Orsuli.ge - სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი არ არის კომპლექსური ანალიზი (როგორც სისხლის საერთო ანალიზი). მისი შემადგენელი ნაწილების (ცალ-ცალკე ნივთიერებების) ანალიზი ხდება სათითაო ნივთიერების მიხედვით, ექიმის მკაცრი დანიშნულებით.

სისხლის ცილოვანი შემადგენლობა - ანალიზისას ისაზღვრება ცილების მთლიანი ფრაქციის და ცალკე ალბუმინების და გლობულინების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ორსულობისას ცილების მთლიანი ფრაქციის კონცენტრაცია სისხლში კლებულობს, რაც განპირობებულია ორსული ქალის ორგანიზმში სითხის „შეკავებით“ (სისხლის განზავებით) და სისხლის მთლიანი მოცულობის ზრდით, ნორმა - 58-75 გ/ლ შეადგენს.

ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში მცირდება ალბუმინური ფრაქციის კონცენტრაცია (იმავე მიზეზით, რაც საერთო ცილები), მესამე ტრიმესტრში იზრდება როგორც ალფა-1-გლობულინური ფრაქციის და ალფა-ფეტოპროტეინის, ასევე ბეტა- და გამა-გლობულინების კონცენტრაციები.

ალბუმინების შემცველობა ნორმაში 35-52 გ/ლ მერყეობს, ალფა-გლობულინების - 1,75-3,2 გ/ლ, ბეტა-გლობულინების - 2,20-4,20  გ/ლ, გამა-გლობულინების - 8,0-13,5 გ/ლ., ალფა-ფეტოპროტეინის -6-9 კვირისთვის >10 IU/ml, 32-34 კვირისთვის <250 IU/ml.

გლუკოზა სისხლში - ანალიზისას ისაზღვრება მთავარი ნახშირწყლის - გლუკოზის - კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ორსულობისას გლუკოზის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლის ნორმის მაჩვენებელს და შეადგენს 3,33-5,55 მმოლ/ლ.

C-რეაქტიული ცილა სისხლში - ანალიზისას ისაზღვრება რეაქტიული ცილის ფრაქციის კონცენტრაცია, რომელიც ერთ-ერთი პირველი რეაგირებს ორგანიზმში ანთებითი პროცესის დაწყებაზე.

ორსულობის დასაწყისში, როდესაც მიმდინარეობს უცხო გენეტიკური ცილების მატარებელი ემბრიონის უჯრედების სწრაფი დაყოფა და ზრდა, C-რეაქტიული ცილის კონცენტრაცია სისხლში მცირედ მატულობს და ნორმად განიხილება მისი <5 მგ/ლ-ზე მაჩვენებელი.

შარდოვანა, კრეატინინი და შარდის მჟავა სისხლში - ანალიზისას ისაზღვრება ცილების დაშლის შედეგად წარმოქმნილი „ნარჩენი“ ნივთიერებების - შარდოვანას, კრეატინინისა და შარდის მჟავას - კონცენტრაცია სისხლში, რომლებისგანაც ორგანიზმს ათავისუფლებს თირკმელი.

ორსულობისას იმატებს სისხლის საერთო მოცულობა, ამიტომ ამ აზოტოვანი ნივთიერებების კონცენტრაცია სისხლში კლებულობს: შარდოვანა - კლებულობს ორსულობის ბოლოსკენ, ნორმა 2,8-7,2 მმოლ/ლ, კრეატინინი - I-II ტრიმესტრში შესაძლოა შემცირდეს 1.5-ჯერ, ნორმა - 44-88 მკმოლ/ლ, შარდის მჟავა - კლებულობს ორსულობის ბოლოსკენ, ნორმა 150-350 მკმოლ/ლ.

სისხლის ლიპიდური შემადგენლობა - ანალიზისას ისაზღვრება ცხიმოვანი ცვლის შემადგენელი ნაერთების - ქოლესტერინის (სისხლის ძირითადი ლიპიდი, რომელიც ორგანიზმს მიეწოდება საკვებიდან), ლიპოპროტეიდების (ლიპიდები, რომლებიც წარმოიქმნება ცხიმების გადასატანად) და ტრიგლიცერიდების (ნეიტრალური ცხიმები, ლიპიდური ცვლის საბოლოო პროდუქტები) კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში.

ორსულობისას სამივე მაჩვენებელი თითქმის ისეთივეა, როგორიც ორსულობამდე. ნორმაში ქოლესტერინის კონცენტრაცია შეადგენს - 3,2-5,6 მმოლ/ლ, ლიპოპროტეიდების (დაბალი სიმკვრივის) – 1,71-3,50 მმოლ/ლ, ტრიგლიცერიდების - 0,41-1,80 მმოლ/ლ.

მინერალური მარილები სისხლში - ანალიზისას ისაზღვრება ძირითადად ნატრიუმის (Na), კალიუმის (K), და ქლორის (Cl) მარილების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ორსულობისას იმატებს მინერალების შემცველობა სისხლის პლაზმაში და ნორმად ითვლება - Na – 136-145 მმოლ/ლ, K – 3,5-5,5 მმოლ/ლ, Cl – 98-107 მმოლ/ლ.

ტუტე ფოსფატაზა სისხლში - ისაზღვრება ღვიძლის და ძვლის აქტიური ფერმენტის - ტუტე-ფოსფატაზას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს ცილების დაშლის პროცესში და მისი კონცენტრაციის მიხედვით მსჯელობენ ხომ არ არის გაძლიერებული ცილების დაშლა, რაც უჯრედების მასიურ სიკვდილს, ტრამვას უკავშირდება.

ორსულობისას იზრდება ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია, რაც უკავშირდება ორსული ქალის და ნაყოფის ორგანიზმში სხვადასხვა დროებითი ორგანოების წარმოქმნას და მერე მათ განლევას-გარდაქმნას. ნორმა - 30-120 ერთ/ლ.

ნაღვლის პიგმენტები სისხლში - ანალიზისას ისაზღვრება ნაღვლის პიგმენტების - საერთო ბილირუბინის, პირდაპირი ბილირუბინის და არაპირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ეს პიგმენტი წარმოიქმნება ღვიძლში ჰემოგლობინის, მიოგლობინის (კუნთის ცილის) და სხვ მსგავსი ნივთიერებების დაშლის შედეგად.

ორსულობისას არ იცვლება ამ პიგმენტების კონცენტრაცია და ნორმალური მაჩვენებლებია: საერთო ბილირუბინი - 3,4-17,1 მკმოლ/ლ, პირდაპირი ბილირუბინი - < 5,10 მკმოლ/ლ,  არაპირდაპირი ბილირუბინი - <17,1 მკმოლ/ლ.

ღვიძლის ფერმენტები სისხლში - ანალიზისას ისაზღვრება ღვიძლის ძირითადი ფერმენტების -  ასტატამინოტრანსფერაზა (ასტ) და ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ) - კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ორსულობისას არ იცვლება ამ პიგმენტების კონცენტრაცია და ნორმალური მაჩვენებლებია: ასტ - <31 ერთეული/ლ და ალტ - <34 ერთეული/ლ.

კალციუმი სისხლში - ისაზღვრება ელემენტარული კალციუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ორსულობისას იზრდება მოთხოვნა კალციუმზე, შესაბამისად ნორმა 2,15-2,50 მმოლ/ლ შეადგენს.

რკინა სისხლში - ისაზღვრება თავისუფალი (შეუბოჭავი) ელემენტარული რკინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ორსულობისას განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა რკინაზე, შესაბამისად ნორმა 20,95-30,43 მმოლ/ლ შეადგენს.

ანალიზის პარამეტრები

ნორმა

ერთეული

საერთო ცილა 

58-75

გ/ლ

ალბუმინი

35-52

გ/ლ

‘α-გლობულინი

1.75-3.2

გ/ლ

‘β-გლობულინი

2.20-4.20

გ/ლ

‘γ-გლობულინი

8.0-13.5

გ/ლ

ალფა-ფეტოპროტეინი 6-31 კვირამდე

>10

IU/ml

ალფა-ფეტოპროტეინი 32-34 კვირის შემდეგ

<250

IU/ml

გლუკოზა

3,33-5,55

მმოლ/ლ

C-რეაქტიული ცილა

<5.0

მგ/ლ

შარდოვანა

2.8-7.2

მმოლ/ლ

კრეატინინი

44-88

მკმოლ/ლ

შარდის მჟავა

150-350

მკმოლ/ლ

საერთო ქოლესტერინი

3.2-5.6

მმოლ/ლ

ლიპოპროტეიდები (დაბალი სიმკვრივის)

1.71-3.50

მმოლ/ლ

ტრიგლიცერიდები

0.41-1.80

მმოლ/ლ

Na-მარილები

136-145

მმოლ/ლ

K -მარილები

3.5-5.5

მმოლ/ლ

Cl -მარილები

98-107

მმოლ/ლ

ტუტე ფოსფატაზა

30-120

ერთ/ლ

საერთო ბილირუბინი

3.4-17.1

მკმოლ/ლ

პირდაპირი ბილირუბინი

< 5,10

მკმოლ/ლ

არაპირდაპირი ბილირუბინი

<17,1

მკმოლ/ლ

ასტატამინოტრანსფერაზა (ასტ)

<31

IU/l

ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ)

<34

IU/l

კალციუმი

2.15-2.50

მმოლ/ლ

რკინა

20.95-30.43

მმოლ/ლ


© 2015 ყველა უფლება დაცულია