Orsuli.ge - დაორსულების მენეჯმენტი

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
დაორსულების მენეჯმენტი

ზოგიერთი წყვილი მთელი ცხოვრება ზრუნავს კონტრაცეპციაზე, ზოგისთვის კი ბავშვის ჩასახვა სანუკვარი ოცნებაა. ფუნქციური მდგომარეობის - რამდენად „ადვილად“ ორსულდება ქალი - დასახასიათებლად ხმარობენ ტერმინს ფერტილობა. მაღალი ფერტილობის ქალები ძალიან სწრაფად ორსულდებიან, როდესაც ფერტილობის დაქვეითების შემთხვევაში ხანგრძლივი დაგეგმვის პროცედურების მიუხედავადაც კი ორსულობა არ დგება. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ პარტნიორი მამაკაცები, უშვილობის დროს მათ „წილ პასუხისმგებლობაზე“ მოხდეს განაყოფიერება თითქმის 40% მოდის.

თანამედროვე მეცნიერებამ შეიმუშავა დაორსულების სტიმულაციის სქემატური მოდელი, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება:

I ეტაპი - შევეცადოთ დავორსულდეთ ბუნებრივად

ფიზიოლოგიურად დაორსულების ხელშემწყობი გარემოს შექმნა ხშირად საკმარისი ხდება დაორსულებისთვის, ამიტომ პირველ ეტაპზე საჭიროა:

1. შევწყვიტოთ კონტრაცეპტივების გამოყენება

კონტრაცეპციის შეწყვეტა არ ნიშნავს მყისიერად მისგან გამოწვეული ეფექტისგან თავის დაღწევას, მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა კონტრაცეპტივების მოქმედების გრძელვადიანი შედეგებისგან გასათავისუფლებლად, 3-დან 6-თვემდე მერყეობს.

ჰორმონული კონტრაცეპტივები - ორალური ფორმები და ინექციები - შეიცავენ ჰორმონებს ესტროგენს და პროგესტერონს, მათი მოქმედებით ხშირად ირღვევა მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობა და ქალის რეპროდუქციულ სისტემას ადაპტაციისა და ჰორმონული ფონის ნორმალიზებისთვის 4-6 თვე სჭირდება.
საშვილოსნოსშიდა სპირალი განაყოფიერების შემთხვევაში ხელს უშლის კვერცხუჯრედის ჩამაგრებას საშვილოსნოს ლორწოვანში, ის თავისი მოქმედებით აბორტული ტიპის კონტრაცეპციაა, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ლორწოვანის დაზიანებას და მისი ამოღების შემდგომ ლორწოვანის აღდგენისთვის 2-5 თვეა საჭირო.
თავდაცვის ბარიერული მეთოდების (პრეზერვატივები) გამოყენების შეწყვეტა არ მოითხოვს რაიმე აღდგენითი პერიოდის არსებობას, რადგან მათი გამოყენება არანაირ გავლენას არ ახდენს მენსტრუალურ ციკლზე, თუმცა მათი გამოყენების შეწყვეტით იზრდება რისკები უმკურნალებელი პარტნიორის სასქესო ინფექციები გადაედოს უკვე ნამკურნალებ ქალს.

2. გამოვითვალოთ ოვულაციის დღეები

ოვულაციის დღეების გამოთვლა არ არის რთული პროცედურა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოვულაციის ზუსტი თარიღის დადგენა რაიმე ინსტრუმენტული კვლევის მეთოდით დღემდე შეუძლებელია, რადგან ჯერ სამედიცინო კვლევითი მოწყობილობები ორგანიზმის შიგნით ერთი უჯრედის - კვერცხუჯრედის - გადაადგილებას ვერ აფიქსირებენ. ოვულაციის დღეების დასადგენად:

ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ვიღებთ ათვლის წერტილად,
ვიცით დაკვირვებით რამდენ დღეს შეადგენს მენსტრუალური ციკლი. თუ არ ვიცით, მაშინ ჯერ ბოლო 6 თვის მანძილზე ვიწერთ მენტრუალური სისხლდენის დაწყების პირველ დღეების თარიღებს, შემდგომ თითეულ ამ თარიღს შორის დღეების რაოდენობას ვაფიქსირებთ, გამოგვივა 6 ციფრი, ვიღებთ ამ ექვსი ციფრის საშუალო მნიშვნელობას, ამისთვის მათ ჯამს ვყოფთ 6-ზე;
ვიწყებთ ბაზალური ტემპერატურის გაზომვას და ვაწარმოვებთ კალენდარს: თუ მენსტრუალური ციკლი 21-28 დღემდეა, მაშინ ბაზალური ტემპერატურის გაზომვას ვიწყებთ მე-9 დღიდან, თუ ციკლი 28-34 დღემდეა - მე11 დღიდან, ხოლო 34 დღეზე ხანგრძლივი ციკლის შემთხვევაში მე-14 დღიდან. ოვულაციის დღეების დაწყებისას ბაზალური ტემპერატურა, რომელიც ოვულაციამდე 37˚C -ს შეადგენდა, იმატებს 0.4 მაჩვენებლით;
ვაკვირდებით სასქესო ორგანოებიდან გამონადენის რაოდენობას და კონსისტენციას. ოვულაციის დღეების დაწყებას გვამცნობს ცერვიკალური ლორწოს მომატებული რაოდენობით გამოყოფა, ეს ლორწო გამჭვირვალეა, გავს კვერცხის დაუმუშავებელ ცილას, უფეროა და უსუნო. თუმცა თუ ქალს ინფექციური პროცესის გამო აქვს სხვა სახის გამონადენი, ცერვიკალური ლორწოს გამოყოფის დაფიქსირება შეუძლებელი იქნება.

მაშასადამე, ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან გადავთვლით სავარაუდო ოვულაციის დღეების საწყის თარიღს, ვიწყებთ ბაზალური ტემპერატურის გაზომვას და გამონადენზე დაკვირვებას, როდესაც ბ/ტემპერატურა 37˚C-ს გადასცდება და/ან გამოჩნდება ცერვიკალური ლორწო, ეს ნიშანია, რომ ოვულაცია დაიწყო და გასტანს კიდევ 3 დღე.

3. ოვულაციის დღეების დადგენისთანავე საჭიროა რეგულარული სექსუალური კავშირის უზრუნველყოფა, რადგან კვერცხუჯრედი მხოლოდ 24 საათი ცოცხლობს, სპერმატოზოიდები კი 3-5 დღე. ამიტომ დაორსულების შანსი ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე დამყარებული სექსუალური კავშირის შემთხვევაშიც არსებობს, რადგან სპერმატოზოიდებს შეუძლიათ გადალახონ ქალის სასქესო გზები, მიაღწიონ ფალოპის ლულებამდე და „დაუცადონ“ მილებში კვერცხუჯრედს.

რეგულარული გულისხმობს დღე-ღამეში 1 სქესობრივ აქტს მაინც. სექსის დროს არ იფიქროთ დაორსულებაზე, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი ამცირებს შანსს, სპერმატოზოიდებმა მიაღწიონ ფალოპის ლულებამდე. სექსის შემდეგ იწექით 20-30 წუთი მაინც, არ არის სასურველი მოშარდოთ 1 საათის მანძილზე, ეს ყოველივე ზრდის ჩასახვის შანსს 50%-ით.

4. ყოველივე ამის შემდგომ დგება ლოდინის პერიოდი. ზოგიერთ ქალს ეჩქარება ჩაიტაროს ორსულობის ტესტი, თუმცა განაყოფიერებული ჩანასახის მიერ ქორიონული გონადოტროპინის საკმარისი რაოდენობის გამოყოფამდე (ბოლო მენსტრუაციის დაწყებიდან 21-25-ე დღეს ხდება იმპლანტაცია, ამას კიდევ 7-9 დღე უნდა მივუმატოთ), ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.

თუმცა მოუთმენელი ქალებს შეგვიძლია ვურჩიოთ არ შეწყვიტონ ბაზალური ტემპერატურის გაზომვა, თუ მისი მაჩვენებელი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან ათვლილ მე-16-19 დღის შემდეგ არ დაიწევს, ეს ნიშნავს, რომ ორსულობა დადგა, ასევე 21-25-ე დღეს ყურადღება მიაქციონ გამონადენის ფერის ცვლილებებს, გამონადენის მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობა იმპლანტაციური სისხლდენის მაჩვენებელია და მიანიშნებს წარმატებულ ჩასახვაზე.

II ეტაპი - მივმართავთ ფერტილობის სტიმულაციის ღონისძიებებს

ფერტილობა - ჩასახვისთვის მზაობაა, აქ გაგრძელებად თითქოს უნდა დაგვეწერა - „ქალის ორგანიზმის“, მაგრამ სწორია, როდესაც გავაგრძელებთ - „ბავშვის ყოლის მსურველი წყვილის ორგანიზმების“. ფერტილობის დაქვეითება მხოლოდ ქალის ორგანიზმის პრობლემაა არ არის, მასზე წარუმატებელი დაორსულების 60% მოდის, დანარჩენ 40%-ს - მამაკაცის ორგანიზმი ქმნის. ამიტომ ფერტილობის სტიმულაციისთვის საჭიროა ორივე ორგანიზმზე ზემოქმედება, რისთვისაც საჭიროა:

1. სტრესული გარემოს შეცვლა - არ არის საჭირო მუდმივად ფიქრი დაორსულებაზე, მით უფრო ლაპარაკი. გასათვალისწინებელია, რომ სასურველია მამაკაცი არ დავტვირთოთ ოვულაციის თვლის პროცედურებით, საკმარისია ქალმა იცოდეს, როდისაა აუცილებელი განსაკუთრებით რეგულარული სექსი და შესაბამისად ჩვეულებრივი სექსუალური მოტივაციის შექმნით იქნას მიღწეული ეს რეგულარულობა.

ცნობილია, რომ მამაკაცის აზროვნებითი ფუნქციის ჩართვა ამცირებს მის რეპროდუქციულ ფუნქციას ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობას სპერმაში, შესაბამისად დაგეგმილი სექსი შესაძლოა ფერტილობის შემცირების მიზეზიც კი გახდეს.

ასევე გასათვალისწინებელია რა ასაკში და რამდენი ხანია დაიწყო სექსუალური ცხოვრება ქალმა. პირველი სექსუალური აქტის შემდგომ პირველი ექვსი თვის მანძილზე 100 ქალიდან მხოლოდ 15-20 ორსულდება, რეგულარული სექსის დროს კი, თუ სხვა სამედიცინო პრობლემები არ უშლის ხელს დაორსულებას, პირველი 2 წლის განმავლობაში 100 წყვილიდან 95 ახორციელებს წარმატებულ ჩასახვას. სწორედ ამიტომ რეპროდუქტოლოგები, თუ ორივე წყვილის ორგანიზმი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ჯერ ქალის მიერ სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან 2 წელი არ გასულა, იძლევიან რეკომენდაციას დაელოდოს წყვილი ბუნებრივი გზით ჩასახვას.

2. წონის კორექცია - როგორც ჭარბი წონა, ასევე მისი დეფიციტი ამცირებს ფერტილობას.

ორივე მდგომარეობა აჩვენებს, რომ ქალის ენდოკრინული სისტემის მუშაობაში და მის ნივთიერებათა ცვლაში პათოლოგიის ნიშნები იკვეთება, თუმცა ჯერ კლინიკურად შესაძლოა არ ჩანს კონკრეტული დარღვევა.

თუ ქალის სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 24-ს, საჭიროა დაბალანსებული დიეტის დაცვა და რეგულარული ვარჯიშების შესრულება. თუ ინდექსი 18-ზე ნაკლებია, აუცილებელია ვიტამინოთერაპია და კვების რეჟიმის სტიმულირება.

3. ფერტილობის მასტიმულირებელი ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების მიღება -

ქალის ორგანიზმის ფერტილობას აძლიერებს ვიტამინი E, ვიტამინი K და ფოლიუმის მჟავა, მამაკაცის ფერტილობას კი - ვიტამინი E, ვიტამინი C და სელენი. ამიტომ სასურველია ეს ნაერთები მიიღოს როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა ან კონკრეტული ვიტამინებით მდიდარი საკვების საშუალებით, ან აბების სახით.

4. ფერტილობის დამაქვეითებელი ნაერთების ზემოქმედების შემცირება -

ეს ნაერთებია ტრანს-ცხიმები (უჯერი ცხიმები, რომლებმაც რამოდენიმეჯერ განიცადეს თერმული გადამუშავება), ფსიქოტროპული, მასტიმულირებელი ნაერთები - კოფეინის, გლუკოზის, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით შემცველი საკვები და წამლები (ფსიქოტროპული ჯგუფის და ანტიდეპრესანტები) და ნარკოტიკული საშუალებები - მარიხუანადან დაწყებული ჰეროინით დამთავრებული. ფერტილობის დამაქვეითებელი ნაერთების ზემოქმედებისგან უნდა გათავისუფლდეს ორივე პარტნიორი, მათი მოქმედების ეფექტების ასალაგებლად 3 თვე მაინცაა საჭირო.

III ეტაპი - მივმართოთ ექიმ-რეპროდუქტოლოგს, დავადგინოთ ფერტილობის დაქვეითების სამედიცინო მიზეზები და ვიმკურნალოთ

ზოგიერთ სამედიცინო ნოზოლოგიას შეუძლია დააქვეითოს ფერტილობის უნარი. ქალის ორგანიზმში ასეთი ცვლილებები ძირითადად მისი რეპროდუქციული სისტემის და ენდოკრინული ორგანოების დაავადებებს უკავშირდება, მათ შორის დაორსულების ხელისშემშლელ ყველაზე ხშირ პათოლოგიებად სახელდება:

საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადება - საკვერცხეებში მრავალჯერადი კისტოზური ჩანართების არსებობა - ადგილი აქვს მამაკაცური ჰორმონის - ანდროგენის - ჭარბ გამოყოფას, რაც თავისთავად არღვევს ოვულაციის პროცესს.

ენდომეტრიოზი - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილის განვითარება საშვილოსნოს გარეთ - საკვერცხეებში ასეთი ქსოვილის განვითარება იწვევს კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესის დარღვევას, ფალოპის ლულებში განვითარებული ენდომეტრიული ქსოვილის კერების ჩამოფცქვნის შედეგად ვითარდება ნაწიბურები, რაც ხელს უშლის ოვულაციის დროს კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდების გადაადგილებას. ქალთა უშვილობის გამომწვევ მიზეზთა შორის ენდომეტრიოზზე 50% მოდის.

შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - ინსულინისადმი რეზისტენტობა და ნახშირწყლების ცვლის მოშლა, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებული სინთეზი (ჩიყვი) ან მათი სინთეზის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)- იწვევს სასქესო ჰორმონების ესტროგენისა და პროგესტერონის პროდუქციის დისბალანსს, რაც იწვევს იმპლანტაციის პროცესის პათოლოგიებს.

თუმცა გარდა ამ პათოლოგიებისა, ქალის ფერტილობის დაქვეითების წინაპირობებს ქმნის სასქესო ორგანოებში მიმდინარე ინფექციური პროცესი (განსაკუთრებით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - ტრიქომონა, ქლამიდია, გონორეა, ჰერპესი და სხვ), სასქესო გზებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით ან ანთებითი პროცესით გამოწვეული შეხორცებები/ნაწიბურები და ამით განპირობებული გამავლობის შემცირება, სხვა ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული ჰორმონული დისბალანსი.

მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა შედარებით მარტივია და მოიცავს სპერმის რაოდენობის და სპერმაში აქტიური სპერმატოზოიდების დათვლის მეთოდს. სპერმის ცვლილებებს იწვევს შარდსასქესო ორგანოების სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (გონორეა,ქლამიდია და ა.შ), ჰორმონალური დარღვევები,რომლებსაც მივყავართ სპერმატოგენეზის შესუსტებამდე და თესლგამომტანი სადინრების გაუვალობა.

ექიმი-რეპროდუქტოლოგი, შეაგროვებს რა წყვილის ანამნეზს და ჩივილებს, ჩაატარებს რა საჭირო ანალიზებს და სპეციალურ ინსტრუმენტულ კვლევებს, დანიშნავს მკურნალობას, რომლის საბოლოო მიზანია ფერტილობის აღდგენა და ამის შედეგად კი ბუნებრივი დაორსულება!

IV ეტაპი - ვმკურნალობთ უნაყოფობას

თუ ქალის ასაკი 35 წლამდეა, მაშინ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდების გამოყენებამდე, I – III ეტაპების გავლისთვის წყვილს ეძლევა 12 თვე, თუ ქალის ასაკი აჭარბებს 35 წელს, მაშინ ეს პერიოდი მცირდება 6 თვემდე. მოცდის ამ ვადების ამოწურვის შემდგომ, წყვილისთვის შესაძლოა შეთავაზებულ იქნას ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებით დაორსულება.

ყველაზე პოპულარული და ეფექტური ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებია ექსტრაკორპორალური განაყოფიერება და საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია. საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს სპერმა სამედიცინო დაწესებულების პირობებში ხელოვნურად შეაქვთ საშვილოსნოში ოვულაციის დასაწყის პერიოდში, ეს მეთოდი გამოიყენება ძირითადად მამაკაცის უშვილობის შემთხვევაში;

ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის კი ქალის მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოაქვთ ორგანიზმიდან, სინჯარაში ხდება მისი განაყოფიერება სასურველი სპერმით, 3-5 დღის შემდეგ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს „დააბრუნებენ“ საშვილოსნოში და ქალს დაუნიშნავენ იმპლანტაციის მასტიმულირებელ (ძირითადად პროგესტერონის შემცველ) პრეპარატებს, ეს მეთოდი გამოიყენება ქალის უშვილობის ყველაზე ხშირი პათოლოგიების - საკვერცხეების პოლიკისტოზის და ენდომეტრიოზის - დროს.



არსებობს უშვილობის პრობლემების გადაჭრის სხვა მეთოდებიც, თუმცა მათ შესახებ აქ არ შევჩერდებით.



ხშირად დასმული კითხვები

  • უშვილობაში მხოლოდ ქალია დამნაშავე?

    უშვილობას 60% შემთხვევებში განაპირობებს მხოლოდ ქალის ფერტილობის დაქვეითება, ამის მიზეზი იმალება როგორც გარემო ფაქტორებში, ასევე ქალის ორგანიზმის პათოლოგიებში. თუმცა უშვილობის შემთხვევების დანარჩენი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდება - 20%-ში უშვილობა მხოლოდ მამაკაცის "ბრალეულობაა" , ხოლო 20% - ორივე პარტნიორის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევები.

  • რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ბუნებრივ დაორსულებას?

    პრაქტიკულად ჯანმრთელი, 35 წლამდე ასაკის წყვილი (რომელთაც რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიების სიმპტომატიკა არ აწუხებს, არ ხმარობდა ჰორმონულ კონტრაცეპტივებს და/ან გამოკვლეულია/ნამკურნალევია ბოლო 6 თვის მანძილზე) ბუნებრივი გზით დაორსულებას ელოდება 24 თვის მანძილზე.
    35 წლამდე ასაკის წყვილი, რომელსაც აქვს რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიის სიმპტომატიკა, ხმარობს კონტრაცეპტივებს და/ან ჩატარებული აქვს ქირურგიული ჩარევა რეპროდუქციულ ორგანოებზე, დაუყოვნებლივ წყვეტს კონტრაცეპტივების მიღებას, იტარებს ფერტილობის სტიმულაციას, მიმართავს სპეციალისტს პათოლოგიების სამკურნალოდ და ამის შემდეგ ბუნებრივი გზით დაორსულებას ელოდება 12 თვის მანძილზე.
    35 წელს გადაცილებული წყვილი ბუნებრივი გზით დაორსულებას ელოდება 6 თვის მანძილზე, ამის შემდეგ მიმართავს სპეციალისტს და განიხილავს ფერტილობის სტიმულაციის/ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდების გამოყენების სქემას.

  • რა მექანიზმი განაპირობებს დაორსულების პრობლემას?

    დაორსულების პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს (1) კვერცხუჯრედის განაყოფიერების შეფერხებამ ან (2) განაყოფიერების შემთხვევაში მისი იმპლანტაციის დარღვევამ.
    კვერცხუჯრედის განაყოფიერებას აფერხებს მისი მომწიფების, გამოსროლის (ოვულაციის) დარღვევები, ასევე ფალოპის მილების გაუვალობა, რის შედეგადაც ფერხდება კვერცხუჯრედის გადაადგილება/განაყოფიერება, ასევე სპერმის რაოდენობის შემცირება და სპერმატოზოიდების აქტივობის დაქვეითება, რადგან ამ დროს სპერმატოზოიდი უბრალოდ ვერ აღწევს კვერცხუჯრედამდე.
    თუ განაყოფიერება დაუბრკოლებლად ხდება, დაორსულების პრობლემას ქმნის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ლორწოვანში ჩანერგვის ანუ იმპლანტაციის პროცესის დარღვევა, რადგან მას მხოლოდ 10 დღე შეუძლია დამოუკიდებელი კვება, ამის შემდეგ საკვები ნივთიერებების მოსაპოვებლად საჭიროა დედის ორგანიზმთან ინტეგრაცია, სხვა შემთხვევაში უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი დაიღუპება.
    თუ იმპლანტაციის პროცესი წარმატებით განხორციელდა, ორსულობა უკვე შემდგარად ითვლება, ამის შემდგომ ორსულობის შეწყვეტას უკვე არა დაორსულების პრობლემა, არამედ ორსულობის შენარჩუნების პრობლემა ჰქვია.

  • რომელი საკვების საშუალებით და რა დოზით უნდა მივიღოთ ფერტილობის მასტიმულირებელი ვიტამინები/მინერალები?

    ვიტამინ E-ს წყაროდ გამოდგება: ხორბლის ღივები, სოიოს კარაქი, ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი, მანგო, ისპანახი, პეტრუშკა, ნუში, თხილი, დღიური დოზაა - 24.8-33.1 მგ;
    ვიტამინ K-ს წყაროდ შესაძლოა გამოვიყენოთ ბროკოლი, უმი მწვანილი და ჭინჭარი, დღიური დოზაა - 150-200 მკგ.;
    ფოლიუმის მჟავას შეიცავს სტაფილო, ფორთოხალი, გოგრა, ბანანი, მაგრამ განსაკუთრებით ბევრს - ღორის ღვიძლი, ცხვრის ხორცი, კვერცხის გული, რძე, დღიური დოზაა - 400 მკგ.;
    ვიტამინი C-ს წყაროდ შესაძლოა გამოდგეს პეტრუშკა, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, ციტრუსები, დღიური დოზაა - 100-150 მგ.;
    სელენის საჭირო რაოდენობა ორგანიზმს შესაძლოა მივაწოდოთ ხორცის, განსაკუთრებით ფრინველის ხორცის (ბევრია ინდაურის ხორცში), ცოცხალი თევზის (გაყინულ თევზში სელენი იკარგება) საშუალებით, დღიური დოზაა - 100-150 მკგ.
    თუ საკვების სახით ვერ ხერხდება ვიტამინების მიღება, შესაძლოა ისინი აბების სახით დაინიშნოს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს არ უნდა იყოს პოლივიტამინები, ძალიან ბევრი სახეობის ვიტამინების/მინერალების შემცველი პრეპარატი არათუ არ გამოდგება, არამედ შესაძლოა საზიანოც აღმოჩნდეს თუნდაც იმიტომ, რომ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გააძლიერებს მადას და გამოიწვევს წონაში მატებას.

© 2015 ყველა უფლება დაცულია