის მოვლის ღონისძიებები რამდენიმე ნაწილად იყოფა:
ძუძუთი კვება
სამყაროში შექმნილი უნივერსალური საკვები ახალშობილისთვის მისი დედის რძეა, რადგან იგი შეიცავს საკვები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების განსაკუთრებულ ნაზავს, რომელიც მორგებულია კონკრეტული ერთი ახალშობილის საჭიროებებზე. ამიტომ ამბობენ, რომ დედის რძე შეუცვლელია. თუმცა გარდა შემადგენლობისა, თავად ძუძუთი კვების პროცესსაც აქვს თავისი დანიშნულება - ახალშობილის ფსიქიკისთვის ეს სიმშვიდის მომგვრელი მოვლენაა, ამიტომ თუ დავაკვირდებით მას ძუძუთი კვების დროს, ვნახავთ, რომ განსაკუთრებულად ნეტარი სახის გამომეტყველება აქვს.
ისევე როგორ მრავალი საუკუნის მანძილზე, დღესაც ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციაა - ძუძუთი კვება შეუზღუდავად, ახალშობილის მოთხოვნისამებრ.
თუმცა თითეული კვების დროს გასათვალისწინებელია ორი რამ:
(1) ერთი ძუძუთი კვება არ უნდა შეწყდეს და არ შენაცვლდეს მეორე ძუძუთი კვებით 20 წუთზე უფრო ადრე, რადგან პირველი 5-10 წუთი ახალშობილი ჭამს ე.წ. წინა რძეს, რომელიც უფრო „განზავებულია“, ის მას სითხის სწრაფი მიღებისთვის სჭირდება, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მისაღებად კი აუცილებელია ე.წ. უკანა რძის მიღება, რომელიც მოედინება წინა რძის ამოწურვის შემდეგ ანუ კვების დაწყებიდან დაახლოვებით 15 წუთში;
(2) კვების დროს აუცილებელია ძუძუს დვრილი სწორად იყოს მოთავსებული ახალშობილის პირის ღრუში, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალშობილი ვერ გამოწოვს რძეს, გადაყლაპავს ბევრ ჰაერს, რომლითაც შემდეგ გადაივსება მისი ნაწლავები და დაიწყება კოლიკა (გაზების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილი), ის მალე დაიღლება და, რაც მთავარია, ვერ მიიღებს რძის საჭირო რაოდენობას და ვერ „გაძღება“.
სწორი განთავსებისას ძუძუს დვრილი ახალშობილის ხახის გასწვრივ უნდა იყოს მოთავსებული, მისი ყბის ძვლები დვრილის რკალს კი არ უნდა უჭერდეს, არამედ არეოლას (ყავისფერი უბანი, რომელიც დვრილის გაგრძელებაზე თავად ძუძუზეა მოთავსებული) უნდა ეჭიდებოდეს, ამისთვის კი სასურველია კვების დაწყებამდე ახალშობილს ნიკაპზე ან ტუჩის კუთხეზე შევეხოთ და როცა ის კარგად გააღებს პირს, სწორად შევაცუროთ დვრილი, ხელით მოჭყლეტილ არეოლასთან ერთად.
სწორი ძუძუთი კვების ნიშნებია - კვების დროს არ აღინიშნება ძუძუს თავების ტკივილი, ძუძუს თავის ყავისფერი უბანი თითქმის მთლიანადაა განთავსებული ახალშობილის პირის ღრუში.
ახალშობილობის პერიოდში სწორად წარმართული ძუძუთი კვების დროს ახალშობილი არ მოითხოვს ძუძუს 3 საათზე ნაკლები ინტერვალით. თუ ახალშობილი 3 საათზე ნაკლები პერიოდულობით ითხოვს ძუძუს, ის წინა კვების/კვებების დროს „მშიერი დარჩა“.
ძუძუთი კვების შემდეგ აუცილებელია მოხდეს მისი ამოქაფება, ამ დროს გადაყლაპული ჰაერი ამოდის კუჭიდან და „თან გამოიყოლებს“ რძის მცირე ოდენობას. ამოქაფებისთვის საჭიროა კვების შემდეგ ახალშობილი მოვათავსოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, კარგია თუ მუცლით მივიკრავთ სხეულზე, დედის სხეულის სითბო აადვილებს მისი კუჭის დაცლას ჰაერისგან.
ძილი
ახალშობილის ძილის პოზა ემბრიონულია ანუ მას კიდურები და თავი მოზიდული აქვს სხეულისკენ, ამიტომ სასურველია ახალშობილი დავაწვინოთ გვერდულად და არა ზურგზე, ამით გვიანი ამოქაფების დროს ამოღებული რძის სასუნთქ გზებში მოხვედრასაც ავიცილებთ და არა მუცელზე, ამით სასუნთქი გზების დახშობას ავირიდებთ, ახალშობილი ჯერ ვერ იჭერს თავს და უჭირს ძილის დროს ნებით თავის შემობრუნება.
რეკომენდებულია ახალშობილობის პერიოდში ზედაპირული ძილის დროს ის გვეჭიროს ხელში, ხოლო ღრმა ძილის დადგომისას მოვათავსოთ მის საწოლში. ახალშობილობის პერიოდის შემდეგ ე.წ. ხელში დაძინება ცუდი ჩვევაა, რომელიც შესაძლოა პატარას კიდევ დიდხანს გაყვეს, ამიტომ ეს რეკომენდაცია მხოლოდ ახალშობილობის პერიოდს ანუ პირველ თვეს ეხება.
ძილის დროს სასურველი ოთახის ტემპერატურაა 24˚C, კარგია თუ ახალშობილს ძილის დროს მოვხდით ქუდს და მისი ტანსაცმელი იქნება „ერთით ნაკლები + პლედი“, რადგან ძილის დროს იმატებს სითბოს გამოყოფა, რაც ოფლის გამოყოფასთანაა ასოცირებული და გამოღვიძებისას დაკარგული სითბოს აღდგენა საჭიროა დაკომპენსირდეს დამატებითი შეხვევით.
ჰიგიენური ღონისძიებები და ბანაობა
ახალშობილის ნაზი და მგრძნობიარე კანი ყოველდღიური ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვს. ამისთვის გამოიყენება წყლით დაბანა და სპეციალურად ახალშობილებისთვის დამზადებული სველი ხელსახოცები, რომელთაც აქვთ ნეიტრალური pH.
ახალშობილისთვის ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება საჭიროა ბავშვის საფენის ე.წ. პამპერსის ყოველი გამოცვლის დროს, ასევე განავალზე გასვლის შემდეგ. ამისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ონკანის წყლის (მისი ტემპერატურა უნდა იყოს 35-37˚C) პირდაპირი ჭავლი, ასევე სველი ხელსახოცები, თუმცა დერმატიტის საპროფილაქტიკოდ სასურველია უფრო მეტად ჩაბანა, ვიდრე სველი ხელსახოცების ხმარება. ჩაბანისას სწორია თუ ახალშობილს მოვათავსებთ მუცლით ქვემოთ ჩვენს მარცხენა ხელზე ისე, რომ იდაყვის არეში მოხრილი ჩვენი ხელი ამოდებული იყოს ახალშობილის იღლიებს შორის, ხოლო მისი თავი ჩამოკიდებული იყოს (ყურადღება მიაქციეთ, რომ წყლის ჭავლი არ მოხვდეს სასუნთქ გზებში), ამ დროს ახალშობილის ჩაშვებული ფეხები და ტაკო შესაძლებელია მარჯვენა ხელით წყლის ქვეშ ჩაიბანოს.
ახალშობილის დაბანა ყოველდღიური რიტუალია, რომლის შესრულებაც ხშირად ეძნელებათ ახალგაზრდა დედებს. ახალშობილის დაბანა გაცილებით მარტივია, თუ მასში ორი ადამიანი მონაწილეობს, მაგრამ შესაბამისი გამოცდილებისა და მონდომების შემთხვევაში მხოლოდ დედასაც შეუძლია სწორად შეასრულოს ეს რიტუალი. ახალშობილის დაბანის დროს რეკომენდებულია შემდეგი პირობების დაცვა:
ახალშობილის დაბანა სასურველია საღამოს საათებში, კვების წინ, მაგრამ არა უგვიანეს 22:00 საათისა;
ოთახის ტემპერატურა არ უნდა იყოს 24˚C-ზე დაბალი, ხოლო წყლის ტემპერატურა 36˚C-ზე ნაკლები;
ახალშობილს დაბანამდე სწორად ვათავსებთ სპეციალურ პოზაში: ჩვენს მარცხენა ხელზე ზურგით ქვემოთ ისე, რომ მისი თავი დავაფიქსიროთ ხელის მტევნით, ხოლო ხერხემალი წინამხრით (დამხმარის შემთხვევაშიც დაბანის პოზის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია ახალშობილი თავი და ხერხემალი იყოს დაფიქსირებული). ასეთ პოზაში შეგვიძლია ახალშობილი ჩავუშვათ წყლიან აბაზანაში, მხოლოდ მისი თავის თმიანი ნაწილი ყურებამდე და ზურგი გვერდით ხაზებამდე უნდა აღმოჩნდეს წყლის ქვეშ, თავისუფალი მარჯვენა ხელით შევაზელთ წინასწარ აქაფებულ სპეციალურ შამპუნს, შემდეგ პეშვით ვასხამთ წყალს კისერზე, მკერდზე, მუცელზე და კიდურებზე, რომლებსაც პატარა რეფლექსურად შლის და ხრის. ახალშობილობის პერიოდში ღრუბლის გამოყენება არარეკომენდებულია, რადგან მისი კანი ჯერ კიდევ ძალიან ნაზია და ყველაზე რბილმა ღრუბელმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს მიკრო-ნაკაწრების წარმოქმნა;
ახალშობილის დაბანისას აუცილებელია კარგად გასუფთავდეს ყელის ნაკეცი, იღლიების, იდაყვებისა და მენჯის სახსრების ფოსოები, ასევე მას უნდა გავუშალოთ მუშტად შეკრული მტევნები და ხელისგულებიც კარგად დავბანოთ;
ბანაობის ბოლო ნაწილი ეთმობა ახალშობილის სახის და თავის თმიანი ნაწილის დაბანას, წინასწარ აქაფებული სპეციალური შამპუნის შეზელის შემდეგ თავის თმიან ნაწილს ჩავაყოფინებთ აბაზანაში და ვბანთ ხელის გულის მოსმით (ძალიან ფრთხილად ყიფლიბანდებთან), ასევე ხელისგულით, მაგრამ შამპუნის გარეშე, მოვბანთ სახეს ისე, რომ ახალშობილის სახე აბაზანის წყლით არ დაიფაროს. ამ დროს არ შეიძლება თითების, მით უფრო ფრჩხილების დასმა ახალშობილის თავზე ან სახეზე, წყლის დასხმა პეშვით, ძალიან არასასურველია წყალი მოხვდეს პატარას თვალში ან ყურში.
ჭიპლარის ტაკვის მოძრობამდე ვცდილობთ ახალშობილს ჭიპის არეში ბანაობისას არ მოხვდეს წყალი, ზოგიერთ რეკომენდაციაში იკრძალება კიდეც ტაკვის მოძრობამდე ახალშობილის დაბანა. უშუალოდ ჭიპლარის ტაკვის მოძრობის შემდეგ „დარჩენილი“ ახალშობილობის პერიოდში სასურველია ახალშობილს ბანაობისას ჭიპის ჭრილობის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ჭიპის არეში დავაკრათ ერთჯერადი პლასტირი, ბანაობის შემდეგ კი პლასტირი მოვაძროთ და ჭიპის ჭრილობა შესაბამისად დავუმუშავოთ.
ბანაობის სულ ბოლო პროცედურა ახალშობილის ტანზე წყლის გადავლებაა, ამისთვის ის იღლიებით უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და ცალკე აღებული სუფთა წყალი გადავავლოთ ისე, რომ ეს წყალი არ მოხვდეს ახალშობილის თავის მიდამოში.
ახალშობილის ჰიგიენური ღონისძიებები მოიცავს მისი ფრჩხილების დაჭრასაც, რეკომენდებულია ეს პროცედურა დაწყებულ იქნას მე-3 კვირიდან, სწორედ ამ პერიოდისთვის ჩამოეზრდება ახალშობილს ფრჩხილები ფრჩხილის საწოლიდან იმ ზომაზე, რომ უკვე შესაძლებელი ხდება გარქოვანებული ნაწილების უსაფრთხოდ მოჭრა. მაგრამ თუ ახალშობილს გრძელი აქვს ფრჩხილები 3 კვირამდე პერიოდშიც (მაშასადამე ის დაიბადა ვადაგადაცილებული), ხელების მოძრაობისას ის იკაწრავს სახეს (ძალიან საშიშია ამ დროს თვალების დაზიანება), შესაძლებელია ფრჩხილების დაჭრა ადრეც იქნას დაწყებული.
ფრჩხილების დაჭრისთვის გამოყენებული მაკრატელის დეზინფექციისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას სპირტში დასველებული ბამბა. ფრჩხილების დაჭრა ხდება ყოველ 4-5 დღეში ერთხელ.
ჭიპლარის დამუშავება
დაბადების შემდეგ ახალშობილის ჭიპლარის 2 სანტიმეტრიანი ტაკვი ახალშობილის ჭიპის რგოლთან კიდევ 5-7 დღე იქნება მიმაგრებული, თანდათან ის წყლისგან გამოშრება ანუ მუმიფიცირდება და ყოველგვარი ჩარევის გარეშე მოძვრება. ამის შემდგომ დარჩენილი ჭიპის ჭრილობა მოშუშდება კიდევ 5-7 დღის განმავლობაში (თუმცა შესაძლოა ჭრილობის მოშუშება მთელი ახალშობილობის პერიოდი ანუ პირველი თვე მიმდინარეობდეს).
ჭიპლარის ტაკვს სამშობიარო სახლში ამუშავებენ სადეზინფექციო ხსნარებით, სახლში გამოწერის შემდგომ ჭიპლარის ტაკვს დამუშავება არ სჭირდება, ჭიპის არის დამუშავებას ვიწყებთ ტაკვის მოძრობის და მის ადგილზე ჭრილობის გამოჩენის შემდეგ.
ჭიპლარის ჭრილობის დამუშავება შემდეგნაირად მიმდინარეობს: მასზე სტერილური პიპეტით ვასხამთ წყალბადის ზეჟანგის ორ წვეთს, ამოქაფების შემდეგ ჭრილობის ირგვლივ ზედმეტ სითხეს მოვწმინდავთ ბამბით (ნუ შევახებთ ბამბას თვითონ ჭრილობას), ვაცდით 2 წუთს, ვიდრე წყალბადის ზეჟანგი ამოშრება და ბეტადინის ან ბრილიანტის მწვანეს ხსნარით გაჟღენთილი ბამბის ტამპონით ვამუშავებთ ჭრილობას. დამუშავების შემდგომ სასურველია ჭრილობაზე არ გადავაკრათ ერთჯერადი პლასტირი, ეს შეანელებს მისი შეხორცების პროცესს, არამედ დავაფინოთ ყოველდღე ახალგარეცხილი და კარგად გაუთოვებული ბამბის ქსოვილის ნაჭერი. არასასურველია ჭიპის ჭრილობას ეხებოდეს პამპერსიც, ამიტომ ჭრილობის შეხორცებამდე პამპერსის წინა კიდეს გადავუკეცავთ ქვევითკენ ისე, რომ იგი არ ეხებოდეს ჭიპლარის ტაკვს ან ჭრილობას.
ახალშობილის გასეირნება
ახალშობილის ზრდა-განვითარებისთვის სასარგებლოა მისი სუფთა ჰაერზე გასეირნება, რომლის დაწყებაც შესაძლებელია დაბადებიდან 2 კვირის შემდგომ. მთავარი, რასაც გასეირნების დროს ექცევა ყურადღება, არის ახალშობილის ზამთრის ცივ დღეებში გადაცივების და ზაფხულის ცხელ დღეებში გადახურების პროფილაქტიკა. ამიტომ ცივ სეზონზე პატარას სეირნობის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს 15 წუთიდან 45 წუთამდე, ამასთანავე სასურველია ახალშობილი კარგად შეიფუთოს შალის ქსოვილის კონვერტში ან სპეციალურ კომბინიზონში, ყოველ ხუთ წუთში საჭიროა მისი ცხვირის ტემპერატურის შემოწმება, „ცივი ცხვირი“ გადაცივების დაწყების პირველი ნიშანია. ზაფხულის ცხელ დღეებში ახალშობილის სეირნობა შეიძლება მხოლოდ პირდაპირი მზის დასხივებისგან დაცულ ადგილებში და დილის საათებში, სეირნობის ხანგრძლივობა ასევე თანდათან უნდა გაიზარდოს 15 წუთიდან 60-90 წუთამდე, ახალშობილის კიდურები შესაძლებელია შიშველიც იყოს, თუმცა სასურველია მას ეცვას ბამბის წინდები და თავზე ეხუროს ქუდი.
ახალშობილისთვის ე.წ. პამპერსის გამოცვლა
სასურველია ახალშობილს ხშირად გამოვუცვალოთ პამპერსი, რადგან კანის ნაოჭებში დაგროვილი ცხიმი, აქერცლილი კანის უჯრედები ბაქტერიებისთვის კარგი საკვებია და დახურული ბავშვის საფენი, რომელიც ახალშობილის კანზე მუდმივი სისველის არეს ქმნის, კარგი გარემოა ამ ბაქტერიების გასამრავლებლად. განავალზე ყოველი გასვლის შემდეგ პამპერსის გამოცვლა აუცილებელია, რადგან თავად განავალი შეიცავს ხშირად პათოგენურ მიკრობებს და ასევე მათთვის ნაყოფიერ გარემოს ქმნის. ახალშობილობის პერიოდში დღე-ღამეში საშუალოდ 6-10-ჯერ ხდება ბავშვის საფენის შეცვლა.
საფენის შეცვლამდე სასურველია ახალშობილი ჩაიბანოს წყლით, განავლის ჩაბანა გოგონებში ხდება მკაცრად წინიდან უკან მიმართულებით (რათა არ დაინფიცირდეს გარეთა სასქესო ორგანოები), ჩაბანის შემდეგ ახალშობილის შორისი კარგად უნდა გამშრალდეს, სპეციალურად ბამბის პირსაწმენდით უნდა გაიწმინდოს და გამომშრალდეს მენჯის სახსრების მოსახრელები, გარეთა სასქესო ორგანოების ნაოჭები, დუნდულების ნაოჭები. სუფთა საფენის გაკეთებამდე რეკომენდებულია ე.წ. ჰაეროვანი აბაზანების ჩატარება, როდესაც ახალშობილს 5-10 წუთით ვტოვებთ გახსნილ მდგომარეობაში, და საფენის ქვეშ წასასმელი სპეციალური კრემის ან ბავშვის ტალკის ხმარება, რომლებიც დამცავ ფენას წარმოქმნიან ახალშობილის კანზე და შეეწინააღმდეგება საფენის ქვეშ ტენის დაგროვებას და ბაქტერიების გამრავლებას.